სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სიმინდსა და ლობიოს უკვე არნახული ფასი ადევს, მარაგი იანვარში ამოიწურება
    მარი ჩიტაია
    07.11.2017

     დასავლეთ საქართველოში მარცვლეული კულტურების მოსავალი თითქმის მასობრივად განადგურდა. მოსავალი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე აღებული, მაგრამ დეფიციტის გამო პროდუქტი უკვე მკვეთრად გაძვირდა. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში უმძიმესი ზამთრის გადატანა მოუწევთ. კიდევ უფრო რთული ვითარებაა გალში, სადაც თითქმის ყველანაირი მოსავალი განადგურდა.

    რეგიონებში 1 ფუთი სიმინდი 22 ლარად იყიდება. სამომხმარებლო ბაზრებსა და მაღაზიებში 1 კგ ახალი სიმინდის ფქვილი 2,50-3 ლარის ფარგლებშია, ხოლო 1 კგ ლობიო 5 ლარზე ნაკლებად თითქმის არსად იშოვება. თუკი ფასი ამ ტეპით გააგრძელებს ზრდას, შესაძლოა, ზამთარში ფუთი (16 კგ) სიმინდი 35-40 ლარი გახდეს, ხოლო ლობიო 7 ლარამდე გაძვირდეს. სხვათა შორის, ამაზე რეგიონებში უკვე საუბრობენ. აქედან გამომდინარე, ხალხს უმძიმესი ზამთარი ელოდება.

    ამ ეტაპზე პროდუქტი ყველაზე იაფი ბანძაშია, სადაც 1 ფუთი სიმინდის ყიდვა 20 ლარადაც არის შესაძლებელი, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, შარშან ამ დროს 13 ლარი ღირდა. სიმინდის გაძვირებას, როგორც უკვე აღვნიშნე, უმოსავლო სეზონს უკავშირებენ. ფაროსანას გავრცელების გამო მოსავალი წელს საგრძნობლად განადგურდა.

    მართალია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თავი არ დაუზოგავს და მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ებრძოდა მავნებელს, მაგრამ მარცვლეული კულტურები მაინც ძალიან დაზიანდა. არც გლეხებს დაუკლიათ შრომა, მაგრამ ობიექტური მიზეზით როგორც სიმინდის, ასევე ლობიოს მოსავალი დასავლეთ საქართველოში განადგურდა. არაფერს ვამბობ თხილზე, რომელიც პირწმინდად უხარისხოა.

    შარშან ამ დროს აგრარულ ბაზრებში 1 ფუთი სიმინდის ფასი 15 ლარი იყო, ხოლო ლობიოს ყიდვა ხალხს 3,5 ლარადაც შეეძლო.

    სიმინდს განსაკუთრებით გაუჭირდა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიასა და სამეგრელოში, სადაც მავნებლებმა ყანებში შეთესილი ლობიოც გაანადგურა. როგორც ცნობილია, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სიმინდი და ლობიო მოსახლეობისთვის ძირითადი პროდუქტია, განსხვავებით აღმოსავლეთისგან, სადაც სიმინდს მარტოოდენ ფრინველისა და პირუტყვის საკვებად იყენებენ. შესაბამისად, ფასზე ეს ფაქტორიც მოქმედებს.

    სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ზენაიშვილი ამბობს, რომ ფაროსანას გავრცელების გამო წელს პრობლემა ციტრუსსაც შეექმნა.

    "განსაკუთრებით ახლა გურიასა და სამეგრელოში უჭირთ, მაგრამ არანაკლები პრობლემაა აჭარაშიც. ფაროსანამ მოსავალი რეგიონებში საგრძნობლად დააზიანა. ნაყოფი არის, მაგრამ შიგთავსი გაფუჭებულია. სიმინდის მერე პრობლემა ფაროსანამ ციტრუსს შეუქმნა. ლობიო ისედაც მცირეა, დასავლეთში ნორმალურად არც დათესილა იგი, რაც ამ მოსავლის დეფიციტს განაპირობებს.

    სიმინდის მოსავალი 80%-ით არის შემცირებული. სხვაგან რომ არ წავიდე, ჩემი მაგალითითაც შემიძლია დავადასტურო, გურიაში 1,5 ჰა ფართობიდან 600 კგ სიმინდი ავიღე, როცა 8-9 ტონას ვიღებ. ანალოგიური მდგომარეობაა მთელ რეგიონში ფაროსანას გამო. ძალიან დიდი ზარალია, რაც შემაშფოთებელია. მძიმე ზამთარი გვექნება, ციტრუსებიდანაც კი შეუმცირდება ხალხს შემოსავალი.

    სიმინდის ფასიც გაზრდილია, მოსახლეობას მისი ყიდვაც ძალიან გაუჭირდება. ჩალა რა არის, ისიც კი აღარ შერჩათ. კახეთშიც გამოჩნდა ფაროსანა, მომავალ წელს მისი გავრცელება იქაც პიკს მიაღწევს, პრობლემა ყველგან მოსალოდნელია. არ ვიცი, ან თავი როგორ გაიტანოს ხალხმა ან საქონელი როგორ გამოაზამთრონ. წინ მძიმე სეზონია. ვერ ვიტყვი, რომ შიმშილით დაიხოცებიან, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ზენაიშვილმა.

    მარაგის მხრივ ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა იმერეთში, თუმცა სიმინდი იქაც ძვირი ღირს. მაგალითად, ხონის მარცვლეულის ბაზარზე 1 ფუთი უკვე 22 ლარად იყდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ხალხი ცდილობს, მოასწროს ყიდვა და დაიბევოს მოსავალი, სანამ ფასი პიკს მიაღწევდეს.

    თერჯოლის მკვიდრი ზაურ ქავთარაძე სიმინდის მომარაგებაზე უკვე ზრუნავს, რადგან საკუთარი ჭირნახული 2-3 თვეში ამოეწურება.

    "ვცდილობ, სიმინდი სეზონის დასაწყისშივე ვიყიდო, რადგან ფასი სამომავლოდ კიდევ უფრო აიწევს. ვშიშობ, რომ იანვრიდან საერთოდ ვეღარ შევძლებ ყიდვას, ამიტომ როგორმე უნდა მოვასწრო, თუნდაც საქონლის გაყიდვა დამჭირდეს. სხვა საშუალება ჯერჯერობით არ მაქვს. კიდევ თუ გაძვირდება, თორემ ფასი დაბლა არ ჩამოვა. ასევე გამინახევრდა ლობიოს მოსავალი, მავნებელმა მსხმოიარე მარცვალი მოსპო. გადარჩენილი მოსავალი მცირე და უხარისხოა. ამიტომ თადარიგი უნდა დავიჭირო. საკუთარი მოსავლით, ყველაზე დიდი, თებერვლის ბოლომდე გავიტანო თავი, იმ პერიოდში კი სიმინდის ყიდვა გამიჭირდება. წარმოდგენაც არ მაქვს, სანამდე მიაღწევს ფასი. სოფლებში მოსავალი არ არის და ეს პროდუქტის ღირებულებაზე აუცილებლად აისახება", - ამბობს იმერელი გლეხი.

    პრობლემაა საჩხერეშიც, სადაც ხალხი მცირე მოსავლის ამარაა დარჩენილი. "სხვა შემთხვევა არ მახსენდება, რომ სიმინდი ასე გაძვირებულიყო. ახლა მომარაგება თითქმის შეუძლებელია. მოსავლის სიმცირე ხშირად პრობლემაა, ხან უამინდობა გვიშლის ხელს, ხან - რა და ხან - რა, მაგრამ დღევანდელი ვითარება საგანგაშოა. სიმინდის ყიდვა მომავალი წლიდან დამჭირდება. მანამდე როგორმე გავძლებ, ხოლო იანვრიდან დანარჩენებივით მეც თავის მტვრევა მომიწევს. არ ვიცი და ჯერ კიდევ ვერ ვფიქრობ, რა საშუალებით უნდა შევძლო მარცვლეულის ან სხვა პროდუქტის ყიდვა, გამოსავალს ვერ ვხედავ", - ამბობს გულვერ გულიაშვილი, საჩხერის მკვიდრი.

    ზუგდიდში ხალხი რამდენიმე თვის სამყოფი სიმინდის იმედადაა. კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ოკუპირებულ გალის რაიონში, სადაც სიმინდისა და ლობიოს გარდა, ფაროსანას შემოსევამ ციტრუსიც გაანადგურა.

    "სიმინდი გალში ხალხის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალია, თხილთან ერთად და ასობით ოჯახის კეთილდღეობა მასზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ფასს, იქ გაცილებით ნაკლებია, 1 ფუთი სიმინდი 18 ლარად იყიდება, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გასტანს. მცირე მოსავალია, რაც მხოლოდ რამდენიმე თვით მოგვცემს თავის გატანის საშუალებას. არ ვიცი, ზამთარში რით უნდა ვიკვებოთ, როცა შემოტანილი პროდუქტის შესაძენად ფული არ გვექნება. ოჯახიდან გასაყიდადაც ვერაფერს გავიტანთ.

    რთული სიტუაციაა. არც ლობიო გვაქვს და ნორმალურად არც სიმინდია, ციტრუსი საჭმელადაც აღარ ვარგა, იმდენად უხარისხოა. ასევე უნაყოფო აღმოჩნდა ფეიხოა და კივიც. რასაც კი ფაროსანა მისწვდა, ყველაფერი განადგურებულია", - ამბობს ოტობაიელი გლეხი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter