სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მთავრობამ აქციზის გადასახადთან დაკავშირებით პოლიტიკა უნდა შეცვალოს
    მარი ჩიტაია
    12.01.2018

     საერთაშორისო ბირჟებზე საწვავის გაძვირების ტენდენცია გრძელდება. უცხოეთის ბაზრებზე 1 ბარელი ნავთობის ფასმა უკვე 70 დოლარს მიაღწია. 17 დეკემბრიდან მოყოლებული, საწვავი უკვე 10%-ით გაძვირდა. ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, ოპეკის შეთანხმებით გაძვირების ტალღა გაგრძელდება.

    მალე ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზეც დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ყველა გაიაფებას ელოდებოდა და მცირე სადგურებზე ეს პროცესი დაიწყო კიდეც, ვითარება ელვისებურად საპირისპიროდ შემობრუნდა. მართალია, ლარი შედარებით გამყარდა, მაგრამ ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი გაიაფების შესაძლებლობას ჯერჯერობით არ იძლევა.

    ბიზნესანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი ვარაუდობს, რომ საწვავის გაძვირების პროცესი შეუქცევადია და არსებული ტრენდი მომდევნო თვეების განმავლობაშიც შენარჩუნდება. მეტიც, როგორც თარიმანაშვილი განმარტავს, მომხმარებელს 2018 წელი შეიძლება საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდეს.

    "ოპეკის" წევრი ქვეყნების შეთანხმებამ გამოიღო შედეგი და ნავთობის ფასმა მოიმატა. ყველაფრის მიზეზი სწორედ ეს შეთანხმებაა. რა თქმა უნდა, ძირითადი ნავთობმწარმოებელი ქვეყნები მაღალი ფასის პირობებში იღებენ სერიოზულ შემოსავლებს და ცდილობენ, ეს პოლიტიკა არა მარტო გაგრძელდეს, არამედ მიიღოს პერმანენტული ხასიათი. შეთანხმებამ, რომელიც 2018 წლის ბოლომდე ძალაში დარჩება, შესაძლოა, ნავთობი ბოლო წლების უპრეცედენტო მაჩვენებლამდე გააძვიროს.

    30 ნოემბერს ვენაში გაიმართა "ოპეკი პლუსის" მორიგი შეხვედრა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით. ქვეყნები უცვლელს დატოვებენ მოპოვების მაჩვენებელს 2016 წლის ოქტომბრის დონეზე. შეზღუდვა მოუწევთ ასევე ლიბიასა და ნიგერიას, რომლებიც აქამდე გათავისუფლებულნი იყვნენ ამ ვალდებულებისაგან რთული პოლიტიკური ვითარების გამო. ორგანიზაციამ მათგან მიიღო დაპირება, რომ არ გაზრდიან ნავთობის მოპოვებას შეთანხმების მოქმედების ბოლომდე. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდა რამდენიმე სხვა ქვეყანაც (ეგვიპტე, თურქმენეთი, რამდენიმე აფრიკული სახელმწიფო), რომელთა წარმომადგენლებმაც სოლიდარობა გამოხატეს შეთანხმების მონაწილეებისადმი", - განმარტავს თარიმანაშვილი.

    იგი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს გარკვეული ზომები და აქციზის გადასახადი გადაიხედოს.

    "საქართველოს საცალო ქსელში ამ დროისთვისაც საკმაოდ რთული ვითარებაა. ველოდები, რომ ფასი ზრდას მომავალშიც გააგრძელებს და ეს იქნება მძიმე დარტყმა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვისაც. ყურადღებაა გასამახვილებელი იმ მოსაზრებაზე, თუ რატომ მიჰყვებიან საქართველოს ნავთობკომპანიები საერთაშორისო დინამიკას შეხმატკბილებულად. საქართველო 98%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ყველა იმპორტიორი კომპანია ავტომატურად მიბმულია გლობალურ ტენდენციებზე. მათ ამ შემთხვევაში ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ.

    მთავარი ახლა სახელმწიფოს პოზიციაა. საწვავის გაძვირებიდან გამომდინარე, ველოდები, რომ ინფლაციური პროცესები ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება. მთავრობას შეუძლია, აქციზის გადასახადთან დაკავშირებით პოლიტიკა შეცვალოს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც ქვეყნის ეკონომიკას ნაკლებად დააზარალებს", - აღნიშნავს ჯაბა თარიმანაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

    ნავთობპროდუქტების გაძვირებას ვარაუდობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარიც, რომლის შეფასებითაც, მსხვილმა იმპორტიორებმა თავის დროზე არ გამოიყენეს საწვავის გაიაფების შესაძლებლობა და არ შეამცირეს ფასი. შესაბამისად, როგორც ბაირახტარი განმარტავს, მათ ჯერ კიდევ აქვთ საშუალება, უახლოეს პერიოდში მაინც არ გაუძვირონ საწვავი ქართველ მომხმარებელს.

    "ადგილობრივ ბაზარზე ჩვენ გვქონდა მკვეთრი ცვლილება ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით. გამყარდა ლარი, მაგრამ ეს ფაქტორი საწვავის ფასზე არ ასახულა. მართალია, საბითუმო ქსელში კომპანიებმა ცოტათი შეამცირეს საწვავის ღირებულება, მაგრამ მსხვილ ბიზნესში არაფერი შეცვლილა. ამის შემდეგ ვითარება საერთაშორისო ბაზრებზე მკვეთრად შეიცვალა. არ იქნება გამართლებული, რომ ერთბაშად დაიწყონ კომპანიებმა ნავთობპროდუქტების გაძვირება. თავის დროზე მათ არ გამოიყენეს გაიაფების შესაძლებლობა და ხელოვნურად შეინარჩუნეს მაღალი მარჟა და ფასი.

    ახლა ასეთი ვითარებაა: რამდენიმე დოლარით მართლაც გაძვირდა 1 ბარელი ნავთობის ღირებულება, რის პარალელურადაც ლარი გამყარებას განაგრძობს. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ არსებული ფასი კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდეს, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში საწვავის გაძვირება გარდაუვალია", - აცხადებს ბაირახტარი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved