სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "გათვალისწინებული იქნება მძღოლის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა, იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი..."
    თეო გუდავაძე
    03.08.2017

     ტაქსისტების ლიცენზირებაზე ახალი არაფერი ისმის და ამ სფეროს ისევ არავინ აქცევს ყურადღებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მგზავრთა სატრანსპორტო კერძო გადაზიდვის სფერო არ რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს, რომელიც ტაქსის ტრაფარეტს შეიძენს, ამ საქმიანობის დაწყება შეუძლია ყოველგვარი სალიცენზიო გადასახადისა და დაბეგვრის გარეშე. როგორც ჩანს, არათუ 2017 წელს, არამედ 2018 წელსაც სატაქსო ბიზნესში ახალი სისტემის ამოქმედება არ იგეგმება.

    დღეს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მანქანა ჰყავს, შეუძლია, ტაქსის ნიშანი შეიძინოს და კლიენტებს მოემსახუროს. არავინ ამოწმებს არც მანქანების გამართულობას და არც მძღოლების ფსიქიკურ მდგომარეობას, რაც, საბოლოო ჯამში, უსაფრთხოების ნორმებს არღვევს.

    ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც მერიასთან ერთად ტაქსების რეგულაციაზე მუშაობს. იგი ამბობს, რომ უამრავი მოსაგვარებელი საკითხია და მათი ნაწილი მომავალშიც გადაუჭრელი დარჩება.

    "ეს საკითხი, უკვე წლებია, განხილვის თემაა, თუმცა ჯერ აღსრულება არც დაწყებულა და, რასაკვირველია, არც ხელშესახები სიახლე გვაქვს. ამ ეტაპზე ეს მაინც არ არის დედაქალაქის პირველი პრობლემა, მანამდე უამრავი რამ არის მოსაგვარებელი. ტექნიკური დათვალიერება უნდა გაიაროს ყველა მძღოლმა, ტაქსიც მწყობრში უნდა იყოს და ჩვეულებრივი ავტომობილიც.

    რაც შეეხება ჯანმრთელობის ცნობას, რომელიც ლიცენზირების გეგმაში შედის და ითხოვენ, მისი მიღება ნებისმიერ კლინიკაში შეგიძლიათ 20-25 ლარად და არაფრის მომცემია. აქ არის კიდევ ერთი საკითხი. საუბარი მიმდინარეობს მხოლოდ დედაქალაქში მოძრავი ტაქსების ლიცენზირებაზე. შესაბამისად, ეს რეგულაცია თბილისის ტაქსებს შეეხება, მაგრამ ვინ გააკონტროლებს გორიდან, ბათუმიდან შემოსულ ტაქსებს? სხვა ქალაქებში ხომ არც კი მიმდინარეობს საუბარი რეგულაციაზე.

    აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლიცენზირების შემდეგ ტაქსის მომსახურების ფასი მეტწილად გაიზრდება. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ასე არ იქნება. ლოგიკურია - მძღოლს მოემატება გადასახადი და აუცილებლად გაზრდის მომსახურების ტარიფს. 4 ლარი 6 ლარად გადაიქცევა, ამისთვის კი მოსახლეობა მზად არ არის.

    მოკლედ, ჯერჯერობით ეს რეფორმა მოუმზადებელია. პირველ ეტაპზე აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობა და მისი კიდევ უფრო განვითარება. მოგეხსენებათ, ახლა რაც ხდება ყვითელ მიკროავტობუსებში, თითქმის არასდროს არის დასაჯდომი ადგილი," - განუცხადა "რეზონანსს" დავით მესხიშვილმა.

    ტაქსების უმეტესობა 15-20 წლის ავტომობილია, რომლებიც გაუმართავ მდგომარეობაშია. დღეს ყველანაირ მოძრავ სატრანსპორტო საშაულებას აქვს "ტაქსაობის" უფლება. რეფორმის შემდეგ გაუმართავი ავტომობილით მგზავრთა გადაყვანა აიკრძალება, შესაბამისად, "ტაქსისტებს" მოუწევთ დამატებითი ხარჯის გაღება მანქანის წესრიგში მოსაყვანად ან ახალი ავტომობილის შესაძენად. ეს ფასს გაზრდის, მოსახლეობას კი უფრო შეეზღუდება ტაქსების მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა.

    თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მირიან ლებანიძე ამბობს, რომ ტაქსების ლიცენზირების საკითხი ჯერ ისევ მოუგვარებელია.

    "ჯერჯერობით სამუშაო დოკუმენტებიც კი არ არის შექმნილი. თუ გაკეთდება, უნდა მოხდეს მარტივი ლიცენზირება, რათა მძღოლებს არ გაუჭირდეთ პროცედურის გავლა და შემდგომ მომსახურების ფასზე არ აისახოს ეს ყველაფერი. მძღოლის კისერზე არ უნდა გადაიაროს რეგულაციამ და მისი შემოსავლის შემცირება არ უნდა იყოს საბოლოო შედეგი. ბიუროკრატიული მიდგომა არ იქნება გამართლებული.

    სამუშაო დოკუმენტში მთავარი აქცენტი კეთდება მგზავრის უსაფრთხოებაზე, გათვლისწინებული იქნება მძღოლის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე, ავტომანქანის გამართულობა. ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი, თუმცა ამ ყველაფრის ერთბაშად შემოღება ძნელია, ჯერჯერობით კი ამდენი ასპექტის გათვალისწინება და ორგანიზება ვერ მოხერხდება. ყველაფერს დაკვირვება სჭირდება, რათა ამან შედეგი გამოიღოს და აღმოიფხვრას ის პრობლემები, რის გამოც რეფორმაზე საუბარი დაიწყო," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მირიან ლებანიძემ.

    სატაქსო ბიზნესის ახალი რეგულაციისა და ლიცენზირების შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს იყო ცნობილი, თუმცა ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია.

    "ტაქსის მძღოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ტაბლო - ვინ ემსახურება მგზავრს, მძღოლის მონაცემები და საკონტაქტო ტელეფონი. თუ მძღოლი ტაქსების კომპანიას წარმოადგენს, მას უნდა ჰქონდეს ამ კომპანიის მონაცემები და მძღოლის ბარათი. ვფიქრობ, მომავალი წლიდან ჩვენ ამ მიმართულებით უფრო კონკრეტულ მოქმედებაზე გადავალთ," - აცხადებს თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე.

    როგორც ჩანს, ჯერჯერობით ტაქსების ლიცენზირების საკითხი ისევ მოუგვარებელი რჩება. ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ ახალი წესები არათუ 2017 წელს, არამედ 2018 წელსაც ვერ ამოქმედდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter