სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მცხეთის მუნიციპალიტეტში 3-4 ახალი სოფლის შექმნა იგეგმება უცხოელთა კომპაქტური ჩასახლებით
    მარი ჩიტაია
    17.05.2017

     ქართულ მიწებს უცხოელი მოქალაქეები ყიდულობენ. ეს ხდება სასოფლო-სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლით და აბსოლუტურად ყველგან, სადაც მიწის ყიდვა შესაძლებელია. 2011-12 წლებში, სახელმწიფოს დაუდევრობითა და ქართველი ბიზნესმენების ხელშეწყობითაც, უცხოელ მოქალაქეებზე 29 620 ჰა მიწა გაიყიდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთაში შესაძლოა, 3-4 ახალი სოფელი გაშენდეს, რომლებიც უცხოელი მოქალაქეებით იქნება დასახლებული. ეს არ არის გამონაკლისი. მსგავსი საფრთხე დიდია სამეგრელოში, გურიასა და კახეთის რამდენიმე სოფელში, სადაც ქართულ მიწებს ინდოელები, ირანელები, ბურები, თურქი და ჩინელი მოქალაქეები ეუფლებიან. მსგავსი პრობლემის წინაშე ახლახან თბილისის ახლომდებარე სოფელი კუმისი აღმოჩნდა, რომლის მცხოვრებლებმა უცხოელზე მიწის მიყიდვის ფაქტი გააპროტესტეს.

    როგორც "რეზონანსს" სასოფლო-სამეურნეო სფეროს სპეციალისტმა ანზორ მესხიშვილმა აცნობა, გაზრდილია იმ მიწის მოცულობა, რომელიც სხვადსახვა წელს უცხოელ მოქალაქეებზე გაიყიდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

    "არაოფიციალური მორატორიუმი არსებობს, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო მიწას უცვლიან სტატუსს და ისე ყიდიან უცხოელ მოქალაქეებზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველებიც კი ვერ ყიდულობენ ასეთ მიწებს, ამ მხრივ შეზღუდვები არის. რამდენიმე წლის წინ ეს ადვილად იყო შესაძლებელი. მცხეთის რაიონში ერთ-ერთმა ირანელმა იყიდა მიწა, რომელსაც ახლა პატარ-პატარა ნაწილებად ყოფს და თავისი თანამოქალაქეები ჩამოჰყავს.

    არ არის გამორიცხული, მცხეთის მუნიციპალიტეტში 3-4 ახალი სოფელი შეიქმნას უცხოელების მიერ. 2011-12 წლებში, როცა გაყიდვა დაუშვეს, 29 620 ჰა მიწა გაყიდეს უცხოელ მოქალაქეებზე. ესენი არიან ინდოელები, ჩინელები, არგენტინელები, ბურები, თურქები და ირანელები.

    მიწებს ყიდულობდნენ როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშიც, ყველაზე მეტად - კახეთში, გურია-სამეგრელოში. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 0,01%-ია უცხოელ მოქალაქებზე გაყიდული, მაგრამ ეს აშკარად არასწორია", - აცხადებს მესხიშვილი და იხსენებს ქართული სოფლების ცხოვრებიდან რამდენიმე ისეთ ფაქტს, რომლებმაც შემდეგში საქართველოს ისტორია შეცვალა.

    "ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვა საშიში ტენდენციაა. ეს შეცდომა ჩვენმა წინაპრებმაც დაუშვეს თავის დროზე და დღეს არ უნდა ვიმეორებდეთ. ცნობილი ფაქტია, რომ წარსულში მაჩაბელმა ჩამოიყვანა რამდენიმე ოჯახი პირუტყვის მოსავლელად და ეს პროცესი დიდი ხნის შემდეგ დასრულდა იმით, რომ ამ ტერიტორიიდან ქართველები გამოყარეს. ლაგოდეხში ვაჩნაძემ ჩამოიყვანა ორი ოჯახი პირუტყვის სამწყემსად და ახლა კაბალი ყველაზე დიდი სოფელია, რომელიც აზერბაიჯანელებით არის დასახლებული. სიდიდით მარტყოფი ყველაზე დიდი სოფელი იყო და ახლა მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზეა კაბალი, მეორეზე - იორნმუღანლო.

    საშიშროება ქართული სოფლებისთვის აშკარად დიდია. გაერო-ს კვლევებში გაცხადდა კიდეც, რომ 2050 წელს ქართველები საქართველოში ეროვნულ უმცირესობაში აღმოვჩნდებით და ეს საფრთხე არის რეალური", - აცხადებს ანზორ მესხიშვილი.

    საშიშროება, ცხადია, გაცნობიერებული აქვს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელმაც სულ ახლახან ე.წ. არაბული სოფლის მშენებლობა გააპროტესტა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" ადგილობრივები აცხადებენ, ის მიწები, რომლებიც ადრე არაბებს სახნავ-სათესად ჰქონდათ შეძენილი, ახლა ინდივიდუალურად 500-500 კვადრატულ მეტრად დაიყო და სავარაუდოდ, სახლების ჩადგმა იგეგმება.

    კუმისში აქციაზე ჩავიდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული და მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი.

    "ჩვენ ვართ თქვენ გვერდით და შანსი არ არის, ვინმე მოვიდეს და აქ უნებართვოდ სახლები ჩადგას. ეს მიწები 2008 წელს იყიდეს ერთმა ქართველმა და ერთმა არაბმა ბიზნესმენმა, რომელიც ასევე არის საქართველოს მოქალაქე. შემდეგ გაასხვისეს. ყიდვაც სწორად შედგა და გაყიდვის პროცესიც არაკანონიერი იყო. ჩვენც ახლა კანონიერად უნდა შევძლოთ, შევზღუდოთ ამ მიწის ნაკვეთში სახლების ჩადგმა.

    გპირდებით, გავერკვევით სიტუაციაში უახლოეს დღეებში და დეტალურად გაგაგებინებთ ყველაფერს. კანონი კანონია, მაგრამ ხალხის ნებაც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ არც კანონს დავარღვევთ და არც თქვენ დაგაზარალებთ", - განუცხადა სოფელ კუმისში შეკრებილ მოსახლეობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა.

    მოგვიანებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ირაკლი ჭელიძემ "რეზონანსს" აცნობა, რომ ეროვნებით არაბმა ბიზნესმენმა საქართველოს მოქალაქეობა 7 წლის წინ მიიღო და დღეს იგი კუმისში, სავარაუდოდ, თანამოქალაქეების ჩამოყვანას გეგმავს. ამისთვის როგორც წესი, სახნავ-სათესი მიწის სტატუსი უნდა შეიცვალოს. ჭელიძის თქმით კი, მსგავსი მოთხოვნით გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის ჯერ არ მიუმართავთ.

    "მოსახლეობა მიწის უცხოელზე გასხვისების წინააღმდეგია და ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით. მაქსიმალურად ვცდილობთ მათი ინტერესების დაცვას, რაც არ არის ადვილი. კერძო საკუთრებაა, ჩარევა გაგვიჭირდება. არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს.

    რამე სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამართვა აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით წარმოუდგენელია. ამისთვის, ელემენტარულად, მიწის სტატუსი უნდა შეიცვალოს და მშენებლობის ნებართვა გაიცეს. მსგავსი მოთხოვნით ჩვენთვის ამ დროისთვის არავის მოუმართავს. სხვა სოფლებში მსგავსი შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავდგეთ ხალხის გვერდით და მათი ინტერესები დავიცვათ", - აცხადებს ჭელიძე.

    კუმისელების განცხადებით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არაბებზე გაყიდული სოფლის მიწები ადგილობრივებს არ დაუბრუნდებათ, ისინი საყოველთაო გამოსვლებს არ შეწყვეტენ.

    აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ პრობლემას სოფელ დიცში მოსახლეობა 2012 წლის დეკემბერში წააწყდა, როცა 140 ჰექტარი მიწა ინდოელ ფერმერებზე გაასხვისეს. მიწა მათ შპს "მადლისგან" იყიდეს, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მათი შემოსვლა გააპროტესტა და ინდოელ ფერმერებს საკუთრებაში არსებულ მიწაზე ვაშლის ნერგების დარგვის უფლება არ მისცეს.

    როგორც ვიცით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაცია 2012 წლის ნოემბრიდან შეჩერდა. თუმცა, მანამდე, 2011 წელს, ეკონომიკის სამინისიტროს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით გასხვისებულმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებმა, ჯამში, 6815,2004 ჰექტარი შეადგინა. 2012 წელს სამინისტროსა და სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით 6647,2801 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გასხვისდა. აქედან რამდენი შეადგინა უცხოელ მოქალაქეებზე გაყიდული მიწების მოცულობამ, უცნობია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    კოლია   (19.05.2017)
    უცხოელებზე მიყიდული 30 ათასი ჰექტარი არის 300 მილიონი კვადრატული მეტრი. ერთი კვადრატული მეტრი რომ გაეყიდათ მხოლოდ 10 დოლარად, მიიღებდნენ 3 მილიარდ დოლარს! ვის ჯიბეებში დაილექა ეს ფული? ეს უკვე ბღუჯა–ბღუჯა კი არა მეშოკები გამოდის. სასწრაფოდ შევატყობინოთ ეს ამბავი ბ–ნ ბიძინას და მოვთხოვოთ პასუხი აგებინოს თავის მოყვანილ მთავრობას.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter