სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ვინც სესხი ლარში გადაიტანა, ალბათ ნანობს ახლა, რადგან ეროვნული ვალუტა მოსალოდნელზე მეტად გამყარდა"
    მარი ჩიტაია
    16.05.2017

     სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეებს იმედი გაუცრუვდათ. ეროვნული ვალუტის დღევანდელი კურსიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მსესხებლებს თვალსა და ხელს შუა გაუქრათ ის შეღავათი, რისთვისაც მათ გალარების პროექტში ჩართვა გადაწყვიტეს. სულ მალე კი ისინი დაზარალების საფრთხის წინაშე დადგებიან, რადგან ფინანსისტთა ვარაუდით, ლარის გამყარება სამომავლოდაც გაგრძელდება. გამოდის, რომ ლარიზაციის პროექტით ისარგებლეს მხოლოდ ბანკებმა, რომლებმაც მთავრობისგან უფასო რესურსი მიიღეს.

    17 იანვრის მდგომარეობით, როცა ლარიზაციის პროგრამა დაიწყო, ლარის კურსი 2,65-2,70-ის ფარგლებში მერყეობდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ცოტათი გამყარდა და პროექტის დასასრულისთვის 2,50 ლარის ფარგლებში დაბალანსდა. მთავრობამ 65 მილიონი ლარი გამოყო მოქალაქეთა ნაწილის მიერ დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაციის დროს 20-პუნქტიანი სხვაობის დასაფარად. ვინც ლარში გადაიტანა სესხი 2,60-2,65-ის პირობებში, მას დაუდგინდა კურსი 2,40-2,45.

    მას შემდეგ ლარმა გამყარება გააგრძელა და ახლა სწორედ იმ საშეღავათო ნიშნულის დონეზეა. გალარების მსურველთა უმეტესობამ დოლარში აღებული კრედიტები ეროვნულ ვალუტაში, ძირითადად 2,40-ის ფარგლებში გადაიტანა. ლარიზაციის სპეციალური პროგრამა სულ რაღაც 2 თვეა დასრულდა და უკვე გამოჩნდა, რომ ხალხმა ვერავითარი შეღავათი ვერ მიიღო.

    თუ გავითვალისწინებთ, რომ ფინანსისტები ლარის გამყარებას შემდგომ პერიოდშიც ვარაუდობენ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამაში მონაწილე მსესხებლებმა შეიძლება იზარალონ კიდეც. გამოდის, რომ მთავრობამ ფული გადაყარა ჰაერში, რადგან რა მაჩვენებელზეც ხალხს დაუდგინეს სესხების გალარების კურსი, რეალურად იმ მაჩვენებელზეა დღეს.

    საბანკო სფეროს სპეციალისტების უმეტესობა ფიქრობს, რომ მსესხებლები არჩევანში შეცდნენ და შესაძლოა, ნანობენ კიდეც, რადგან მათ რეალურად ვერ მიიღეს სარგებელი, რისთვისაც პროგრამა შეიქმნა. ექსპერტ გოჩა თუთბერიძის შეფასებით, თვითონ ლარიზაციის პროექტი იყო არაგონივრული, რასაც მთავრობა მალევე მიხვდა, მაგრამ უკან არ დაიხია.

    "პროექტში ვინც მონაწილეობდა, მალე გარკვეული ზარალის წინაშე დადგება. ვფიქრობ, ნანობენ არჩევანს, ეს თავისთავად ცხადია. მეორე მხრივ, ეროვნული ვალუტის მიმართაც მთლად ოპტიმისტურადაც ნუ განვეწყობით. რა ვიცით, ახლო მომავალში რა მოგველის. გაცვლითი კურსის ფორმირება დამოკიდებულია მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე, ცხადია, გარე კონიუნქტურაზეც და ა.შ. ჩვენი საექსპორტო პოტენციალიც ჯერ კიდევ არ არის მყარად განსაზღვრული, რომ ძალიან ოპტიმისტები ვიყოთ ლარის გამყარებასთან დაკავშირებით.

    გალარების პროგრამა იყო ყველაზე არაგონივრული, რომელიც არავის არაფერში სჭირდებოდა. მიხვდნენ თვითონაც, მაგრამ უკვე დეკლარირებული ჰქონდათ და უკან არ დაიხიეს. სიმართლე გითხრათ, არაფრის მომტანი გადაწყვეტილება მიიღეს. ჩემი დამოკიდებულება თავიდანვე უარყოფითი იყო", - ამბობს გოჩა თუთბერიძე და დასძენს, რომ პროექტი უფრო პოპულისტურ იდეას ემსახურებოდა, ვიდრე საქმის კეთებას.

    "ლარიზაციის პროექტით საბანკო სექტორს უწყობდნენ ხელს, მის სიმყარეს და ამიტომ მოიწონა სავალუტო ფონდმაც. პროექტი კომერციული ბანკების სტაბილურობას განსაზღვრავდა და არა სხვა მიზნებს, რისთვისაც იყო დეკლარირებული. მთავრობისთვის ეს იყო წმინდა საბიუჯეტო ხარჯი, თითოეული ჩვენგანის ფული, რომელიც რეალურად საბანკო სექტორს მოახმარეს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თუთბერიძემ.

    აბსოლუტურად მსგავსი მოსაზრებისაა "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, რომლის თქმითაც, ლარიზაცია აბსურდული წამოწყება იყო და ამ პროექტს კურსის გამყარებაზე გავლენა არ მოუხდენია.

    "დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, სინამდვილეში რა კატეგორიის მსესხებლებმა გადაიტანეს სესხები. ალბათ უფრო ისინი აქტიურობდნენ, ვისაც სესხის გასასტუმრებლად ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი. ისინი, ვინც გრძელვადიანი სესხებით სარგებლობდნენ, ალბათ თავს შეიკავებდნენ.

     შეფასება, წააგეს თუ არა მსესხებლებმა, ცოტა არ იყოს, მიჭირს, რადგან ლარის კურსის პროგნოზირება შეუძლებელია და არ ვიცით, რა ელის მას. ფაქტია, რომ გალარება აბსურდული წამოწყება იყო და ის ადამიანების უმრავლესობამ არ გამოიყენა. ვინც ისარგებლა, ალბათ ნანობს ახლა, რადგან ლარი გამყარდა და შეიძლება ახლა მათ უფრო ძვირი უჯდებათ იმ ვალდებულებების მომსახურება, ვიდრე დაუჯდებოდათ, რომ არ გაელარებინათ. მომხმარებლებმა, რომლებიც ჩაერთვნენ ამ პროექტში, შესაძლოა, ჩათვალეს, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება ხელსაყრელი იყო. ძნელია თქმა, რატომ მიიღეს ასეთი არჩევანი", - ამბობს თუთბერიძე და დასძენს, რომ ლარიზაციის პროგრამის დამტკიცებით მთავრობამ ჰაერში გაისროლა ფული საბანკო სექტორის სასარგებლოდ.

    "საბოლოო ჯამში, აშკარაა, რომ ბანკებმა იხეირეს, ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა. სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული დახმარება, სუბსიდირება მიიღეს.

    კურსის დინამიკის პროგნოზირება, ვფიქრობ, შეუძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით ასე თუ ისე უჭირავთ. მიხვდნენ, არ იყო ამდენი სპეკულაცია საჭირო და შეაჩერეს. დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ ლარიზაცია იყო შეგნებული პოლიტიკის ნაწილი. შეიძლება ვერ ხვდებოდნენ, რა შედეგი დადგებოდა, მაგრამ შემთხვევითიც არ ყოფილა.

    ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ მთავრობამ ფული გადაყარა. ჯერ გააუფასურეს ლარი, მერე გაამყარეს და თანხის გარკვეული რაოდენობა ჰაერში გაისროლეს. აი, ეს მოხდა სინამდვილეში", - განმარტავს პაატა შეშელიძე.

    შეგახსენებთ, რომ გალარების სოციალური პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი პროგრამაა, 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და 17 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.

    გალარების პროგრამით 2 თვეში 5092-მა მსესხებელმა (სრული რაოდენობის 19%) ისარგებლა. პროგრამის დაწყებამდე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებდა, რომ გალარების პროგრამა დაახლოებით 27 000 ფიზიკურ პირს შეეხებოდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter