სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სავალუტო ბაზარზე ქაოსის ნიშნებია, ეროვნული ბანკი და მთავრობა განმარტებასაც კი არ აკეთებენ
    ნათია ლომიძე
    06.09.2017

     ლარი ბოლო დღეების განმავალობაში უკვე 4,5 პროცენტით გაუფასურდა. სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ალოგიკურია და უკვე ქაოსის ნიშნებსაც ატარებს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ასეთი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, შემდეგი კვირიდან სამომხმარებლო საქონელი 5-10%-ით გაძვირდება. წინასაარჩევნოდ მოსახლეობამ უცნაური სიურპრიზი მიიღო.

    მიუხედავად მკვეთრი ვარდნისა, ჯერჯერობით ეროვნულ ბანკშიც და მთავრობაშიც ჩუმად არიან. ერთადერთი კომენტარი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გააკეთა და შექმნილი ვითარება საგანგაშოდ არ მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ლარი უკვე 2.50-ის ნიშნულზეა, ნინო ჯავახაძე მოსახლეობას მოუწოდებს ნუ ექნება უარყოფითი მოლოდინი.

    "არაფერი ამ მხრივ საგანგაშო არ ხდება. ვალუტის კურსს განსაზღვრავს ბაზარი. როგორც ცნობილია, ქვეყანაში გვაქვს მცურავი კურსი, რომელზეც გავლენას ახდენს მოლოდინი. შესაბამისად, მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას ნუ აჰყვებიან ლარის კურსის გარშემო არსებულ უარყოფით მოლოდინს", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

    ეს იყო და ეს. ამის გარდა არც მთავრობის ეკონომიკური ბლოკისგან და არც ეროვნული ბანკისგან არავითარი განცხადება არ გაკეთებულა. მიუხედავად იმისა, რომ "რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა სებ-ისგან კომენტარი მოოპოვებინა, კობა გვენეტაძის უწყებაში ტრადიციულად პირში წყალი ჩაიგუბეს. როდესაც ხალხი ღელავს და სავალუტო ბაზარზე შექმნილ ქაოსზე პასუხს ითხოვს, არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა განმარტებებისთვის თავს არ იწუხებს.

    უეცარი გაუფასურების გამო დაბნეულნი არიან სპეციალისტებიც. კარგი ტურისტული სეზონისა და ბიუჯეტის შესრულების ფონზე, რატომ ეცემა ლარის კურსი, ამ კითხვაზე ეკონომისტ ნიკა შენგელიას პასუხის გაცემა უჭირს. დოლარი რეგიონის ყველა ვალუტის მიმართ შესუსტებულია, თუმცა საქართველოში მიმდინარეობს საწინააღმდეგო პროცესი. გაუფასურების გაგრძელება ან თუნდაც ამჟამინდელი კურსის შენარჩუნება მომდევნო კვირიდან გამოიწვევს პროდუქტების 5-10%-ით გაძვირებას.

    "დოლარის ინდექსი გამყარდა ისე, როგორც ეს გვქონდა ნავარაუდები, თუმცა იგი არ არის ისე მყარი, რომ ამხელა დარტყმა მიეღო ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი კარგი გვაქვს, ამას გარდა ბიუჯეტიც სრულდება, სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები გაუგებარია. რა იყო ასეთი მკვეთრი ცვლილების მიზეზი, რთული სათქმელია.

    დოლარი რეგიონის ყველა ვალუტის მიმართ ისევ შესუსტდა. მაგალითისთვის, ავიღოთ რუსული რუბლი რომელიც ამერიკულ ვალუტასთან მიმართებით 4%-ით გამყარდა. სამწუხაროდ, საქართველოში მიდის საწინააღმდეგო პროცესი. ეს არის მცდელობა ბანკებისა, რომ მოახდინონ კერძო და მცირე ბიზნესიდან კაპიტალის შემცირება. გარდა იმისა, რომ ფინანსური ბაზრისთვის არასახარბილო ვითარება შეიქმნა, ასეთი გაუფასურება მომდევნო კვირიდან გამოიწვევს პროდუქტებზე ფასის 5-დან 10%-მდე ზრდას", - განუცხადა "რეზონანსს" შენგელიამ.

    ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზად მოსახლეობაში შექმნილ მოლოდინს ასახელებს ფინანსისტი აკაკი ცომაია. ნეგატიური მოლოდინი განსაკუთრებით მაშინ მართლდება, როდესაც ეკონომიკა არ ვითარდება. რაც შეეხება უცხოური ინვესტიციების რაოდენობას, ის იმდენად არ იზრდება, რომ გადაწონოს უარყოფითი ფაქტორები.

    "ლარის გაუფასურების მიზეზებზე თუ ვისაუბრებთ, ბაზარზე რამე სახის სპეკულაციას გამოვრიცხავ. ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, არის ეკონომიკის ნელი ტემპი. საერთო ჯამში, მთელი წლის განმავლობაში დოლარის შემოდინება ქვეყანაში ცოტათი მატულობს, თუმცა ეკონომიკა, ძირითადად, ერთ ადგილას "დგას". ამ სიტუაციაში დიდ როლს თამაშობს მოლოდინი.

    ინვესტიციები იმდენად არ იზრდება, რომ მან გადაწონოს უარყოფითი ფაქტორები. ადამიანებსაც ჩამოუყალიბდათ წლების განმავლობაში ეს "იმუნიტეტი". როდესაც ტურისტული სეზონი იწყება, ლარი მყარდება, სეზონის დასრულების შემდეგ კი - უფასურდება. ეს უკვე ყველამ იცის, ყველასთვის შესამჩნევი ხდება და მთელი პრობლემაც ამაში მდგომარეობს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ცომაიამ.

    მთელი ზაფხულის განმავლობაში ეროვნული ბანკის ბაზრიდან დოლარს იღებდა და ეროვნულ ვალუტას გამყარების საშუალებას არ აძლევდა. ასეთმა ხელოვნურმა ჩარევამ ბაზარზე დოლარის დეფიციტი შექმნა. სებ-ი ახლა თავს არ იწუხებს ვითარების დაბალანსებისთვის. "რეზონანსმა" კითხვით მიმართა ეროვნულ ბანკს - ჩაერვა თუ არა სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების სახით, მაგრამ გვენეტაძის უწყებამ პასუხის გაცემას თავი აარიდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    evrika   (06.09.2017)
    ერთი მაგალითიც საკმარისია რასთან გვაქვს საქმე, თხილის ბიზნესი მეორე წელიწადია ჩავარდა, არადა ეს არის სადღაც ერთი მილიარდი, ამას ემატება დასავლეთ საქართველოში სხვა დარგებზე მიყენებული ზარალი, რაც დომინოს პრინციპით აისახება სხვადასხვა დარგებზე...ვინმესგან ისმის ამის ანალიზი, თუ რატომ მოხდა ეს...შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა შეიძლებოდა, სახელმწიფომ 13-მლნ წყალს გაატანა, გატარებული ღონისძიებების ეფექტი ნულის ტოლი აღმოჩნდა, არაკომპენტეტურობისა და არასწორად დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ვინმე არის გამკითხავი რა მდგომარეობაშია ჩავარდნილი თითქმის ერთი მილიონი ადამიანი და ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter