სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სამწუხაროდ, ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამედიცინო სფეროში გვაქვს"
    ნათია ლომიძე
    13.01.2018

     მედიკამენტების შეძენა და სამედიცინო მომსახურების მიღება მოსახლეობას 2018 წელსაც გაძვირებულად მოუწევს, რაც უკავშირდება როგორც ლარის გაუფასურებას, ასევე 2017 წლის ინფლაციურ პროცესებს. ფასები ყველაზე მეტად სწორედ სამედიცინო სფეროში გაიზარდა, რაც საკმაოდ რთულად გადასატანი აღმოჩნდა მოსახლეობისთვის.

    "გახსოვდეს ჰიპოკრატეს" დამფუძნებელი მარინა ბერაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ, 2017 წლის მსგავსად, 2018 წელიც მძიმე იქნება მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და სამედიცინო სფეროში მომსახურების მისაღებად. წამლების ფასი წლიდან წლამდე იზრდება. ვინც უნდა ამტკიცოს, რომ ქვეყანაში კარგი მდგომარეობაა, ეს იქნება მიკერძოებული ნათქვამი.

    "ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნდოვანია ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფოსგან ვიღებთ. 2017 წელს მედიკამენტების ფასი საკმაოდ მაღალი იყო და ვფიქრობ, კლებისკენ არც 2018 წელს წავა. ერთი სიახლე რაც არის, ყველამ ვიცით: დახმარების მსურველებს 1000 ლარამდე დააფინანსებენ დედაქალაქის გამგეობები და 1000 ლარს ზემოთ დაფინანსების საკითხში მერია ჩაერთვება. რასაკვირველია, ეს შეეხება მოწყვლად ჯგუფებს - მარტოხელა პენსიონრებს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას და ა.შ.

    ვინაიდან სოციალურ ბაზებში გაურკვევლობაა (არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ჩივის, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, მაგრამ არ ეძლევა არანაირი დახმარება), ეს პრობლემა მოგვარებული ბოლომდე არ არის. ამ დროს უკვე გვაქვს სიახლეები, რაც კიდევ უფრო გაართულებს დახმარების მთხოვნელი ადამიანების ყოფას.

    რაც შეეხება მედიკამენტების ფასს, შეიძლება ამ მხრივ პრობლემა მართლაც შეიქმნას, რადგან მათი ღირებულება წლიდან წლამდე იზრდება. ვინც უნდა ამტკიცოს, რომ ქვეყანაში კარგი მდგომარეობაა, ეს იქნება მიკერძოებული განცხადება. როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს მედიკამენტების კომპონენტს, იგი უმაღლეს ფასს იხდის. მას ძვირი უჯდება შეჭირვებული მოსახლეობის წამლებით უზრუნველყოფა. კარგი იქნება, თუკი სახელმწიფო მოახერხებს რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააკმაყოფილოს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გადაიხდის რეალურ ფასს და არა კოლოსალურად მომატებულს.

    გარდა ამისა, მიუღებელია მოსახლეობის ცალკეულ კატეგორიებად დაყოფა, მით უმეტეს, როდესაც ამის სწორად აღრიცხვა მაინც ვერ ხერხდება. მაგალითად, ავიღოთ მარტოხელა პენსიონერი და ვინც ოჯახთან ერთად ცხოვრობს. რატომ უნდა ხდებოდეს მათი გარჩევა და რატომ არ უნდა ფინანსდებოდნენ ერთნაირად?

    აუცილებელია ექიმების კონტროლიც, რომლებიც პაციენტებს უწერენ ძვირადღირებულ მედიკამენტს, ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ. ისინი არ ზოგავენ არც ადამიანს და არც სახელმწიფოს. ფაქტია, რომ მთავრობამ არ იცის, როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ დროს", - განუცხადა "რეზონანსს" ბერაძემ.

    მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების მიღება 2018 წელსაც მაღალ ფასად მოუწევს მოსახლეობის დიდ ნაწილს. ამის შესახებ "რეზონანსს" საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტმა გიორგი გიგოლაშვილმა განუცხადა. მან ძვირი მომსახურების ერთ-ერთ მიზეზად ლარის გაუფასურება დაასახელა.

    "მედიკამენტებისა და, ზოგადად, სამედიცინო მომსახურების ფასი ყოველ წელს მაღლა იწევს და არ არის გამორიცხული, წელსაც იგივე ტენდენცია იყოს. ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამედიცინო სფეროში გვაქვს. სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით ვამბობ, რომ 2018-იც წინა წლის მსგავსი იქნება. ეს ორგანიზაციები ლარის კურსზე არიან მიჯაჭვულნი, ყველაფერი იმპორტირებულია და არც ერთ სამედიცინო დაწესებულებას არ უნდა საკუთარი მოგების შემცირება. თანაც თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოთხოვნა ყოველთვის მიწოდებას განაპირობებს და ეს პირდაპირ ფასზე აისახება, საქართველოშიც ასეთი ტენდენცია გაგრძელდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიგოლაშვილმა.

    სამედიცინო მომსახურების სიძვირეს უსვამს ხაზს თბილისელი ინგა ქორიძე. მას პენსიონერი დედა ჰყავს, რომელსაც თვიდან თვემდე 180 ლარზე მეტი წამალი სჭირდება. საკუთარი სახსრებითაც ეხმარება მშობელს, თუმცა, როგორც იგი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ხშირად მაინც ვერ ახერხებს, ყველაფერს გასწვდეს და უარის თქმა უწევს ბევრ საჭირო რამეზე, რაც ადამიანისთვის აუცილებელია.

    "პენსიონერი დედა მყავს და არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ მისი პენსია მთლიანად წამლებში გვეხარჯება, ხშირად არც გვყოფნის და ოჯახის წევრები ვეხმარებით. დღეს ექიმთან მისვლა და მკურნალობაც ძალიან ძნელია, რადგან ყველაფერი თანხას უკავშირდება, მოსახლეობის უმეტესობას კი, სამწუხაროდ, უჭირს. 2017 წელს მედიკამენტები საკმაოდ გაძვირებული იყო, ალბათ 2018-შიც იმავეს უნდა ველოდოთ.

    მარტო მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება ხომ არ სჭირდება ადამიანს. მუდმივად რაღაცზე უარის თქმა გვიწევს და ხანდახან ისეც ხდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ვარიდებთ თავს უსახსრობის გამო. მაგალითად, არ შეგვიძენია წამალი ან რომელიმე პროდუქტზე გვითქვამს უარი. ეს სახელმწიფოს მხრიდან ხალხზე ზრუნვა ნამდვილად არ არის", - განუცხადა "რეზონანსს" ინგა ქორიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved