სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ბოლო წლებში ამინდი ხელს არ გვიწყობს, დამსვენებლებიც აქტიურობით არ გამოირჩევიან"
    ნათია ლომიძე
    12.01.2018

     ბოლო წლებში თბილი ზამთარი საქართველოს ტურიზმის მთავარი პრობლემაა. ამ მხრივ გამოირჩეოდა 2 წლის წინანდელი სეზონი და 2011 წელი. უნდა ითქვას, რომ ახლაც ზამთრის კურორტებზე ძირითადად მზიანი ამინდებია და თოვლიც არ არის საკმარისი ოდენობით. სადღესასწაულო დღეებში გამოცოცხლება შეინიშნებოდა, მაგრამ სასტუმროს მეპატრონეებმა არ იციან, მომავალში როგორი დატვირთვით იმუშავებენ.

    ზამთარში მომეტებული მზიანი დღეები სულ უფრო მეტად შესამჩნევია. ყველაზე თბილი ზამთარი 1966 წლის შემდეგ 2010-11 წლებში იყო, თუმცა 2017-18 წლებიც ამ მხრივ გამორჩეულია. ტემპერატურა საგრძნობლად მაღალია, ნალექი მცირეა, შესაბამისად, კურორტებზე სტუმრობისგან დამსვენებლები თავს იკავებენ. შედარებით გამოცოცხლება შეინიშნებოდა სადღესასწაულო დღეებში. სასტუმროს მეპატრონეებმა ჯერ არ იციან, სამომავლოდ რამდენად რთული პერიოდი ელოდებათ.

    გუდაურში დამსვენებელთა სიმცირეს ახალი წლის შემდგომ პერიოდს უკავშირებს ადგილობრივი თემურ ბერიძე. მისი თქმით, ტურისტების ძირითადი ნაწილი, რუსები და სომხები, კურორტს უკვე ტოვებს. ადგილობრივი დამსვენებლებისთვისაც დასრულდა არდადეგები.

    "ახალი წლის დღეები იყო საკმაოდ დატვირთული, შემდეგ კი დამსვენებლების ძირითადმა ნაწილმა კურორტი დატოვა. ყველაზე ხშირად უკრაინელებს, რუსებსა და სომხებს ვმასპინძლობთ ხოლმე. ბევრი უკრაინელიც ვეღარ ჩამოდის დასასვენებლად, იქაც გაჭირდა ცხოვრება. ქართველები კი დადიან, თუმცა ყოველწლიურად ერთი და იგივე სეგმენტია, მატება არ შეინიშნება. რაც შეეხება რუსებსა და სომხებს, ისინი უკვე იყვნენ ახალი წლის დღეებში და ახლა ტოვებენ კურორტს.

    ბოლო წლებში ამინდი ხელს არ გვიწყობს, სხვა ყველაფერი, რაც დასვენებისთვისაა საჭირო, არის, თუმცა დამსვენებელთა ნაკლებობა მაინც შეინიშნება", - განუცხადა "რეზონანსს" ბერიძემ.

    გუდაურისგან გასხვავებით, ნორმალური სეზონია ბაკურიანში, სადაც, ადგილობრივ დამსვენებლებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც არიან. რამდენიმე მზიანი დღის შემდეგ ბაკურიანში თოვლისა და დამსვენებლების მატება შეინიშნება. საოჯახო ტიპის სასტუმროს მეპატრონე ნატა სიხარულიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ მოსახლეობა დასვენების დღეებს აქტიურად ატარებს ბაკურიანში. მათთვის ფასიც და პირობებიც მისაღებია.

    "ბაკურიანში სეზონის პიკია, დამსვენებლებიც საკმაოდ არიან. რაც შეეხება ამინდს, ახლა მზე აღარ არის და თოვლს ველოდებით. ბოლო დღეებში თბილი ამინდი იყო, თუმცა ვისაც კარგი ჰაერი და სრიალი უნდა, მათ ხელი არ შეშლიათ, პირიქით.

    ადგილობრივებთან ერთად, აქტიურობენ რუსები, უკრაინელები და სომხები. ფასიც არ არის მიუღებელი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ისე ქართველებიც უმკლავდებიან ხარჯს. პირადად მე რამდენიმე კოტეჯი და საოჯახო ტიპის სასტუმრო მაქვს და სხვადასხვა ფასს ვთავაზობ მსურველს. ერთი ოთახის ფასი დღე-ღამეში 70 ლარიდან იწყება და 200 ლარამდეც ადის, თუმცა გააჩნია ნომერს. არის შემთხვევა, რომ ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანი ჩამოდის და ამ თანხას ინაწილებენ, მათთვის ასე უფრო ხელსაყრელია", - განუცხადა "რეზონანსს" სიხარულიძემ.

    ბაკურიანის მსგავსად, დამსვენებლთა სიმრავლე შეინიშნება სვანეთშიც. სასრიალოდ და სუფთა ჰაერზე დასასვენებლად ჩასული ტურისტებისთვის რამდენიმე მზიან დღეს ხელი არ შეუშლია. საოჯახო სასტუმროს მეპატრონე გია ჩიქოვანის თქმით, მისი ნომრები უკვე დაკავებულია და დამსვენებელთა ნაკადს თითქმის მთელი ზამთრის განმავლობაში ელოდება.

    "სვანეთში რამდენიმე დღე მზე იყო, თუმცა დღეს დილიდან თოვს. ახლა დამსვენებლებიც გვყავს და კიდევ ველოდებით, რადგან ჩვენი სასტუმროს ყველა ნომერი უკვე დაჯავშნილია. სასრიალო ტრასაზე თოვლი არის,რაც აქ დამსვენებელთა დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია. ჩემი სასტუმროს ყველა ნომერი დაკავებულია და კიდევ ველოდები თვის ბოლომდე დამსვენებლებს, არც თებერვალი იქნება ამ მხრივ ცუდი", - განუცხადა "რეზონანსს" ჩიქოვანმა.

    ბოლო დროს ქვეყნის მასშტაბით თბილი ზამთრის ტენდენციაზე ისაუბრა "რეზონანსთან" მეტეოროლოგიის სამმართველოს უფროსმა ლიკა მეგრელიძემ. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით იგი ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი, 1961 წლიდან მოყოლებული, 1972 წელს იყო, ბოლო პერიოდში კი სიმკაცრით 2008 წლის ზამთარი გამოირჩეოდა. თბილი ზამთარი იყო 1966 წელს და 2010-2011 წლებში.

    "ზამთრის კურორტებზე ახლა თოვლის საფარია და თბილი ამინდი ხელს არ უშლის დამსვენებლებს. დეკემბერში საკმაოდ თბილოდა, იანვარშიც ასევეა. სინოპტიკოსების განცხადებებს რომ დავეყრდნოთ, ასეთი ამინდი ნავარაუდები იყო. ზოგადად, ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდიც უფრო თბილია, ვიდრე ადრე იყო. ეს ტენდენცია ზამთარშიც გრძელდება, რაც ნამდვილად არ არის კარგი. ასეთი ამინდი რა პრობლემას შექმნის ვირუსების გავრცელების თვალსაზრისით, ალბათ უფრო სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ისაუბრებენ. საერთოდ კი, არა მარტო ტურიზმისთვის, ანომალია სხვა კუთხითაც ქმნის პრობლემებს.

    თბილი და ცხელი პერიოდების გამო იკლებს თოვლის საფარი, იწყება დნობა და შესამჩნევი ხდება გლობალური დათბობის ტენდენცია. მისი ერთ-ერთი ინდიკატორი თბილი ზამთარია, რაც საქართველოშიც შეინიშნება. სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ყველაზე ცივი ზამთარი, 1961 წლიდან მოყოლებული, 1972 წელს იყო. თუ დასავლეთ საქართველოს ცალკე ავიღებთ, ზამთარი 1993 იყო ყველაზე მკაცრი. ბოლო პერიოდს რაც შეეხება, ყველაზე ცივი იყო 2008 წელი.

    რაც შეეხება თბილ ზამთარს, ამ მხრივ 1966 წელი გამოირჩეოდა, ხოლო უკანასკნელ წლებში - 2010-2011 წლები. ჯერჯერობით საშუალო ტემპერატურა წლევანდელ სეზონზეც მაღალია", - განუცხადა "რეზონანსს" მეგრელიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter