სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    დაგროვების სისტემის შედეგს მოქალაქეები რამდენიმე წლის შემდეგ იგრძნობენ, მაგრამ არა - ამჟამინდელი პენსიონერები
    ნათია ლომიძე
    10.10.2017

     მთავრობა ასაკოვან მოქალაქეებს მხოლოდ საპენსიო რეფორმას სთავაზობს, რომელიც მათ არაფერში გამოადგებათ. 2018 წლის ბიუჯეტის ფარგლებში პენსიის ოდენობის გაზრდა არ იგეგმება, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით თავს არც მომავალში შეიწუხებენ. მაღალი ინფლაციისა და ფასების მატების ფონზე ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ფენა პენსიონერები არიან და მათ თავის გატანა უახლოესი წლების განმავლობაში მხოლოდ 180 ლარით მოუწევთ.

    დაგროვებითი პენსია შედეგს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოიტანს. ამიტომ, რეფორმის შემუშავების პარალეურად, სოციალური პენსიის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს პროფკავშირების ანალიტიკური სამსახურის უფროსი გიორგი ჭანტურიძე. იგი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ასაკოვანი ადამიანების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

    "ისეთ რთულ პერიოდში, როდესაც მაღალი ინფლაცია და გაორმაგებული ფასები გვაქვს, სოციალური პენსია აუცილებლად უნდა იზრდებოდეს. დაგროვებითი პენსია მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთათვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო თვითდასაქმებულებისა და უმუშევრებისთვის, ფაქტობრივად, არაფერი შეიცვლება და ეს სისტემა არ იმოქმედებს.

    ჩვენი პოზიციით აუცილებელია სოციალური პენსიის ინდექსაცია. ხელფასის ზრდის ტემპის პარალელურად და ეს დღის წესრიგში აუცილებლად უნდა იყოს დაყენებული. ეს მოსახლეობის ნების გამოხატვა იქნება", - განუცხადა "რეზონანსს" ჭანტურიძემ.

    ხელისუფლება კი სხვაგვარად ფიქრობს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ამბობს, რომ მომდევნო წლისთვის ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტში საპენსიო თანხის გაზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა 2018 წელს დაიწყება პენსიის დაგროვების რეფორმა. მისი თქმით, გუნდი აუცილებლად იმსჯელებს, როდის იქნება შესაძლებელი დამატებითი თანხების გამონახვა საპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის თანხის გასაზრდელად.

    მხოლოდ და მხოლოდ რეფორმაზე ამახვილებენ ყურადღებას მთავრობაშიც. ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიას პენსიის გაზრდაზე სიტყვაც არ დასცდენია.

    "საპენსიო რეფორმის საჯარო განხილვა გარკვეული ფორმით უკვე დაწყებულია. ჯერ უნდა მოხდეს რეფორმის ფართომასშტაბიანი საჯარო განხილვა, შემდეგ ეს კანონმდებლობა უნდა მოიწონოს მთავრობამ და შემდეგ უნდა შევიდეს პარლამენტში. ეს ყველაფერი მოხდება წლის ბოლომდე. შესაბამისად, საპენსიო რეფორმა დაიწყება მომავალი წლის მესამე კვარტალიდან. მოქალაქეების გარკვეული სეგმენტისთვის ეს იქნება სავალდებულო. გლობალურად რომ შევხედოთ, გამოდის, რომ მომავალი საპენსიო მოდელი ნაწილობრივ სავალდებულოა", - განაცხადა გახარიამ.

    როგორც ჩანს, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, სოციალური პენსია 180 ლარზე დატოვოს. ამ შეხედულებას ეწინააღმდეგებიან ეკონომისტები. ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, რომ რეფორმის განხორციელებასთან ერთად, პენსიის ოდენობაც უნდა იზრდებოდეს, თუმცა სოციალურ საკითხებს ბიუჯეტის თითქმის მესამედი უჭირავს, რაც სოციალური პენსიის მატებას აფერხებს. სოციალური საკითხების მოგვარებამ იმდენი დრო და თანხა წაიღო, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ვეღარ ტარდება.

    "დაგროვების სისტემის შედეგს მოქალაქეები იგრძნობენ 5 წლის შემდეგ. ახლა ვინც არიან საპენსიო ასაკში, ეს მათ არც შეეხებათ. საპენსიო რეფორმა სხვაა და სოციალური განაკვეთის ზრდა - სხვა. ბოლო წლების განმავლობაში ყოველ არჩევნებზე პერმანენტულად იზრდებოდა პენსია, რამაც დაზღვევის საკითხის მოგვარება მოითხოვა.

    რასაკვირველია, სოციალური პენსიის ოდენობა უნდა მატულობდეს, თუმცა სოციალურმა დანახარჯმა 3 მლრდ-ს გადააჭარბა, რის გამოც ის ბიუჯეტის მესამედს გაუტოლდა. ამ პირობებში ეკონომიკა დაგვრჩა გვერდზე. ბიუჯეტი ნელი ტემპით მატულობს, შესაბამისად, პენსიის ზრდაც ვერ მოხერხდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჯგერენაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter