სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ოფიციალური მაჩვენებელი, რომელსაც აქვეყნებენ, რეალობისგან ძალიან შორსაა"
    ნათია ლომიძე
    06.12.2017

     როგორც მოსალოდნელი იყო, წლის ბოლოს ინფლაციამ ტემპი აკრიფა და უკვე 7%-ს მიაღწია. ოფიციალურმა მაჩვენებელმა მიზნობრივს დიდი ხანია, გადააჭარბა. დეკემბერში ფასების ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდება, რასაც ხელს შეუწყობს საწვავის გაძვირება, წინასაახალწლო პერიოდი და ძვირი იმპორტი.

    სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ინფლაცია რეალურად უფრო მეტია, ვიდრე ამას ციფრებში გამოსახავენ. მის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს. თუ ასეთ ნაბიჯს არ გადადგამენ, 2017 წელი 8%-იანი ინფლაციით დასრულდება, ასეთი მაღალი მაჩვენებელი კი 2011 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.

    აკადემიკოს ავთო სილაგაძის თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი რეალურად უფრო მეტია, ვიდრე ამას ოფიციალურ ციფრებში გამოსახავენ. მის დასარეგულირებლად ეროვნულ ბანკს შესაბამისი ბერკეტები გააჩნია, რომელსაც არ იყენებს. მისი აზრით, დეკემბერში კიდევ უფრო მეტად მოიმატებს ეს მაჩვენებელი, რადგან ბაზარზე გაიზრდება მოთხოვნა სეზონურ საახალწლო პერიოდთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გაძვირდება ადგილობრივი პროდუქტიც, ხოლო საწვავი ისედაც მაღალ ნიშნულზეა.

    "ბევრჯერ მითქვამს, რომ ინფლაციური მაჩვენებელი, რომელსაც აქვეყნებენ, რეალობისგან ძალიან შორსაა, რადგან იგი უფრო მეტია, ვიდრე ციფრებში გამოიხატება. სამომხმარებლო ბაზარს თუ დავაკვირდებით, ეს ადვილი შესამჩნევია. დეკემბერში უფრო მეტად გაიზრდება ფასების ინდექსი, რადგან ბაზარზე მოიმატებს მოთხოვნა საახალწლო პერიოდთან დაკავშირებით, გაძვირდება ადგილობრივი პროდუქტიც.

    ეროვნული ბანკის ინტერესი უნდა იყოს, როგორმე მიზნობრივი მაჩვენებელი შეინარჩუნოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. სებ-ის მუშაობის შედეგზე მიგვანიშნებს უკვე არებული მაჩვენებელი, თუმცა მას აქვს ბერკეტები, რომელთა მეშვეობითაც შეუძლია სიტუაციის დაბალანსება.

    კაცმა არ იცის, რეფინანსირების სესხი, რომელიც მილიარდობით გაიცემა, ძირითადად, ორ კომერციულ ბანკზე, რა მოგებას აძლევს სახელმწიფოს და იწვევს თუ არა დევალვაციურ პროცესებს.

    ინფლაცია ასახავს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს, რომელსაც მთავრობა განსაზღვრავს, მაგრამ ბერკეტების გამოყენება მის დასაბალანსებლად სებ-ის პრეროგატივაა", - განუცხადა "რეზონანსს" სილაგაძემ.

    ინფლაციის მაჩვენებლის ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე მიზეზზე საუბრობს ეკონომისტი მიხეილ ჯიბუტი. სხვადასხვა გადასახადი, რომლებიც წლის ბოლოს დაკისრებული აქვს ქვეყანას, ინფლაციის დონეს ზრდის. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს, მის მონახაზს აკეთებს მთავრობა და კურსს დებს ბიუჯეტის პროექტში.

    "ასეთ თემებზე ყოველთვის მთავარია სახელმწიფოს პოზიცია და ინფორმაცია, რომელსაც აწვდის მოსახლეობას. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ამ ინფორმაციის დეფიციტი, ხოლო იმ განცხადებებისადმი, რასაც ხელისუფლება აკეთებს, გვიჩნდება უნდობლობა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინფლაციის ზრდის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად საგადასახადო პოლიტიკა დაასახელა და პირველ რიგში, ეს არის აქციზის განაკვეთის მატება.

    გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზარზე კარგა ხანი ატიპური მოვლენები ვითარდებოდა, როდესაც ნავთობის ფასი იწევდა ზემოთ, ხოლო დოლარი კლებისკენ მიდიოდა. ახლა საპირისპიროდ განვითარდა მოვლენები, ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად, დოლარიც მყარდება. ესეც ერთი მიზეზია იმისა, რომ ჩვენთან ინფლაციის მაჩვენებელი ასეთ ნიშნულზეა. ამას დამატებული სეზონური ფაქტორი, გადასახადები და სხვა უამრავი რამ. ეროვნულ ბანკს არ გააჩნია ვალდებულებები, არადა მან უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ფასების სტაბილურობა.

    რაც შეეხება ლარის კურსს, მის მონახაზს აკეთებს მთავრობა და კურსს დებს ბიუჯეტის პროექტში. ეროვნულ ბანკთან ცალკე განიხილავენ თუ არა სავალუტო პოლიტიკას, ჩვენთვის უცნობია", - განუცხადა "რეზონანსს" მიხეილ ჯიბუტმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter