სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თუკი დროულად არ დაბინავდა დარჩენილი მოსავალი, ნაყოფის ხარისხი გაუარესდება
    მარი ჩიტაია
    07.12.2017

     სხვადასხვა პრობლემის გამო რეგიონებში ციტრუსის კრეფა გვიანდება. სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ პროცესი ცალკე ამინდის, ცალკე უხარისხო მოსავლის მიზეზით თითქმის ყველგან შეფერხდა. მართალია, ფასთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გამოუთქვამს, თუმცა ციტრუსის დაბინავებას გლეხები მაინც ერიდებიან. აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ხალხი ამბობს, რომ, შარშანდელთან შედარებით, მოსავალიანობამ დაიკლო.

    აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე იმედოვნებს, რომ სეზონი წარმატებით ჩაივლის და ციტრუსის გაყიდვის პრობლემა არ შეიქმნება. მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით კრეფის პრობლემა არ არის, მთავარია, მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდეს და მოსავალი არ დაისეტყვოს.

    "მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს. ცოტა ამინდმა შეგვაფერხა, მაგრამ ეს დროებითია და უახლოს დღეებში გლეხები ციტრუსის ბაღებში საქმიანობას ჩვეულებრივ შეძლებენ. ფასიც ნორმალურია და არც ხარისხია ურიგო. ამ ეტაპზე 1 კგ მანდარინის ფასი 60-70 ლარია. სუბსიდირება წელსაც შევინაჩუნეთ. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების მხრივ პრობლემა არ შეიქმნება. ამინდმა ხელი თუ შეგვიწყო და ციტრუსი არ მოიყინა, მოსავლის რაოდენობა 55 000 ტონას მიაღწევს.

    რაც შეეხება ექსპორტს, ამ დროისთვის ქართული ციტრუსი კარგად იყიდება ყაზახეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაში. ადგილობრივმა საწარმოებმა ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს დაიწყეს არასტანდარტული მანდარინის მიღება, რომლისგანაც კონცენტრირებულ წვენს დაამზადებენ. მიღებული პროდუქტი მოხმარდება ადგილობრივ ბაზრებს და ექსპორტზეც გავა", - აღნიშნა მესხიძემ.

    მინისტრის ოპტიმიზმის მიუხედავად, აჭარელი გლეხები წლევანდელი სეზონის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ. მათი თქმით, უხარისხო მოსავლის გამო ციტრუსის ჩაბარება უჭირთ. ერთ-ერთი ქობულეთელი ფერმერი ნოდარ ბოლქვაძე ამბობს, რომ დაბალი ხარისხის გამო, ქართული ციტრუსის შიდა ბაზარზე რეალიზაციაც კი ძნელია.

    "ზოგიერთმა მანდარინის კრეფაზეც აიღო ხელი, რადგან რაც დარჩა მოსაკრეფი, დაბალი ხარისხისაა და შიშობენ, რომ გასაღება გაუჭირდებათ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაგვიდგა გვერდით, სუბსიდიაც შენარჩუნდა, მაგრამ გაფუჭებულ მოსავალს რით უნდა უშველონ, წარმოდგენაც არ მაქვს. ახლა უამინდობაც დაემატა, რაც ხარისხს კიდევ უფრო გააუარესებს, თუკი დროულად არ დაბინავდა დარჩენილი მოსავალი. წესით, დეკემბრის შუა რიცხვებამდე კრეფა უნდა დასრულდეს.

    ამინდს ხელი რომ არ შეეშალა, შესაძლოა, ციტრუსი უახლოეს 3-4 დღეშიც აგვეღო. ხალხის შემოსავალმა ყველა მიმართულებით იკლო. გადამყიდველები ჯერ კიდევ მრავლად არიან, მაგრამ ყველა ხარისხიან მოსავალს ეძებს, ასეთი კი ცოტაა", - ამბობს ქობულეთელი ფერმერი.

    ციტრუსის სეზონი გრძელდება გურიასა და სამეგრელოშიც. თუმცა, როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი თემურ ძნელაძე ამბობს, მოსავალი დაზიანებულია.

    "მანდარინი, ლიმონი და ფორთოხალი, რაც კი დასაკრეფი დარჩა, უმეტესად უხარისხოა. შიგთავსი გამომშრალია და გემოც არ შერჩა, არც ვიზუალურადაა კარგი. ახლა კრეფას უამინდობა აფერხებს, მაგრამ უმისოდაც არ მისდით მოსავალზე გული. აქა-იქ ჯერ კიდევ იყიდება, მაგრამ დაბალხარისხიანი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემაა. ასეთი ციტრუსი შიდა ბაზარზეც კი არავის უნდა, გლეხებს მანდარინის ჩაბარება 30-40 თეთრადაც კი უჭირთ", - ამბობს ძნელაძე.

    სამეგრელოში ადგილზე 1 კგ მანდარინი 30 თეთრად იყიდება, ხოლო ამავე მოცულობის ლიმონი 80-1,50 ლარი ღირს. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხარისხიანი მოსავალი თითქმის აღარსადაა და დაუკრეფავი ციტრუსიც ბევრი დარჩა.

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის მკვიდრი აიზო ბერანძე ამბობს, რომ მოსავალი შარშანდელთან შედარებით, დაკლებულია. ამის მიზეზი უამინდობა გახდა.

    "ლიმონს სულ რამდენიმე ცალი ესხა, ფორთოხალს რაოდენობრივად არა უშავს, მაგრამ უხარისხოა. გადამყიდველებიც იშვიათად მოდიან. ყველას კარგი პროდუქტის ყიდვა უნდა და ასეთი, ფაქტობრივად, აღარ არის. რაც იყო, გაიყიდა და - საკმაოდ კარგ ფასად. ახლა 1 კგ ხარისხიან ლიმონში 1,50 ლარსაც გვთავაზობენ, მაგრამ ასეთი ციტრუსი არსად იშოვება. შედარებით დაბალი ხარისხის მოსავალი სულ 200 კგ ან ცოტა მეტი დაიკრიფება. გასაყიდად არ მიღირს, გადავწყვიტე, ახლობლებს გავუნაწილო, სიკეთედ მაინც ჩამეთვლება", - ამბობს აიზო ბერანძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter