სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქტის წილმა 53%-ს მიაღწია
    მარი ჩიტაია
    11.01.2018

     საქართველოში ბაზარზე არაევროპული საწვავის წილმა 2017 წელს 53%-ს მიაღწია. მარტო დეკემბერში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ნავთობპროდუქტების იმპორტმა მთლიანი მოცულობის 2/3 შეადგინა. ლიდერობს რუსული, თურქმენული და აზერბაიჯანული საწვავი, რაც შედარებით დაბალი ფასითაა გამოწვეული. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან ნავთობპროდუქტები, ევროპულთან შედარებით, იაფია, ნაკლებია ტრანსპორტირების ხარჯიც. მალე ევროპული საწვავის წილი ქვეყანაში კიდევ უფრო შემცირდება.

    2017 წლის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. რუსულმა საწვავმა მთელი იმპორტის 20,4% შეადგინა. აზერბაიჯანიდან იმპორტირებულმა საწვავმა ბაზრის 18% დაიკავა. მთლიანობაში კი, ყველაზე დიდი მოცულობა შემოვიდა რუმინეთიდან, რომლის წილიც 28%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ბულგარეთიდან იმპორტის წილი 14,1%-ია, თურქმენეთიდან - 13,6%, ხოლო უკრაინული საწვავის იმპორტი 0,5%-მდეა.

    როგორც სტატისტიკიდან ჩანს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იმპორტს საკმაოდ კარგი ნიშა უჭირავს და ლამისაა, ევროპული საწვავი ჩაანაცვლოს. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან იმპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

    "ქართულ ბაზარზე ნავთობპროდუქტების ტრადიციულად ყველაზე დიდი მომწოდებელი ქვეყნები არიან აზერბაიჯანი და თურქმენეთი, ადრეულ წლებშიც ასე იყო. ბოლო დროს რუსეთიდან იმპორტის ზრდა წლიდან წლამდე აშკარად შესამჩნევია. იგი ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელია როგორც ბენზინის, ასევე დიზელისა. თურქმენეთი ძირითადად დიზელის მომწოდებელია, ასევე აზერბაიჯანიც.

    ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი რუმინეთიდან და რუსეთიდან შემოდის. ჯამში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იმპორტის წილმა უკვე 52%-ს გადააჭარბა. რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა. ბოლო წლებში იქ წარმოებამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. რაც საქართველოში ჩრდილოეთიდან შემოდის, ეს არის "ევრო 5"-ის ტიპის საწვავი, როგორც ბენზინი, ასევე დიზელიც. ეს ევროპაში დანერგილი სტანდარტია და მაღალ ხარისხთან ასოცირდება.

    მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი იმპორტიორებისთვის არის ლოგისტიკა, ტრანსპორტირების მიმართულება, რაც, შედარებით ნაკლები ფასიდან გამომდინარე, ჩვენთვის მისაღებია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსული საწვავის წილი მატულობს. რიგი კომპანიები შედიან ამ ბაზარზე და აქვთ აქტიური სავაჭრო ურთიერთობა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საწვავის იმპორტით უფრო არაბრენდირებული ქსელების წარმომადგენლები, შედარებით წვრილი იმპორტიორები გამოირჩევიან", - ამბობს მთვრალაშვილი.

    მისი შეფასებით, რუსული საწვავი ხარისხის მხრივ უპრობლემოა და მომხმარებლის მოწონებას იმსახურებს.

    "რუსულ საწვავთან დაკავშირებით ჩვენ ხარისხის პრობლემა არ გვაქვს. არც კომპანიებში გამოუთქვამთ ამ მხრივ პრეტენზია და არც მომხმარებელია უკმაყოფილო. შეიძლება ითქვას, ხარისხი შეესაბამება იმ სტანდარტს, საიდანაც ის შემოდის და ასევე მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას. რუსეთიდან შემოდის როგორც მაღალი კატეგორიის - "ევრო 5"-ის სტანდარტის საწვავი, ასევე ისეთიც, რომელიც ნაკლები ხარისხისაა, მაგრამ კანონით დადგენილ ნორმას აკმაყოფილებს", - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

    სპეციალისტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იმპორტის გააქტიურების მიზეზად შედარებით დაბალ ფასს მიიჩნევენ. "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ბექა კემულარია განმარტავს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველა ბაზარი, რომელიც ხარისხიანი პროდუქტის იმპორტის შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნები საინტერესოა იმ მხრივაც, რომ საწვავი შედარებით იაფია, ტრანსპორტირება ნაკლები ღირს და ხარისხითაც მისაღებია.

    "წინა წლებში იყო შემთხვევები, როცა ბაზრის 80% ეკავა აზერბაიჯანულ საწვავს. ბიზნესი თავისით პოულობს იაფ საქონელს. პროდუქციისადმი ინტერესს განაპირობებს ფასი და ხარისხი. ჩვენთვის ერთიც და მეორეც მისაღებია, როცა საწვავი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ან ევროპიდან შემოგვაქვს", - განმარტავს კემულარია და დასძენს, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც იქნება მნიშვნელოვანი, თუკი ალტერნატიული ბაზრის გამოყენების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved