სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ისინი თავგამოდებით ცდილობენ, საინვესტიციო დანახარჯი გაბერონ, რომ შემდეგ ტარიფის გაზრდა მოითხოვონ"
    მარი ჩიტაია
    09.10.2017

     ენერგოსადისტრიბუციო და წყალმომარაგების კომპანიების საინვესტიციო ხარჯთაღრიცხვას მკაცრი მონიტორინგი სჭირდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კომპანიები ტარიფების გაზრდის მიზნით აქტიურად იყენებდნენ საინვესტიციო ხრიკებს, რომლის დადგენა სემეკის კომპეტენციას სცილდება. ამის შემდეგ კომუნალურ სეგმენტში მომუშავე ორგანიზაციები მანიპულირებენ ინვესტიციების თემით და ითხოვენ ტარიფის ზრდას. რეალურად უცნობია ისიც, რამდენად ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს კომპანიები, რომელთა მონიტორინგი ასევე არ ხორციელდება.

    მაგალითისთვის, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ კომპანია ყოველ წელს ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს და ამიტომაც წყლის ტარიფის გადახედვას მუდმივად ითხოვენ. სინამდვილეში რა მასშტაბის კაპიტალდაბანდებას ეწევა ორგანიზაცია, უცნობია და მისი რეალურად დადგენის მცდელობა არც არავის ჰქონია. იგივე ითქმის ენეგოკომპანიებზეც, რომელთა საინვესტიციო ხარჯთაღრიცხვის სიზუსტეზე არავინ არის პასუხისმგებელი.

    ბუნებრივია, არავინ იცის, სად მიდის ეს "ინვესტიცია". რეალობა ასეთია, რომ ნორმალურად არ ვითარდება დარგი და მთელი ქვეყნის მასშტაბით წყლისა და დენის მიწოდების პრობლემაა. საერთოდ კი, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება ისედაც ევალება კომპანიას, რათა მისმა ბიზნესმა გამართულად იმუშაოს.

    როგორც საგადასახადო სფეროს სპეციალისტები, ასევე ენერგეტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ კომპანიები მართლაც მიმართავდნენ საინვესტიციო ხრიკებს, რის საფუძველზეც ისინი გადასახადის ზრდას ითხოვენ.

    მართალია, ინვესტიციებზე საუბრობს თითქმის ყველა კომპანია, მაგრამ ენერგეტიკოს გია არაბიძეს ძნელად ახსენდება მასშტაბური ინვესტიცია, რომელიც ბოლო დროს ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა.

    "ჩემთვის უცნობია სერიოზული ინვესტიცია ენერგოდისტრიბუციის სფეროში. ჯერჯერობით კომპანიებს მასშტაბური კაპიტალი არსად დაუბანდებიათ. ყოველ შემთხვევაში, ზედაპირზე ასეთი ინფორმაცია არ დევს, თუ არ ჩავთვლით კახეთში ერთ-ერთი ენერგოკომპანიის მიერ ჩადებულ ინვესტიციას, რაც დარგისთვის მეტ-ნაკლებად შესამჩნევია, ეს არის და ეს!

    აყოველწლიურად ახდენენ კომპანიები გადაანგარიშებას და ტარიფის ზრდის მოთხოვნით მიმართავენ სემეკს, მაგრამ ხშირად საპირისპირო შედეგს იღებენ. ჩვენ ვნახეთ, რომ თბოსადგურებს შეუმცირეს ტარიფი.

    სახელი ყველაფერს სწორად უნდა დაერქვას. გარკვეულ სამუშაოებს ენეგოკომპანიები ყოველწლიურად ახორციელებენ, მაგრამ ყველაფერს ინვესტიციას ვერ დავარქმევთ. ზოგი რეალურად ინვესტიციაა, ზოგი რემონტზე დანახარჯი, ზოგიც საექსპლუატაციო დანახარჯი და სხვა. თუკი კომპანიას ამინდის გაუარესების გამო დასჭირდა გარკვეული ხარჯის გაწევა, ეს ინვესტიციად არ უნდა ჩაეთვალოს.

    ვერ ვხედავ და არც მინახავს დეტალური მონაცემი, ვინ რა მოცულობის ინვესტირება მოახდინა. სექტორს განხორციელებული კაპიტალდაბანდების სიკეთე დიდად არ ეტყობა, ეს თვალის ერთი გადავლებითაც შესამჩნევია. გარკვეული პრობლემები ენერგოსექტორში ჯერ კიდევ არის", - აცხადებს არაბიძე და დასძენს, რომ ტარიფის დადგენის პროცესში კომპანიების მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

    "ინვესტიცია უნდა იქნეს ამოღებული, ეს უდავოა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ახალი სადგურების მშენებლობა და სხვა მასშტაბური პროექტები, სარემონტო სამუშაოებს ამაში ნურვინ გაურევს. ვერ ვხედავ ენეგოსისტემაში ისეთ ინვესტიციას, რომლის სიმძიმე ტარიფზე შეიძლება აისახოს.

    როდესაც სემეკში განხილვა ხდება, ხშირად მინახავს, რომ გაუნახევრებიათ არა მარტო საინვესტიციო ხარჯი, არამედ სხვა დანახარჯიც, რაც კომპანიებს აქვთ წარმოდგენილი. ადვილად სიყალბეს ვერავინ გააპარებს, სპეციალისტებიც ვმონაწილეობთ ამ პროცესში და კარგად ვიცი, რაც ხდება.

    ბუნებრივია, რომ საინვესტიციო ხრიკებს მიმართავენ, ვის რა შესაძლებლობაც აქვს საამისოდ, ამისგან არ ვართ დაზღვეული. საბოლოოდ, ეს მონაცემი დაანგარიშდება, რაღაც დარჩება, რაღაც ჩამოეწერება და ა.შ. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ტარიფის დადგენის დროს კომპანიების ასეთი მიდგომა არ ჭრის ხოლმე და არა მგონია, ამ ეტაპზეც იქნეს გათვალისწინებული", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" არაბიძემ.

    იურისტების აზრით კი, ქვეყანას ტარიფთან დაკავშირებით არ გააჩნია კონტროლის მექანიზმი. საგადასახადო სფეროს სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ რეალურად უცნობია, კომპანიებს რამდენად მართებულად აქვთ შეჯამებული საინვესტიციო ხარჯი და ხომ არ მანიპულირებენ ტარიფის გაზრდის მიზნით, რომ სემეკს მაღალი ტარიფი გამოსტყუონ.

    "სემეკს არ გააჩნია ამ ტიპის ზედამხედველობის ორგანო, რომელიც საკითხში ჩაერევა. მასთან მიდის გამზადებული ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიზანშეწონილება ტარიფთან მიმართებით უნდა შეისწავლონ და დაადგინონ გადასახადის ოდენობა.

    არავინ იცის, რამდენად მართებულად აქვს შეჯამებული საინვესტიციო ხარჯი უცხოურ კომპანიას, რომელიც მოსახლეობას ემსახურება. ხომ არ მანიპულირებს ის ტარიფის გაზრდის მიზნით. ცხადია, რომ ტარიფის დათვლის არსებული მეთოდოლოგია აშკარად შესაცვლელია. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი და ჩვენი ქვეყანა კონტროლის თვალსაზრისით აშკარად ჩამორჩენილია. "თელასის" შემთხვევაში საქართველოს მთავრობასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩადებულია უამრავი კომპონენტი, რაც არა მარტო ტარიფს უკავშირდება, არამედ იმ პირობებსაც, რაც "თელასმა" უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულების შესაბამისად", - აცხადებს ჩარგეიშვილი და დასძენს, რომ ინვესტორების მხრიდან აღებული ვალდებულების შესრულების მონიტორინგს საქართველოს მხრიდან არავინ ახორციელებს. მსხვილი საინვესტიციო ხელშეკრულებების დროს ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

    "ზედამხედველობის მექანიზმი აბსოლუტურად მოშლილია. რეალურად რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ჩემთვის გაუგებარია. კომპანიები თავგამოდებით ცდილობენ, საინვესტიციო დანახარჯი გაბერონ, რომ შემდეგ ასახონ ტარიფში. რა პოლიტიკას ახორციელებს სახელმწიფო ამ მიმართულებით, არსად ჩანს. ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ არ ვიცით, გაიზრდება თუ არა ტარიფი, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ასევე, არ ვიცით, რომელ ჰესს ან ენერგოკომპანიას, მაგალითად, "თელასს", "ენერგო პრო ჯორჯიას" და სხვა, როდის რა სამუშაოები აქვს განსახორციელებელი და რამდენი დანახარჯი აქვს. ამ საკითხზე ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ, ეს არის საქართველოს ენერგომდგრადობის და უსაფრთხოების საკითხი და საჭიროა მკაცრი კონტროლი", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აკაკი ჩარგეიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter