სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    2018 წლის განმავლობაში დაპირისპირება პიკს მიაღწევს
    მარი ჩიტაია
    10.01.2018

     2018 წელს ბიტკოინის წარმოების მიმართ წინააღმდეგობა პიკს მიაღწევს. ეს პროცესი შარშან დაიწყო და წელსაც გაგრძელდება, რამდენადაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბიტკოინის წარმოებას ღიად დაუპირისპირდნენ. გარდა იმისა, რომ ციფრული ვალუტები ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებით იპყრობს ყურადღებას, კითხვის ნიშნები გაჩნდა გადახდის მექანიზმის მიმართაც. საპროტესტო ტალღა უკვე საქართველოშიც აგორდა.

    გაზეთი "რეზონანსი" პირველი იყო, რომელმაც საქართველოში ბიტკოინის წარმოების უარყოფით ფაქტორებზე გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა ჩვენ არ ვწერდით შეღავათებზე, რომლებზეც მოგვიანებით კომპანიის წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადღება. აქცენტი გაზეთმა კომპანიის მხრიდან დენის მოხმარების მასშტაბზე გააკეთა, რასაც შემდეგში პოლიტიკოსების გამოხმაურებაც მოჰყვა.

    ვერ ვივარაუდებთ, რა მასშტაბს მიაღწევს ბიტკოინის წარმოებისადმი პროტესტი საქართველოში, მაგრამ ფაქტია, რომ უცხოეთში მას საკმაოდ მწვავედ უპირისპირდებიან. კომპანია "მაიკროსოფტმა" ბიტკოინის, როგორც საგადახდო საშუალების, მიღება შეაჩერა. ამის მიზეზი ის რისკი გახდა, რომელიც შესაძლოა, ანგარიშსწორების დროს, არასტაბილური კურსის გამო, კომპანიას ზარალის სახით მიადგეს.

    ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კომპანია "სტიმმა", რომელიც ონლაინ თამაშების სფეროში ოპერირებს. ფინანსურმა გიგანტმა "ვიზამ" კი ხელშეკრულება გაწყვიტა საგადასახადო სისტემა ცფცუსკუთე-თან, რომელიც სხვადასხვა კრიპტოვალუტით სადებეტო ბარათებს უშვებს.

    ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა დახურულ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, შეეზღუდოთ ელექტროენერგიის მიწოდება ბიტკოინის "მაინინგის ფერმებს". ჩინეთის ხელისუფლებაში კარგა ხანია იციან, რომ მათი ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში მაინერები ელექტროენერგიის დაბალი ტარიფებით ბოროტად მანიპულირებენ. როგორც ცნობილია, ამ ქვეყანაში თავმოყრილია მსოფლიოს ის უმსხვილესი ფერმები კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, რომლებიც ძალიან მძლავრ გამოთვლით პროცესებს აწარმოებენ. გაზრდილ მოთხოვნას ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა ვერ ართმევს თავს და მწყობრიდან გამოდის.

    საერთოდაც, ჩინეთის ეროვნულ ბანკს მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, უმსხვილესმა ჩინურმა კრიპტოსავალუტო ბაზრის წარმომადგენელმა კომპანიებმა, ეროვნული ბანკის იძულებით, თანხმობა თქვეს, შეეზღუდათ ბიტკოინის წარმოება. ეროვნულმა ბანკმა მოგვიანებით საერთოდაც დაბლოკა ციფრული ვალუტების ბირჟების მუშაობა ჩინეთში.

    საქართველოში ბიტკოინის მაინების საწარმოებლად გახარჯული დენის შესახებ ინფორმაცია უცნობია, არც ის ვიცით, რამდენს იხდის კომპანია 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში, რაზეც, პოლიტიკური წრეების გარდა, შენიშვნები უკვე ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებსაც აქვთ.

    კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ლაშა გოცირიძე ამბობს, რომ კრიპტოვალუტა 21-ე საუკუნის გამოგონებაა, რაზეც უარის თქმა არ იქნება გამართლებული, თუმცა აუცილებელია, პასუხი გაეცეს კითხვებს, რომლებიც კომპანიის მიმართ უკანასკნელ პერიოდში დაგროვდა. აუცილებელია იმ რიგითი მომხმარებლების დაცვა, რომლებსაც დენის გაზრდილი გადასახადის გადახდა უწევთ.

    "ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა მოცულობის გადასახადს იხდის "ბიტფური ჯგუფი", რომელიც ბიტკოინის მაინებს აწარმოებს. სანამ ეს ინფორმაცია არ გასაჯაროვდება, მისი საქმიანობის შესახებ შეფასება ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი. გასარკვევია, მართლა ხომ არ იხდიან ცოტას და ამით რიგითი მოქალაქეები ხომ არ ვზარალდებით?

    საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რამდენს იხდიან 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში, ეს არის ამოსავალი წერტილი. თუ აღმოჩნდება, რომ ნაკლებს იხდიან, გამოდის, რომ ამ ღირებულებას ასუბსიდირებს სხვა, რომელიც შეიძლება იყოს რიგითი მოქალაქე ან სხვა ბიზნესი.

    ნებისმიერ სიახლეს, კრიპტოვალუტას თუ სხვას ეხება, ყოველთვის ახლავს წინააღმდეგობა და ეს ბუნებრივი პროცესია. ის განვითარდება ისე, როგორც თავის დროზე მობილური ტელეფონი შემოვიდა და ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თანდათანობით ახალ-ახალი ციფრული ვალუტები ჩნდება გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად და მათი არსებული კურსი განუხრელად იზრდება", - განუცხადა "რეზონანსს" ლაშა გოცირიძემ.

    გადასახადთან დაკავშირებით შენიშვნა აქვს ფინანსისტ აკაკი ცომაიას, რომელიც ასევე საუბრობს იმ ძირითად მიზეზზე, თუ რატომ უპირისპირდებიან ბიტკოინის წარმოების პროცესს სხვადასხვა სახელმწიფოში.

    "დროზე უნდა გაეცეს დაგროვილ კითხვებს პასუხები. ყველაზე საინტერესოა 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში გადახდილი თანხა, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. მთავრობას ამასთან დაკავშირებით არ აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული. ერთი შეხედვით, ასე ჩანს. უკვე ბევრ ქვეყანაში აშკარად გამოიკვეთა, რომ მაინცდამაინც დიდი სიამოვნებით არ ხვდებიან ბიტკოინის წარმოების ფაქტს. ეს აიხსნება იმით, რომ ტრანზაქციები არ მიმდინარეობს საბანკო მომსახურებისა და ზოგადად ცენტრალური ბანკის გავლით. ამიტომ არსებობს კრიტიკა და გარკვეული შეზღუდვები, რომლებსაც არ ვემხრობი.

    ბიტკოინი არის ადამიანების მიერ შექმნილი ინტელექტუალური პროდუქტი, რომელსაც ბევრი ენდობა, ნახა ზოგმა დიდი შემოსავალი და არ მესმის, რატომ არის ასეთი მძაფრი წინააღმდეგობა. მხარს ვუჭერ მის განვითარებას, მაგრამ ჩემი შენიშვნაა, ელექტროენერგიის ტარიფი ყველასთვის ერთი და იმავე პრინციპით დაწესდეს, რათა დიფერენცირებული არ გახდეს რომელიმე ჯგუფის სასარგებლოდ", - ამბობს ცომაია.

    ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაეცემა. როგორც ცნობილია, "ბიტფური ჯგუფის" წარმომადგენელმა საქართველოში ეფრემ ურუმაშვილმა გაავრცელა განცხადება, რითაც კომპანიის მხრიდან რამე სახის შეღავათით სარგებლობა უარყო.

    "ისლანდიის, ნორვეგიისა და კანადის მსგავსად, საქართველოში "ბიტფური ჯგუფი" ფლობს მაინინგის ცენტრებს, მაგრამ გორში მაინინგი დიდი ხანია, აღარ ხდება. შესაბამისად, ჭარბი ელექტროენერგიის საჭიროება არ არსებობს (იქ მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრია) და მხოლოდ თბილისის (გლდანის რაიონში მდებარე) დატა ცენტრში მიმდინარეობს მაინინგი.

    რაც შეეხება დენის საფასურს, მის გადახდას, ტარიფებსა და შესაძლო პრივილეგიებს, რაზეც აპელირებს ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი, მთელი პასუხისგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, არც ერთ ეტაპზე "ბიტფური ჯგუფს" არ უსარგებლია არანაირი პრივილეგიით ან შეღავათით. ამის დასტურად ჩვენი კომპანია კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს კომუნალური (ელექტროენერგიის შესყიდვა-გადახდის) გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას", - ნათქვამია ეფრემ ურუმაშვილის განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter