სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "2,5 მილიარდი თუ ხელფასებსა და პრემიებს მოახმარეს, ბიუჯეტს რაღა დარჩება?"
    მარი ჩიტაია
    13.01.2018

     პრემია-დანამატებს საჯარო სექტორი ვერც წელს შეელევა. სახელების გადარქმევით, ათასი მანიპულაციითა და ხერხით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი ისევ დაიხარჯება. ხელისუფლებაში მყოფებმა ახალი კანონპროექტიც ისე მოირგეს, რომ პრემია-დანამატების მიმღები პირები კატეგორიებად დაყვეს და სტრუქტურები, რომელთა წარმომადგენლები ისედაც იღებდნენ პრემიებს, ამ უპირატესობით მომავალშიც ისარგებლებენ. ესენი არიან ძალოვანი უწებების, უსაფრთხოების სფეროს, მარეგულირებელი კომისიისა და მისი აპარატის წევრები, ეროვნული ბანკისა და აუდიტის სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხებათ.

    როგორც ვიცით, 2018 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ", რომლის მიხედვითაც, საჯარო მოხელეების ხელფასები ახალი წესით, კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება. იგივე მეთოდი გავრცელდება სსიპ-ებსა და აიპ-ებზეც. რაც შეეხება სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათი ხელფასის დათვლის ახალი წესი 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

    ახალი კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები 2018 წლის იანვრიდან ხელფასთან ერთად დანამატსაც მიიღებენ და პრემიასაც, რომელსაც ფულადი ჯილდო დაერქმევა. დანამატი წლის განმავლობაში, ჯამში, არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდო - 10%-ს.

    "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონით, სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საბაზისო თანამდებობრივი სარგო (1000 ლარი), გამრავლდება კანონით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და ეს იქნება საჯარო მოხელის ერთი თვის თანამდებობრივი სარგო, ანუ ერთი თვის ხელფასი.

    არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და იურისტების შეფასებით, მდგომარეობა რეალურად არ იცვლება და პრემია-დანამატების გაცემის მანკიერი პრაქტიკა გარკვეული შეზღუდვით (რისი აღსრულებაც ასევე საეჭვოა) კვლავ შენარჩუნდება. არასამთავრობო სექტორი პირობას დებს, რომ პრემია-დანამატების გაცემის პროცესს ჯეროვან ყურადღებას დაუთმობს.

    მთლიანობაში, როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" იურისტი გიგი ჩიხლაძე განმარტავს, გარკვეულ სტრუქტურულ ერთეულებთან მიმართებით პრემია-დანამატებთან დაკავშირებული ვითარება წელსაც უცვლელი რჩება.

    "იანვრიდან საჯარო მოხელეების პრემია-დანამატებთან დაკავშირებით კანონი ამოქმედდა. რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათთვის ეს კანონი ძალაში 2021 წლიდან შედის. ამ კატეგორიაში იგულისხმება ყველა ის თანამდებობა, რომლებიც აქამდეც გამოირჩეოდა მაღალი პრემია-დანამატებით: პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები და სხვა. მათთვის კანონი ძალაში მხოლოდ 3 წლის შემდეგ შევა.

    რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, ესენი არიან პროფესიული საჯარო მოხელეები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათ გარკვეული ზღვარი უკვე დაუდგინდათ. ეს არის კანონის იმპერატიული მოთხოვნა, ამას ვერ გადავლენ, გამონაკლისის გარდა, რასაც ფინანსთა მინისტრის ან მთავრობის ნებართვა სჭირდება. თუმცა აქაც არის გამონაკლისი დაშვებული - კანონი არ ვრცელდება შსს, თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სფეროს, მარეგულირებელი კომისიის წევრებსა და მის აპარატზე, ეროვნული ბანკისა და აუდიტის სამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც კვლავ სხვა წესით მიიღებენ ხელფასს და პრემია-დანამატებსაც შეუზღუდავად. საკამათოა, რამდენად გამართლებულია ასეთი მიდგომა.

    ძალოვნების შემთხვევაში კანონმდებელთა არგუმენტაცია იყო, რომ ისინი არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მარეგულირებლებს და აუდიტის სამსახურს, განიმარტა, რომ ამ დაწესებულებებში არსებობს აუცილებლობა სპეციალისტებისა, რომლებსაც აქვთ ცოდნა სპეციფიკურ სექტორში. შესაბამისად, მათ მაღალი ანაზღაურება უნდა შესთავაზონ.

    საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ პრემია-დანამატების პრაქტიკა მხოლოდ ნაწილობრივ იცვლება და ისიც საკითხავია, როგორ იმუშავებს კანონი. ამას ჩვენი ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და დარღვევის თითოეულ ფაქტს საზოგადოებისთვის საჯაროს გახდის", - განუცხადა "რეზონანსს" გიგი ჩიხლაძემ.

    სპეციალისტები არ მალავენ, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავენ პოლიტიკურ ნებას, რომელიც პრემია-დანამატებთან დაკავშირებულ რეალობას შეცვლის. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი მაგალითი გვქონდა, როცა მაღალი თანამდებობის პირები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იწერდნენ სოლიდურ პრემიებს, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა მათსავე ყოველთვიურ ხელფასს. სწორედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურმა ჩართვამ და დაინტერესებამ ამ საკითხით აიძულა საქართველოს პარლამენტი, მიეღო ახალი რეგულაციები და შეზღუდვა პრემიების გამოწერასთან დაკავშირებით.

    იურისტი ლევან ალაფიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, რომ სანამ ხელისუფლება ერთხელ და საბოლოოდ არ იტყვის უარს მანკიერ ჩვეულებაზე, თანამდებობის პირებს კანონი ვერ დააბრკოლებს.

    "პოლიტიკური ნება თუ იქნება, პრემია-დანამატები ქვეყნისთვის მოგვარებადი პრობლემაა, მაგრამ ვხედავთ, რომ წლები გადის და არაფერი იცვლება. ჩვენ ვნახეთ, რომ კანონი და საჯარო მმართველობის რეფორმა მაქსიმალურად გაწელა ხელისუფლებამ ევროკავშირის პრინციპული მოთხოვნის მიუხედავად. ბოლო წუთამდე ჭიმავდნენ დროს და სამჯერ გადადეს კანონის განხილვა.

    არჩევნების შემდეგ პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლითაც ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების პოსტი შემოიღო შესაბამისი ანაზღაურებით. ეფექტური გახდება საკრებულოში საქმიანობაო, ასეთი სუსტი არგუმენტით ახსნეს თავიანთი გადაწყვეტილება. თუკი რიცხვებს ჩავხედავთ და გავიხსენებთ, საჯარო სექტორში დაახლოებით 330 000-მდე ადამიანია დასაქმებული და მათ შენახვას 2,5 მლრდ ხმარდება. რა კანონიც უნდა მიიღონ, ერთხელ და საბოლოოდ თუ არ მიხვდა ხელისუფლება, რომ პოლიტიკურად ეს არასწორია, მონაცემი ყოველთვის მზარდი იქნება და რეალურად არაფერი შეიცვლება.

    როგორც ვიცით, სოციალური ხარჯიც მუდმივად მატულობს (მას ბიუჯეტის მესამედი ხმარდება) და 2,5 მილიარდი თუ ხელფასებსა და პრემიებს მოახმარეს, რაღა დარჩება ბიუჯეტს. ამ საკითხებზე ხელისუფლებასთან საკმაოდ მწვავე და მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ ევროპარლამენტარებს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული უამრავი რამ ინტეგრაციის საქმეში, მათ შორის ფინანსური დახმარებაც სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. იმედია, ხელისუფლება ქვეყნის მომავალს საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს არ ანაცვალებს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    2018   (13.01.2018)
    საინტერესო ის არის, რომ რაც მეტს ყვლეფს ხელისუფლება ხალხის ფულს, მით მეტი ამომრჩეველი ჰყავს მას...ეს ანომალია ქართულ სახელმწიფოს დაასამარებს, თუ არ გამოინახა ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter