სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მსხვერპლი და ზარალი სამომავლოდაც ბევრი იქნება და ამაზე პასუხს არავის მოსთხოვენ"
    ნათია ლომიძე
    12.05.2017

     სტიქიური უბედურებისგან გამოწვეულ ზარალს წელიწადის ამ დროს ყველაზე მეტად გრძნობს ქვეყანა. მოსახლეობას უფრო ხშირად წყალდიდობისგან მიყენებული ზარალის დათვლა და მასთან გამკლავება უწევს. საქართველო ყოველწლიურად სტიქიისგან 300 მლნ დოლარით ზარალდება. ეკოლოგები ამბობენ, რომ ეს მასშტაბები სამომავლოდაც გაიზრდება.

    გუშინ სტიქიას ებრძოდნენ სვანეთში, სადაც სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ხაიშურამ რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა წაიღო. გარე სამყაროს მოწყდა ხაიშის თემის სოფლები ნანყბული, ზედა და ქვედა ვედი, ზედა და ქვედა წვირმინდი.

    მესტიის გამგებლის - კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სოფელ ხაიშიდან 7-კილომეტრიანი საავტომობილო გზა რამდენიმე ადგილასაა წაღებული. წაქცეულია ელექტროენერგიის ბოძები.

    "მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წყალი საკარმიდამო ნაკვეთებში შევიდა. სხვადასხვა სოფელში მეწყერია ჩამოსული. საბედნიეროდ, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია", - განუცხადა "რეგინფოს" მესტიის გამგებელმა.

    ხაიშის თემი მესტიიდან 70 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ხუთივე სოფელში 150-მდე ადამიანი ცხოვრობს.

    ამგვარი ფაქტები ყოველ წელს უამრავია. ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილს სტიქიური მოვლენების გააქტიურების მთავარ მიზეზად შეუსაბამო ადგილებში მასშტაბური პროექტების განხორციელება მიაჩნია. ასეთი ნაბიჯების გადადგმამდე საჭიროა, ჩატარდეს კვლევები და დადგინდეს ის კონკრეტული ადგილები, სადაც შეიძლება მწვანე საფარის განაშენიანება.

    "ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს ისეთ მასშტაბურ პროექტებს, როგორიცაა გზების გაყვანა, ხე-ტყის ჭრა, ასევე ჰესების მასობრივი მშენებლობა, რაც ძალიან მძიმე შედეგების მომტანია. ეს პროექტები ისე ხორციელდება, არანაირი გაანგარიშება არ ხდება იმისა, თუ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას.

    რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, ასეთი რამ საერთოდ არ ტარდება. რეაგირებენ მაშინ, როდესაც ხდება ტრაგედია. მაგალითად, დარიალის ხეობაში მას შემდეგ დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემა, როცა დიდი უბედურება დატრიალდა. იგივე ვნახეთ მდინარე ვერეს ხეობაში. არანაირი განსხვავება არ არის ადრინდელთან შედარებით და ვერეს ხეობა ისევ საშიშროების შემცველია. იქ იმავე ფორმით აღადგინეს გზა და არ შეცვალეს, რომ უსაფრთხო ყოფილიყო.

    ჰესების მშენებლობას სჭირდება დიდი არეალი, რაც კატასტროფების გამოწვევის მთავარი მიზეზი ხდება. ამას გარდა, აუცილებლად უნდა ჩატარდეს კვლევები და დადგინდეს ის კონკრეტული ადგილები, სადაც შეიძლება განაშენიანება ან სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელება. სწორედ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მშენებლობა. თუ ვითარებას არ გამოვასწორებთ, ზარალი და მსხვერპლი სამომავლოდაც ბევრი იქნება და ამაზე პასუხს არავის მოსთხოვენ", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

    კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ სტიქიური უბედურებების გამო საქართველო ყოველწლიურად, საშუალოდ, 300 მლნ დოლარით ზარალდება. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს იქამდე, სანამ მძიმე შედეგის წინაშე აღმოჩნდება. სტიქიური უბედურების მთავარი მიზეზი ტყის ხელყოფაა.

    "ყოველწლიურად ზიანდება ისეთი ტერიტორიები, რომლებიც კერძო საკუთრება არ არის, არც ინფრასტრუქტურის ნაწილია და მის ზარალს არ ანგარიშობენ. 10 წლის წინათ ჩატარდა კვლევა და გაირკვა, რომ წელიწადში, საშუალოდ, 150 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალს იღებდა ქვეყანა სტიქიური უბედურებების შედეგად. მას შემდეგ მოცულობა ნამდვილად გაიზარდა. ახლა წელიწადში, საშუალოდ, 300 მლნ დოლარის ზარალზეა საუბარი.

    აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ორი ძირითადი ასპექტი, რაც დიდწილად გამოასწორებს სიტუაციას. პირველ რიგში, აუცილებელია რესურსებისა და ტყეების სწორი მართვა, რაც დღეს არ ხდება. ჩვენ ტყეს ვაყენებთ ზიანს, არადა, მას ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქცია აკისრია. ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკის პრობლემა. ჩვენ ამოვწურეთ ტყიდან შეშის გამოტანის რესურსი, ახლა ვცდილობთ, მდინარეთა სათავეებისკენ ავიწიოთ და ხელუხლებელ ტყეებში შევიდეთ. ასეთ ადგილებში ძალიან მგრძნობიარეა ეკოსისტემა და დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით.

    მეორე საკითხია, როგორ არის გადანაწილებული ფუნქციები. ბუნებრივი კატასტროფების მართვის მონიტორინგს ახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტო, რესურსების მობილიზაცია ხდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან თვითმმართველობის მხრიდან. ბუნებრივია, ვერც ერთი ორგანო ვერ გასცდება თავისი კომპეტენციის საზღვრებს. ამიტომ ნებისმიერი პრევენციული სამუშაო ხორციელდება ორგანულ ტერიტორიაზე. მიზეზი შეიძლება ცოტა მოშორებით იყოს, იქ ვერავინ მიიღებს ზომებს, რადგან ეს ტერიტორია მათ კომპეტენციაში კი არა, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვაში არსებული სატყეო ფონდია. ეს ის ადგილებია, სადაც მეწყრის კერებია და ყველანაირი სტიქიური უბედურება იქ იღებს სათავეს.

    სატყეო სააგენტოს დებულებაში არ ჩანს, რომ ეს უწყება მონაწილეობდეს ბუნებრივი კატასტროფების მართვაში. მათ არ აქვთ მინიჭებული მსგავსი უფლებამოსილება. შესაბამისად, არავინაა აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელი და დაფინანსებაც არ აქვთ", - განუცხადა "რეზონანსს" გეთიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ თუ ამ პრობლემის მოგვარება სათავიდან არ დაიწყო, კიდევ უფრო მეტ დანაკარგს მივიღებთ.

    "ერთგვარი მოჯადოებული წრე იქმნება. სადაც უნდა მივიღოთ ზომები, კანონი არ იძლევა ჩარევის შესაძლებლობას. გაცილებით იაფი დაჯდებოდა პრევენცია, ვიდრე დამდგარი ზარალის ანაზღაურება. ჩვენ თუ ურბანულ ტერიტორიებზე დღეს ვხარჯავთ 10 მლნ-მდე და შედეგი უმნიშვნელოა, შეგვიძლია დავხარჯოთ ამის ნახევარი თანხა, თუკი იქ დავიწყებთ მუშაობას, სადაც მიზეზია. თუ ამ პრობლემებს არ მივხედეთ, საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების დინამიკა ყოველწლიურად გაიზრდება", - აღნიშნა რეზო გეთიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მოქ.   (12.05.2017)
    რამოდენიმე პრობლემა სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს, 1. შეშის პრობლემა, 2. ქარსაცავი ზოლების გაშენების პრობლემა...შეშის პრობლემის გადაჭრა ძალიან დიდად შეუწყობს ხელს ტყის მასივების შენარჩუნება-გაახალგაზრდავებას. გაგვაჩნია თუ არა რესურსები, გაგვაჩნია, პირველი ეს არის თხილის ნაჭუჭის გამოყენება სათბობად, მას დღესაც იყენებს მოსახლეობა, მაგრამ როგორც ამბობენ ის დიდი ოდენობით გაედინება საზღვარგარეთ, საჭიროა სათანადო მექანიზმებით მისი შეზღუდვა...ამასთანავე თხილის პლანტაციების გამოხშირვისას მიიღება ბიომასა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ბრიგეტების დასამზადებლად, თითო სოფელს სახელმწიფოს ხელშეწყობით უნდა ჰქონდეს თით ბრიგეტების ქარხანა მაინც და შეშის პრობლემა ამით მოგვარდება...მეორე ქარსაფარი ზოლები გაიჩეხა განუკითხაობის პერიოდში, საწიროა ქარსაფარი ზოლების გაშენება, რასაც თავი უნდა მოაბას გარემოს დაცვის სამინისტრომ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან ერთად.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter