სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სამეგრელოში ჩამბარებელი პუნქტები დროებით დაიხურა კიდეც
    მარი ჩიტაია
    12.01.2018

     თხილის მარაგი რეგიონებში თითქმის აღარ არის. ჩამბარებელ პუნქტებში ამბობენ, რომ პროდუქტის ექსპორტზე გატანა ძალიან უჭირთ, რადგან მოსავალი უხარისხოა. რაც შეეხება ფასს, ხარისხის შესაბამისად, კილოგრამი 30-50 თეთრიდან 4-5 ლარამდეა. თუმცა ესეც პირობითია, რადგან დაბალი ხარისხის გამო ხალხი თხილს 2 ლარზე ძვირად რეალურად ვეღარ ყიდის. ჩამბარებელი პუნქტების რაოდენობაც შემცირდა. თუკი წინა წლებში სამეგრელოში ქარხნები თხილის შესყიდვას ვეღარ აუდიოდნენ, ახლა მათ საქმიანობა შეაჩერეს ან უმნიშვნელო დატვირთვით მუშაობენ.

    მეწარმეების ინფორმაციით, გარკვეული მარაგი ქარხნებს ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ რეალიზაცია უჭირთ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერი შალვა ბუკია ამბობს, რომ მოსახლეობისგან შესყიდული პროდუქტით ბანკის ვალს ვერ ისტუმრებს.

    "შარშან ამ დროს თხილს ტონობით ვიბარებდით, ახლა რამდენიმე ასეული კილო შემოდის და იმდენად უხარისხოა, რომ ჩაბარება მიჭირს. ევროპაში ვაპირებდი გატანას, მაგრამ აზრი არ აქვს. წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ, იქაურ მეწარმეებს დავუკავშირდი, რომ თხილი რუსეთში მაინც გამეტანა. ვერც ეს მოვახერხე. საბოლოოდ, გადავწყვიტე, მსხვილ საწარმოებს შესყიდული პარტია ერთიანად ჩავაბარო, მაგრამ მოგება არ მრჩება. ბანკის ვალის გასტუმრებასაც კი ვერ შევძლებ. ხალხს მოსავალი აქა-იქ შემორჩა, ალბათ 2-3 კვირაში ისიც ამოიწურება და შესასყიდიც არაფერი გვექნება", - ამბობს ფერმერი.

    წალენჯიხელმა მეწარმემ, შპს "ჯეო დემოს" დამფუძნებელმა შოთა ჯანჯღავამ წელს 4 ტონა თხილზე მეტი ვერ ჩაიბარა, რადგან ვერ გარისკა.

    "მუნიციპალიტეტში სულ რამდენიმე თხილის ქარხანა მუშაობს. ძალიან ცოტას აქვს პროდუქცია, მაგრამ ვერ ყიდიან. მარაგზე საუბარი წარმოუდგენელია. ხალხს აქამდე იმედი ჰქონდა, რომ ფასი შეიცვლებოდა, ახლა ამის აღარავის სჯერა. ცოტასაც დაელოდებიან და დარჩენილ მოსავალსაც მოიშორებენ. ახლომდებარე რაიონებისგან განსხვავებით, წალენჯიხაში ცოტა უკეთესი ვითარება იყო, თუმცა ზარალი აქაც დიდია.

    როგორც წესი, თხილის ფასი გამოსავლიანობიდან გამომდინარეა, მაქსიმალური 50%-ია. ეს, რა თქმა უნდა, კარგი მოსავლის შემთხვევაში. წელს ეს მაჩვენებელი 35%-ზე მაღალი არ არის, რაც ცუდია, ამიტომ ქარხნების უმეტესობა გაჩერებულია. უცხოეთში თხილი საკმაოდ მკაცრ კონტროლს გადის, რისი დაკმაყოფილებაც ამ პირობებში წარმოუდგენელია. სეზონზე სულ 4 ტონა თხილი ჩავიბარე და გავყიდე, შემდეგ უკვე გავჩერდი, ვერ გავრისკე, შეიძლება, ზარალზე მემუშავა", - ამბობს ფერმერი.

    კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობაა გალის რაიონში. თხილის მოსავალი თითქმის ყველგან განადგურდა. პრობლემა ოკუპირებული რაიონის თითქმის ყველა სოფელშია. ადგილობრივთა უმეტესობა აქამდე თხილის ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და მცირე შემოსავალი ჰქონდათ, წელს კი გადამყიდველების რაოდენობაც შემცირდა, რადგან რეალიზაცია ადგილზეც კი გაჭირდა. გალის ერთ-ერთ საზღვრისპირა სოფელში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ ბევრია ოჯახი, სადაც მოსავალი საერთოდ ვერ აიღეს.

    "ხალხს საკვებადაც არ აქვს თხილი გადანახული. რაც იყო, სრულად გაყიდეს, შეიძლება აქა-იქ ჯერ კიდევ შემორჩათ, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. მე "შავი დღისთვის" 60 კგ-მდე შემოვინახე, რომ ამით 1 ტომარა პურის ფქვილი მაინც ვიყიდო, მაგრამ არც ეს მეყოფა. 1 კგ-ში 30-40 თეთრს გვიხდიან, თანაც გაუტეხავად არავინ იბარებს. 10 ცალიდან 2 მაინც უნდა იყოს საღი, რომ გაყიდო. თუკი 5 საღია, 1 ლარს იხდიან. ასე კი იშვიათად ხდება. გამოდის, რომ შიმშილობა მოგვიწევს. ვის უნდა მივადგეთ, როცა ყველა ერთნაირად გასაჭირშია", - ამბობს გალელი გლეხი.

    ცნობისთვის, თხილის მოსავლის მასშტაბური შემცირება მავნებლის გავრცელებას უკავშირდება. აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელს ახასიათებს სწრაფი პოპულაცია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სამეგრელოსა და გურიაში, სადაც აზიური ფაროსანა ყველაზე მეტადაა გავრცელებული, შარშან ათასობით ჰექტარი ფართობი დამუშავდა. წელს მავნებელთან ბრძოლის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved