სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    დიდ ქალაქებში ტენდენცია უკვე აშკარაა, მოგვიანებით გაძვირების საკითხი დედაქალაქშიც დადგება
    მარი ჩიტაია
    11.01.2018

     მგზავრობის გაძვირების ტენდენცია რეგიონებში ახალი წლიდან გაგრძელდა. სულ რამდენიმე დღის წინ საქალაქო ტრანსპორტის ფასმა მოიმატა ბათუმში, ცოტა ადრე - ქუთაისში, ხოლო ახალციხეში მგზავრებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაუძვირდათ. დედაქალაქში ეს ტენდენცია ჯერჯერობით არ შეიმჩნევა, თუ არ ჩავთვლით ტაქსების მომსახურებას, რომლის ტარიფმა ჯერ კიდევ იანვრამდე დაახლოებით 1-2 ლარის ფარგლებში მოიმატა. სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მგზავრობის გაძვირების ტენდენცია წელსაც გაგრძელდება.

    არც საქართველოში და არც საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაიაფების პერსპექტივა არ ჩანს, ლარის მკვეთრ გამყარებაზე ფიქრი კი წარსულს ჩაბარდი. ავტოსადგურების ხელმძღვანელი პირები საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოსალოდნელ გაძვირებაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა ამ სფეროში მომუშავე მძღოლები "რეზონანსთან" ადასტურებენ, რომ მგზავრობის საფასური მოიმატებს. ერთადერთი, რის გამოც ავტოსადგურებში ტარიფების მატებისგან თავს იკავებენ, კონკურენციაა. განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებზე, სადაც მოთხოვნა დიდია.

    ამ ეტაპზე ყველაზე მყარი ფასი მუნიციპალურ ტრანსპორტს აქვს, ესეც იმის გამო, რომ მთავრობა ფასების შესანარჩუნებლად საკმაოდ დიდ ხარჯს ეწევა. სამომავლოდ ალბათ მეტის გაღება მოუწევს, რადგან ცხოვრება ლამის ყოველდღიურად ძვირდება.

    რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, სავარაუდოდ, გაძვირების ტენდენცია კიდევ გაგრძელდება.

    ავტოსადგურ "დიდუბის" დირექტორი ნესტორ მიქატაძე განმარტავს, რომ მაღალი კონკურენციის გამო მგზავრობის გაძვირებისგან მაქსიმალურად თავს იკავებენ, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე, ჯერჯერობით გაურკვეველია.

    "საწვავის ფასი გაზრდილია, დღითი დღე ყველაფერი ძვირდება და ტარიფის შენარჩუნება ჩვენი მხრიდან დიდ გამძლეობას მოითხოვს. საკმაოდ მოიმატა ხარჯმა, მაგრამ კონკურენციის გამო ფასის ზრდას ვერ ვახერხებთ. არ ვიცი, სანამდე შევძლებთ ასე, მაგრამ თუკი არ იქნება უკიდურესი აუცილებლობა, საფასო პოლიტიკას არ შევცვლით. საბოლოოდ მაინც ლარის კურსზე ვართ დამოკიდებული, თუკი გააგრძელებს გაუფასურებას, ალბათ არჩევანის საშუალება არც ჩვენ დაგვრჩება", - განუცხადა "რეზონანსს" მიქატაძემ.

    საფასო ცვლილებას ვარაუდობს კომპანია "ნავთლუღის" წარმომადგენელი გია ქავთარაძე. "ჩვენი კომპანია მოსახლეობის ვიწრო სეგმენტს ემსახურება. მგზავრები კახეთის მიმართულებით გადაგვყავს. ძლივს შევინარჩუნეთ ტარიფები წლის ბოლომდე, მაგრამ უახლოეს პერიოდში რა მოხდება, ვერაფერს გეტყვით. ლარის კურსი თუ არსებულ ნიშნულზე დარჩება, გავუძლებთ, მაგრამ ამაზე მეტად თუ გაუფასურდება, ცვლილება მოგვიწევს, მით უმეტეს, თუ საწვავსაც გააძვირებენ, რაზეც ბოლო პერიოდში მუდმივად საუბრობენ", - აცხადებს ქავთარაძე.

    მართალია, ტარიფის საკითხს მძღოლები არ წყვეტენ, მაგრამ საუბრობენ იმაზე, რომ გაზრდილი ხარჯის გამო არსებულ პირობებში მუშაობა უჭირთ. დასავლეთის ერთ-ერთ მიმართულებაზე მომუშავე მძღოლი ამირან მურუსიძე ამბობს, რომ ტენდენცია გაგრძელდება და უახლოესი თვეების განმავლობაში მგზავრობის საფასური მასობრივად მოიმატებს.

    "რაჭის მიმართულებაზე ვმუშაობ. ბილეთის ფასის ყველა შემადგენელი ნაწილი გაძვირებულია. ეს შეეხება საწვავ-საპოხ მასალას, სათადარიგო ნაწილებს. მთელი ეს ხარჯი და პასუხისმგებლობა მძღოლს აწევს კისერზე. ყველაფრის ფასი დღითი დღე მაღლა იწევს და მხოლოდ ჩვენთვის არ იცვლება არაფერი. მინიმალურ შემოსავალზე ვმუშაობთ, ასე გაძლება არ შეგვიძლია. ზოგმა გარისკა და მგზავრობა გააძვირა, ამ პროცესს აუცილებლად გამოუჩნდება მიმბაძველი და ფასების გადახედვას ყველა შეეცდება. მუდმივად წაგებაზე არავინ იმუშავებს", - ამბობს ამირან მურუსიძე.

    სპეციალისტებს ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოუთქვამთ მოსაზრება, რომ ავტოსადგურებს "კბილებით უჭირავთ" ტარიფები. როგორც ისინი ამბობენ, მგზავრობის საფასურის შეკავება ხდება ხელოვნურად და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter