სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვასო ურუშაძე: "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიების მეშვეობით ხდება მონოპოლიური სქემის ჩამოყალიბება
    მარი ჩიტაია
    16.05.2017

     ხელოვნური ბარიერების შექმნით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის სფეროში მონოპოლიური სისტემა მოქმედებს. სომხეთის მიმართულებით გადაზიდვის სქემა, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა რგი პუწკპშფ-ს წარმომადგენლებმა გაშიფრეს, ადასტურებს, რომ მთელი ბაზარი 2-3 ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული და იქ სხვა მოთამაშის გამოჩენა გამორიცხულია.

    პლატფორმა რგი პუწკპშფთ-ს აღმასრულებელი დირექტორის - ვასო ურუშაძის ინფორმაციით, ორგანიზაციამ საფუძვლიანად შეისწავლა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მხრივ არსებული ვითარება და დაადასტურა, რომ მონოპოლისტური მდგომარეობით სარგებლობს "ჯი არ ტრანზიტ ლაინი", რომელიც 100 პროცენტით ეკუთვნის "საქართველოს რკინიგზას".

    როგორც ურუშაძე აცხადებს, ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში მონოპოლისტი კომპანიების საქმიანობის გამო "საქართველოს რკინიგზა" და, შესაბამისად, სახელმწიფო კარგავს ძალიან დიდ შემოსავალს და ქვეყანა ზარალდება.

    რეალურად "საქართველოს რკინიგზაზე" შემცირებულიაპ ტვირთი. თუკი ეს მაჩვენებელი 2012 წელს იყო 20 მლნ ტონა, უკვე 2016 წელს 12 მლნ ტონამდე ჩამოვიდა. როგორც ურუშაძე ამბობს, ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი მიემართება არა ეკონომიკის რეალურ სექტორში, არამედ ოფშორულ ზონებში, სადაც ამ თანხის გადაქაჩვა ხდება.

    "წლებია, გვესმის, რომ "საქართველოს რკინიგზა" არის აუღებელი ციხე-სიმაგრე, რომელიც ესტაფეტასავით ხელისუფლებებს გადაეცემა. ჩვენი ორგანიზაციის კვლევამაც აჩვენა, რომ ეს რეალურად ასეა. განსაკუთრებით გაურკვევლობაა ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში, სადაც მონოპოლისტები მთელ ამ ბიზნესს განკარგავენ.

    პირველ ეტაპზე შევისწავლეთ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულება - ბათუმის ტერმინალებიდან ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება სომხეთის მიმართულებით. ჩვენ ვართ სატრანზიტო ქვეყანა და ეს ფაქტორი როგორც სახელმწიფომ, ასევე ბიზნესმაც უნდა გამოიყენოს. მართალია, არ ვართ ნავთობის მწარმოებლები, მაგრამ შეგვიძლია, ეს პროდუქტები შევიძინოთ და გადავზიდოთ სხვა ქვეყნებში, გავხდეთ ერთგვარი ბიზნეს ჰაბი რეგიონში. წესით, ეს საქართველოს ბიუჯეტს სოლიდურ შემოსავლებს მოუტანს, მაგრამ რეალურად ასეთი საქმიანობა რიგი კომპანიების გამოისობით შეუძლებელია.

    ფოთი-ბათუმი-აირუმის (სომხეთი) დერეფანში, ასევე აზერბაიჯანის მიმართულებით ნავთობპროდუქტების ექსპედირებას ახორციელებს კომპანია "ჯი არ ტრანზიტ ლაინი", რომელიც "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიაა. იგი "თავისებური ფილტრია" ამ მარშრუტზე. ბათუმის ნავთობტერმინალიდან სომხეთის მიმართულებით "საქართველოს რკინიგზის" ოფიციალური ტარიფი არის 33 დოლარი 1 ტონა ნავთობპროდუქტზე, მაგრამ ამ ტარიფით, ფაქტობრივად, ვერავინ სარგებლობს და შვილობილი კომპანია ნებისმიერ სხვა მსურველ კომპანიას უწესებს 93 დოლარს, რაც არის 60-დოლარიანი ფასნადები.

    ამ ტარიფის გამო არც ერთ კომპანიას არ უჩნდება გადაზიდვის სურვილი, მაგრამ მხოლოდ "პეტროკას" აძლევენ 45 დოლარს. სხვა რეალურად ვერ შევა ბაზარზე. ვხედავთ, რომ ხელოვნური ბარიერის შექმნით სარგებელს ხედავს ერთი კომპანია და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი გარიგებულია ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან, რომლებიც "საქართველოს რკინიგზას" შესაბამისი ბერკეტების გამოყენების საშუალებას აძლევენ", - განმარტავს ვასო ურუშაძე.

    სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა ძირითადად ხდება ფოთისა და ბათუმის პორტების ტერმინალებიდან. როგორც ურუშაძემ "ბიზნეს-რეზონანსს" განუმარტა, ფოთში არსებული ტერმინალი (კომპანია "ჩანელ ენერჯი") ეკუთვნის კომპანია "პეტროკას ენერჯის", რომლის 49 პროცენტს აკონტროლებს "როსნეფტი" და რუსი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი. კომპანიის ტოპ მენეჯერებს შორის ასევე არიან ბიზნესმენები: ალექსანდრე ჯაფარიძე და ვანო ნაკაიძე, რომლის უკანაც მოიაზრებიან ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი და ექსდეპუტატი გოგი ლიპარტელიანი. "პეტროკას ენერჯის", გარდა ტერმინალისა, ასევე ეკუთვნის კომპანია, რომელიც ეწევა ტვირთის გადაზიდვას (კომპანიები "ტერსო" და "ვილიტო") და კომპანია "სან პეტროლიუმ ჯორჯია", რომელსაც ეკუთვნის ავტოგასამართი სადგურების ქსელი "გალფი". კომპანია "ჩანელ ენერჯი" საკუთარი ტერმინალის მეშვეობით ფოთიდან ეწევა სხვადასხვა ტიპის ნავთობპროდუქტების გადაზიდვას.

    როგორც ვასო ურუშაძე აღნიშნავს, კვლევის მიზანი იყო პრობლემის იდენტიფიცირება, რათა ეცნობოს საზოგადოებას და პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის ხელისუფლების წევრებს, არსებული რეალობის შესახებ. ასევე გაიცეს რეკომენდაციები, რომ გადაიჭრას პრობლემა, ყოველგვარი ხელოვნური ბარიერები კი ერთხელ და საბოლოოდ გაუქმდეს და მონოპოლიური სისტემით მუშაობა დასრულდეს, თუკი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება გვინდა.

    "კვლევის პროცესში ჩვენი ორგანიზაცია წააწყდა ისეთ პრობლემას, რომელიც უკავშირდება ხელოვნურ ბარიერს "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიების შექმნით, რისი მეშვეობითაც ხდება მონოპოლიური სქემების ჩამოყალიბება.

    როგორც წესი, ნებისმიერმა სატრეიდერო კომპანიამ, გადამზიდავმა ორგანიზაციამ უნდა მიმართოს "საქართველოს რკინიგზას" კონკრეტული ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით და მან უნდა უზრუნველყოს იგი. თუმცა აღმოჩნდა, რომ "საქართველოს რკინიგზა", ვინც უნდა მიმართოს, ამისამართებს შვილობილ კომპანიასთან, რომელსაც არც ვებ-გვერდი გააჩნია. ცნობილია მხოლოდ კომპანიის დირექტორის სახელი და გვარი და ტელეფონის ნომერი. ის იღებს პასუხისმგებლობას, ვისი ტვირთის ტრანსპორტირება მოახდინოს და ვისი - დაბლოკოს.

    კვლევის შედეგით საკმაოდ სერიოზული მესიჯი გავუგზავნეთ ხელისუფლებას და მოვუწოდეთ, გადაჭრას ეს პრობლემა. გვაქვს ფორმულა, როგორ მოხდეს ეს, მაგრამ მისი განხორციელებისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო. საქართველომ მიაღწია განვითარების იმ დონეს, რომ არ იყოს კორუფცია, მაგრამ "საქართველოს რკინიგზაში" ვერაფრით მოხერხდა გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბება", - აცხადებს ურუშაძე.

    იმის გამო, რომ რიგ კომპანიებს სარკინიგზო გადაზიდვაში მონაწილეობის საშუალება არ აქვთ, რკინიგზის გვერდის ავლით იყენებენ საავტომობილო გადაზიდვას, რის გამოც საავტომობილო ცისტერნებით ხდება ევროპული საწვავის ტრანსპორტირება სომხეთის მიმართულებით. შესაბამისად, "საქართველოს რკინიგზა" კარგავს ტვირთს, შემოსავალს, ზიანდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ასევე ეკლოლოგიურადაც ქმნის პრობლემას.

    "ამდენად, ხელოვნური ბარიერების შექმნის გზით საქმე გვაქვს მონოპოლიურ სისტემასთან", - აცხადებს ვასო ურუშაძე და დასძენს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პლატფორმა რგი პუწკპშფ-სთვის უცნობია "საქართველოს რკინიგზის" პოზიცია, რომელიც ჯერ კიდევ დუმს.

    დიდი მცდელობის მიუხედავად, დუმილის დარღვევა "საქართველოს რკინიგზამ" არც მედიასთან ისურვა. "ბიზნეს-რეზონანსის" კითხვები, მათ შორის, სარგებლობენ თუ არა აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადამზიდავები "საქართველოს რკინიგზისგან" სპეციალური შეღავათიანი ტარიფით, პასუხგაუცემელი დარჩა. სატელეფონო ზარებმა და არაერთგზის მიმართვამ შედეგი ვერ გამოიღო.

    მომავალში თუკი ამ უწყების წარმომადგენლები საკუთარი პოზიციის გამოხატვას ისურვებენ, "ბიზნეს-რეზონანსი" მზად არის, კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს სატრანზიტო გადაზიდვის მნიშვნელოვან თემას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    თემო   (17.05.2017)
    რაღაც არასწორი ტარიფებია, მე ვეზიდები პერიოდულად ნავთობპროდუქტს გარდაბანი-ბათუმის მიმართულებით, ტარიფი საქართველოს რკინგზაზე 25 დოლარზე მეტი არა მაქვს, შემიკვეთეთ ჩამოგიტანთ!!!

    David   (16.05.2017)
    მონოპოლიები, მონოპოლიები, მონოპოლიები... მონოპოლიებმა შეჭამეს ქვეყნის ეკონომიკა! რა ცუდია ბიძინა ივანიშვილს რომ აღარ აქვს გავლენა მთავრობაზე, თორემ ამას ხომ არ დაუშვებდა?!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter