სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "საქართველოში საკმარისი ხე-ტყეა, მაგრამ ამას ლიცენზიანტები გაგვინახევრებენ ისე, რომ ჩვენთვის არაფერი დაგვრჩება"
    ნათია ლომიძე
    19.05.2017

     უახლოეს მომავალში საქართველოს ხე-ტყის რესურსის დეფიციტი ემუქრება. ამის მიზეზი უცხოურ კომპანიებზე გაცემული მრავალწლიანი ლიცენზიებია. როგორც წესი, მოპოვების პროცესს და სალიცენზიო პირობებს არავინ აკონტროლებს. ამ დროს ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში დაბანდებული 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ქვეყანას 50 მილიონი დოლარის ზიანს აყენებს, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ.

    "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ბუნებრივი რესურსების გარეშე დარჩება, რაც სოციალურ აჯანყებას ჩაუყრის საფუძველს.

    "რეზონანსი": უნდა გაიცეს თუ არა ხე-ტყის მოპოვების მრავალწლიანი ლიცენზიები უცხოელებზე? რა ზიანს მოუტანს ქვეყანას მსგავსი ინვესტიციები?

    თემურ ვეკუა: მოგეხსენებათ, ბუნებრივი რესურსების, ტყეების მოხმარების ლიცენზიების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელებზეა გაცემული. ეს ნიშნავს, რომ თუ ცოტა რამ გაგვაჩნდა, ისიც უცხოელებს მივეცით. გვიხარია, ინვესტიცია თუ შემოვა, მაგრამ მოვა რომელიმე კომპანია, ჩადებს 5 მილიონ დოლარს, წაიღებს 25 მლნ დოლარის მოგებას და 50 მილიონი დოლარის ზიანს მიაყენებს ჩვენს ბუნებას. როგორ შეიძლება, მაგალითად, ჩინეთს მისცე ჩვენს ქვეყანაში რაიმეს მოპოვების უფლება? ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი, რაც ღირებული და მნიშვნელოვანი გვაქვს, მათ ხელში გადავა.

    ცხადია, ე.წ. უცხოელი ინვესტორები ამას ექსპლოატაციას უწევენ და ხე-ტყე გააქვთ საქართველოდან. ამ დროს კი არანაირი მოგება არ გვაქვს. ჩვენ უნდა შევქმნათ პროდუქცია და გავიტანოთ ექსპორტზე და არა ვყიდოთ ნედლეული, რაც ჩამორჩენილი ქვეყნების ხვედრია.

    "რ": რა ზომები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ სავალალო შედეგი თავიდან აიცილოს?

    თ.ვ: მთავრობაში საკმაოდ კვალიფიციური კადრები გვყავს და მათ შესანიშნავად იციან, რა ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას მსგავსი "ინვესტიციები". საერთოდ, რა ინვესტიციაა სასტუმროს აშენება, არ მესმის. ინვესტიცია ნიშნავს ტექნოლოგიურ გარღვევას, პროდუქციის შექმნას და საერთო საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

    ჩვენ ნამდვილად აცდენილები ვართ თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებს. ბუნებრივი რესურსები შეიძლება ქვეყნისთვის მომგებიანი იყოს, თუ გამოვიყენებთ ქვეყნის შიგნით თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ერთად ან ჩვენვე გავყიდით. ახლა კი ამ ყველაფერს სხვები დაეპატრონნენ, თანაც 15-25 წლით.

    "რ": როგორ ფიქრობთ, რა შედეგი მოჰყვება სამომავლოდ უცხოელებზე ბუნებრივი რესურსების გაცემას?

    თ.ვ: ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს აფრიკისა და აზიის ქვეყნების სახით. საიდანაც ყველაფერი გაიტანეს. შემდეგ მოხდა ნაციონალიზაცია და აჯანყება. არც ჩვენ ვართ გამონაკლისები და თუ ასე გაგრძელდა, პოლიტიკურ მღელვარებას უნდა ველოდოთ. როდესაც ქვეყანას აღარ შერჩება არავითარი რესურსი, მოსახლეობა აჯანყდება. თუ ასე გაგრძელდა, ცუდ შედეგს ძალიან მალე ვიხილავთ. 10 ადამიანიდან 8 ხელისუფლებით უკმაყოფილოა და არ შეიძლება, კიდევ უფრო გავამწვავოთ სიტუაცია.

    "რ": საქართველოს ხე-ტყის რესურსის დეფიციტი ემუქრება თუ არა?

    თ.ვ: ჩვენს ქვეყანას იმდენი ხე-ტყე აქვს, რამდენიც ავსტრიას. ავსტრია ამზადებს 4 მლნ კბ/მ ხის მასალას, ჩვენ - 1,5 მლნ-ს. აქედან 1 მლნ-ს ვიპარავთ და ნახევარი მილიონია კანონიერი. მოპოვებისა და მოხმარების კულტურა არ გვაქვს. ჩვენ თუ სწორად გავანაწილებთ შეშას და სამასალე მერქნის მოპოვებას, ასეთი არეულობა არ იქნება. საქართველოში საკმარისი ხე-ტყეა, მაგრამ ამას ე.წ. ლიცენზიანტები გაგვინახევრებენ ისე, რომ ჩვენთვის არაფერი დაგვრჩება. აუცილებლად შეგვექმნება დეფიციტი და ამ საფრთხის წინაშე უკვე ვართ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    jaba   (20.05.2017)
    rusebs tavi gaanebe, turkebi hinelebi arabebi da indoelebi wagvlekaven. ise gagvixdeba sakme am gamyidvel mtavrobis xelsi rom ise rusebs vtxovt daxmarebas. ise dro kidev gvakvs.

    xxx   (19.05.2017)
    ვინმე ფიქრობს, რატომ ჩვენი ქართველი ფულიანები, ქართველი ხალხი, უფრო მეტი მონდომებით არ დებენ ფულს საქართველოს ეკონომიკაში, არ მითხრათ ეხლა უფლებას არ მისცემდნენო, გეკითხებით რატომ დავუთმეთ ტაქსების ბიზნესი იანდექსს და რუსულ კომპანიებს, რატომ ვერ მოვაბით ჩვენ ამას თავი, ავიღოთ ანაკლიის პორტი, ჩვენებს მილიარდები აქვთ და ვეძებთ ინვესტორებს სხვაგან, რატომ არ არის განვითარებული აქციონირება, იყიდება თუ არა ანაკლიის პორტის აქციები, რომ ხალხიც ჩაერთოს ამ დიდ საშვილიშვილო საქმეებში,ასე იყო ალბათ ეს ხე -ტყეც...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter