სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში მისვლამ ნათელი თითქმის ვერაფერს მოჰფინა
    თამარ ვეფხვაძე
    05.12.2017

     ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ხმაურის ფონზე წარიმართა. ოპოზიციის გარდა, სებ-ის პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან უმრავლესობაშიც. ამიტომ კობა გვენეტაძეს უამრავი თავდამსხმელის მოგერიება მოუხდა, თუმცა მისი ზოგადი პოზიციიდან შეუძლებელი აღმოჩნდა იმის დადგენა, თუ რა ელის სამომავლოდ ეროვნულ ვალუტას.

    "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს განტევების ვაცის ბედს უწინასწარმეტყველებს. "თქვენ თუ ასე გააგრძელებთ და მკაფიოდ არ დაგვანახეთ ხელისუფლების სწორი ან არასწორი მოქმედებების გავლენა დღევანდელ მდგომარეობაზე, გარწმუნებთ, რომ აღმოჩნდებით ის განტევების ვაცი, რომელსაც ხელს შეაწმენდს ხელისუფლება", - აღნიშნა ბობოხიძემ და ხაზი გაუსვა, რომ ლარის კურსი არის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ინფლაციისა, რადგან გამორიცხულია, ლარის კატასტროფულ ვარდნას არ მოჰყვეს ფასის ცვლილება.

    "მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ ვასტაბილურებთ და შედეგი უმძიმესია. 1.64-დან ავიდა 1.80-ზე და რაღაც პერიოდი დასტაბილურდა. მერე გადახტა 2.20-ზე და დასტაბილურდა, მერე ავიდა 2.50-ზე, ახლა ბედნიერი უნდა იყოს ხალხი, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება 2.70-ზე? აქ მთავარია, ადამიანებს ველაპარაკოთ გასაგები, გლეხური, ხალხური ენით, რა არის ლარის კურსის ასეთი ნახტომური ცვლილებების მიზეზი, რა არის ინფლაციის მიზეზი, რა არის საგარეო და საშინაო პრობლემები", - განაცხადა ბობოხიძემ.

    რატომ არ ამბობთ ხმამაღლა, როცა მთავრობა ამა თუ იმ არასწორ ნაბიჯს დგამს? - ამ შეკითხვით მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. დეპუტატმა გვენეტაძეს აქციზის გადასახადის მატების საკითხი შეახსენა. "ეროვნულ ბანკს მაშინ მკაფიოდ უნდა ეთქვა, თუ რა შედეგს მოიტანდა მთავრობის ასეთი უგუნური პოლიტიკა", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და დასძინა, რომ პარლამენტში არა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, არამედ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები და პრემიერ-მინისტრიც უნდა მისულიყვნენ.

    ეროვნული ბანკის პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან "ქართულ ოცნებაშიც". დეპუტატ დავით ჭიჭინაძის აზრით, ლარის არასტაბილურობით ბანკები დიდ ფულს შოულობენ, ამ სიტუაციაში კი მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ჩარევა.

    "ორი წელი და 10 თვე ის პერიოდია, როცა ამ ქვეყანაში კურსი არის ძალიან არასტაბილური. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბანკები ლარის არასტაბილურობით დიდ ფულს შოულობენ. მე ვფიქრობ, აქ ეროვნული ბანკის ჩარევა საკმაოდ მნიშვნელოვანია", - მიმართა სებ-ის პრეზიდენტს ჭიჭინაძემ.

    ბოლოს კობა გვენეტაძემ ის ფაქტორები განმარტა, რაც ლარის კურსზე მოქმედებს, მაგრამ კონკრეტული ბევრი არაფერი უთქვამს. მისი თქმით, მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში აბსოლუტურად შეუძლებელია რაიმე პროგნოზი.

    "არის ფაქტორები, რომელთა შესახებ ინფორმაცია შეიძლება დღეს არც გვქონდეს. ყველაზე კარგი მაჩვენებელი და გზამკვლევი ამ შემთხვევაში არის საგადასახდელო ბალანსი, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის და როცა გვექნება დამატებითი ინფორმაცია, როცა შევხედავთ ამ მონაცემებს, იქედან უფრო გამოჩნდება. შესაძლებელია, მოლოდინს ეთამაშა თავისი როლი, მაგრამ ისევ და ისევ ამის სრული ანალიზი შესაძლებელი იქნება გარკვეული პერიოდის მერე, როდესაც ჩვენს ხელთ იქნება გარკვეული ინფორმაცია", - განაცხადა გვენეტაძემ.

    რაც შეეხება ინტერვენციებს, ამაზე უკვე მიდის საუბარი. მოხდება ანალიზი და რა ინფორმაცია, რა სიტუაცია იქნება და რას უჩვენებს მას ეს ანალიზი, ეროვნული ბანკი იმის მიხედვით მიიღებს ზომებს.

    "იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური გაცვლითი კურსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება გადახრილი წონასწორობიდან ისე, რომ ამან შეიძლება ინფლაციის ზრდას შეუქმნას რისკი, ეროვნული ბანკი მიიღებს ზომებს და ეს იქნება მონეტარეული პოლიტიკის გამკაცრება", - განაცხადა გვენეტაძემ და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ფულის მასის ზრდა არ ახდენს გავლენას არც ინფლაციაზე და არც გაცვლით კურსზე.

    "როდესაც ეკონომიკა ვითარდება, როცა სხვადასხვა ინსტრუმენტი შემოდის, ფულის მასა არ გვაძლევს სწორ ინფორმაციას. კორელაცია ინფლაციასა და ფულის მასას შორის ირღვევა. თუ ვლაპარაკობთ 50%-იან ინფლაციაზე და 100%-ით ფულის ზრდაზე, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ჰქონდეს გავლენა, მაგრამ იმ ჩარჩოს მიხედვით, რაც გვაქვს, ფულის მასის გაზრდა არ ახდენს გავლენას არც ინფლაციაზე და არც გაცვლით კურსზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

    სებ-ის პრეზიდენტმა ლარიზაციის პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის შესახებაც საზოგადოებაში უკვე გაჩნდა სკეპტიკური დამოკიდებულება. როგორც სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის კურსის სტაბილურობას.

    "ეს არის გრძელვადიანი პროგრამა და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კურსის სტაბილურობას. ასეთი რამ არასდროს თქმულა. ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის სტაბილურობას, ეს არის გაცვლით კურსზე დამოკიდებულების შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში უნდა გაიზარდოს წვდომა ლარის რესურსზე და ამ მეთოდით მით უფრო მეტი სესხი იქნება ლარში", - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა და საერთაშორისო მაგალითები მოიყვანა.

    გვენეტაძის განცხადებით, ყველა ქვეყანაში აღნიშნულ პროგრამას სხვადასხვა დროს მოჰყვა შედეგი, გრძელვადიან პერსპექტივაში. "უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირება ძალიან მალე ვერ მოხდება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ გარკვეული შედეგები არის ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, სესხების დოლარიზაცია საბანკო სექტორში 2016 წლის ბოლოს შემცირდა 65%-დან და 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს 57%-მდე", - განაცხადა გვენეტაძემ.

    საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის შემდეგ კომენტარი გამოთქვა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ ფასების სტაბილურობა შენარჩუნდება და ინფლაცია იქნება 3%-ის ფარგლებში. მისივე მტკიცებით, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს ამ ვალდებულების შესასრულებლად.

    "მე მხარი დავუჭირე ერთ რამეს, რომ მომავალ წელს ინფლაცია შემცირდება. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ ფასების სტაბილურობა შენარჩუნდება და იქნება 3%-ის ფარგლებში. ამისათვის სებ-ი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ნებისმიერ ინსტრუმენტს. ეს არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მონეტარული განაკვეთი, რეზერვების მართვა, მათ შორის, თუ საჭირო გახდა, იგივე სტერილიზაციის ღონისძიებები, ინტერვენციები და ა.შ. ყველა პირობის გათვალისწინებით, მან ეს უნდა უზრუნველყოს", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter