სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ადგილობრივი ბაზრის თითქმის ნახევარი ამ ორი ქვეყნიდან შემოტანილ საწვავს უჭირავს
    მარი ჩიტაია
    11.10.2017

     ქართულ ბაზარზე ევროპული საწვავი რუსულმა და თურქმენულმა ჩაანაცვლა. ზედიზედ რამდენიმე თვეა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოსული საწვავის წილი თვალში საცემად მატულობს. მარტო 2017 წლის სექტემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 30,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,9%-ს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი რუსეთიდან 11,9 ათასი ტონა (12,4%) იყო. რაც შეეხება თურქმენეთს, 2017 წლის სექტემბერში ამ ქვეყნიდან 14,0 ათასი ტონა (12,8%) საწვავის იმპორტი განხორციელდა.

    ევროპული საწვავის იმპორტის წილი ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ქვეყნების მიხედვით თუ მიმოვიხილავთ, სექტემბერში რუმინეთიდან 23,3 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, როცა 2016 წლის ანალოგიურ თვეში ეს მონაცემი 32,6 ათასი ტონა იყო. ბულგარეთიდან იმპორტის მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა, ცოტათი გაიზარდა კიდეც - 14,8 ათასი ტონა შეადგინა (2016 წლის სექტემბერში 14,1 ათასი ტონა იყო). საბერძნეთიდანაც იმპორტი შემცირებულია - შარშან სექტემბერში 7,4 ათასი ტონა იყო, წინა თვეში კი - 5,8 ათასი ტონა (5,3%).

    როგორც სტატისტიკიდან ჩანს, რუსეთიდან იმპორტს საკმაოდ კარგი ნიშა უჭირავს და ლამისაა, ევროპული საწვავიც ჩაანაცვლოს. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, ყველაზე დიდი მოთხოვნა რუსულ დიზელის საწვავზეა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ადასტურებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან იმპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

    "პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და რუსეთიდან აქტიურად შემოდის ნავთობპროდუქტები, განსაკუთრებით დიზელის საწვავი. მუდმივად სტაბილური მოწოდებაა და ტენდენცია წელსაც გრძელდება.  საქართველოში დიზელის საწვავის მოხმარება და, შესაბამისად, იმპორტი ყოველწლიურად მატულობს. გარდა ამისა, ტრანზიტად გამავალი ტვირთი, ტრადიციულად, მაღალ მაჩვენებელს იკავებს, რაც საწვავის რეალიზაციაზეც აისახება", - აცხადებს მთვრალაშვილი.

    მისი ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობაც, რომლებიც დიზელის საწვავის იმპორტით არიან დაკავებული. "საწვავი კომპანიებს ძირითადად რუსეთიდან შემოაქვთ. მათ შორის ბევრი ახალია, რომელთა რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მზარდია. ტრანსპორტირების ხარჯიც არ არის დიდი და ეს ფაქტორიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ინტერესს იწვევს", - აცხადებს მთვრალაშვილი, რომლის შეფასებითაც, რუსული საწვავი ხარისხის მხრივაც კარგია და მომხმარებლის მოწონებას იმსახურებს.

    "რუსულ საწვავთან დაკავშირებით ჩვენ ხარისხის პრობლემა არ გვაქვს. არც კომპანიებში გამოუთქვამთ ამ მხრივ პრეტენზია და არც მომხმარებელია უკმაყოფილო. შეიძლება ითქვას, იგი შეესაბამება სტანდარტს, სრულ შესაბამისობაშია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმასთან. რუსეთიდან შემოდის როგორც მაღალი კატეგორიის - "ევრო 5"-ის სტანდარტის საწვავი, ასევე დაბალი ხარისხის, მაგრამ კანონით დადგენილ ნორმას ისიც აკმაყოფილებს", - დასძენს მთვრალაშვილი.

    სპეციალისტები რუსეთიდან იმპორტის გააქტიურების მიზეზად ტრანსპორტირების შედარებით დაბალ ფასს მიიჩნევენ. ანალიტიკოსი ბექა კემულარია განმარტავს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველა ბაზარი, რომელიც ხარისხიანი პროდუქტის იმპორტის შესაძლებლობას იძლევა. პოსტსაბჭოთა ქვეყნები საინტერესოა იმ მხრივაც, რომ საწვავი შედარებით იაფია, ტრანსპორტირება ნაკლები ღირს და ხარისხითაც მისაღებია.

    "წინა წლებში იყო შემთხვევები, როცა საწვავის ბაზრის 80% აზერბაიჯანულ ნავთობპროდუქტებს ეკავა. ბიზნესი თავისით პოულობს იაფ საქონელს. პროდუქციისადმი ინტერესს განაპირობებს ფასი და ხარისხი. ჩვენთვის ერთიც და მეორეც მისაღებია, როცა საწვავი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოგვაქვს", - განმარტავს კემულარია და დასძენს, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც იქნება მნიშვნელოვანი, თუკი ალტერნატიული ბაზრის გამოყენების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.

    "არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუ რუსული ანდა თურქმენული საწვავი გაიყიდება ქვეყანაში. ხარისხის პრობლემა არ ჩანს, საკმაოდ მკაცრი კონტროლია ამ მიმართულებით და არც უკმაყოფილო მომხმარებელი გვინახავს. სასურველია, ალტერნატიული ბაზრის გამოყენებაც შევძლოთ. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ სხვა ინტერესი არ გვაქვს", - განუცხადა "რეზონანსს" კემულარიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter