სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გმირთა მოედანზე "ფრეგოს" აგს-ი პირდაპირ გზაზეა განთავსებული, რაც დიდი საფრთხეა
    თამუნა მუკბანიანი
    13.03.2018

     გმირთა მოედანზე, იქ, სადაც საცობები ძალიან ხშირია, 4 ავტოგასამართი სადგურია განთავსებული. "ვისოლი", "ლუკოილი" და "გალფი" "ლაგუნა ვერეს" მხარესაა და მათ აქვთ ცენტრალური გზიდან შესასვლელი და გამოსასვლელი. რაც შეეხება მოპირდაპირე მხარეს არსებულ "ფრეგოს" სადგურს, ის პირდაპირ სავალ ნაწილზეა. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი რამ დაუშვებელია, რადგან, ერთი მხრივ, საცობები და საავარიო სიტუაციები იქმნება, მეორე მხრივ კი, ირღვევა უსაფრთხოების სტანდარტები.

    დედაქალაქის მერია აქტიურად ცდილობს ქალაქის საცობებისაგან განტვირთვას, რისთვისაც ორი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მიკროავტობუსებს ეკრძალებათ გაჩერება იქ, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის მონიშნული გაჩერება არ არის და, ასევე, საპილოტე პროექტის სახით ვაკეში ნაგვის ღამის საათებში გატანა დაიწყო. ამ ფონზე, გმირთა მოედანზე, სადაც სატრანსპორტო კოლაფსის წარმოქმნის ყველაზე დიდი საფრთხეა, 4 ავტოგასამართი სადგურია განლაგებული. წლებია, მათ გადატანაზე და ბიზნესისათვის ადგილმონაცვლე ტერიტორიის შეთავაზებაზე მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა დონეზე.

    4 ავტოგასამართიდან მოძრაობისათვის ყველაზე მეტად ხელის შემშლელი "ლაგუნა ვერეს" მოპირდაპირე მხარეს მდებარე "ფრეგოა", რომელსაც არ აქვს ცენტრალური გზიდან შესასვლელი და გასასვლელი და პირდაპირ სავალ ნაწილზეა. საცობების გარდა, უშუალოდ გზაზე განთავსებული აგს-ები საავარიო სიტუაციებსაც ქმნის და, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დაუშვებელია მათი ამგვარი მუშაობა.

    შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს ხანძარი გაჩნდა გმირთა მოედანზე მდებარე "ფრეგოს" ავტოგასამარ სადგურთან, მაგრამ ზუსტი მიზეზი დღემდე დაუდგენელია.

    აგს-ების გადატანის ინიციატივა აქტიურად განიხილებოდა დავით ნარმანიას მერობის დროსაც, თუმცა საზოგადოებისათვის უცნობია, რატომ არ განხორციელდა ეს პროექტი. თავის დროზე განცხადებით გმოვიდა მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი. მისი თქმით, ამ ადგილიდან მხოლოდ "ვისოლის" ბენზინგასამართის გადანაცვლება იგეგმებოდა.

    "გმირთა მოედნის გზის გაფართოების პროექტის ფარგლებში მხოლოდ ერთ ბენზინგასამართ სადგურს შეეცვლება ადგილი - ეს იქნება "ვისოლი". მათთან მოლაპარაკებას ვმართავთ. სიტყვიერი თანხმობა უკვე მივიღეთ, რომ დემონტაჟს მოახდენენ და გარკვეული მონაკვეთით შიგნით შეიწევა. ამის შემდგომ სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ. ადგილზე არქიტექტურული და იურიდიული საკითხებია დარჩენილი. დანარჩენი სადგურები ადგილზე დარჩება, რადგან ხელს არ გვიშლის", - განაცხადა კუბლაშვილმა.

    "ფრეგოში" კი "რეზონანსს" უთხრეს, რომ მერია მოლაპარაკებას მათთანაც მართავს და ისინი თანახმანი არიან, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე იმოქმედონ.

    ტრანსპორტის სფეროს ექსპერტი დავით მესხიშვილი ადასტურებს, რომ გმირთა მოედანზე განთავსებული ოთხი ავტოგასამართი სადგურის გადატანაზე მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობდა დავით ნარმანიას დროს, მაგრამ ისევე, როგორც ბევრ საკითხში, შედეგი არავის უნახავს.

    "განსაკუთრებით "ფრეგოს" ბენზინგასამართი სადგური აფერხებს იქ მოძრაობას და არღვევს ყველანაირ ნორმას. როცა ნებართვა გაიცა, სამწუხაროდ, არ იქნა არავითარი სტანდარტი გათვალისწინებული, რომ უსაფრთხოების ელემენტარულ კრიტერიუმებს მიანც აკმაყოფილებდეს ეს ნაგებობა. საერთოდ, როცა ასეთი ობიექტი იხსნება, კანონის მოთხოვნაა, რომ იყოს შესასვლელი და გამოსასვლელი ცენტრალური გზიდან. ეს ავტოგასამართი კი პირდაპირ ცენტრალურ გზაზეა, რაც ისედაც გადატვირთულ მოძრაობას კიდევ უფრო აფერხებს. ამავე დროს, იქმნება ავარიული სიტუაციებიც იმიტომ, რომ ხდება ავტომობილის დაძვრა-შეჩერება, თუნდაც მცირე რიგიც უკვე პრობლემას ქმნის.

    რაც შეეხება "ლაგუნა ვერეს" მხარეს, იქ წლებია, მიმდინარეობს მერიასა და ბიზნესოპერატორებს შორის მოლაპრაკება, თითქოს შეთანხმებასაც მიაღწიეს. მახსოვს, კომპანიებიც იყვნენ თანახმა, სხვა ტერიტორიის სანაცვლოდ დაეთმოთ ეს ადგილი. საბოლოოდ ეს მოლაპაკებაც ჩავარდა ან გაურკვეველი დროით გაიყინა.

    ავტოგასამართი სადგურების განლაგება გმირთა მოედნის მიმდებარედ იმგვარია, რომ უგულებელყოფს ყველანაირ საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტს. საგზაო მოძრაობას რომ თავი დავანებოთ, ერთმანეთის მიჯრით აგს-ების არსებობა, საერთაშორისო გამოცდილებით, მიუღებელია. იქ თავმოყრილია ავზები და დიდი დოზით ფეთქებადი და მარტივად აალებადი ნივთიერება.

    სხვათა შორის, შარშან "ფრეგოს" მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა. დღემდე არ ვიცით გამომწვევი მიზეზი, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ღვთის ნებით გადავრჩით იქ დიდ ტრაგედიას. ასე რომ, ეს არ არის ადგილი, სადაც ავტოგასამართი სადგურების არსებობა საერთოდ შეიძლება", - განაცხადა მესხიშვილმა.

    "ბიზნეს-რეზონანსი" დაუკავშირდა "ფრეგოს", სადაც დაგვიდასტურეს, რომ მერიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს გმირთა მოედნის ტერიტორიიდან ავტოგასამართი სადგურის გადატანასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემებზე და დარღვევებზე, რომლებზეც ექსპერტები საუბრობენ, კომენტარი არ ისურვეს.

    "მივიღეთ მერიისაგან შემოთავაზება აგს-ის გადატანაზე. ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მზად ვართ, ამ პროცესში საზოგადოებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მივიღოთ და ჩავერთოთ მოლაპარაკებაში.

    სიმართლე გითხრათ, არ ვიცით, რა წერია კანონში ცენტრალური გზიდან შესასვლელსა და გასასვლელზე. ეს სადგური ნაქირავები გვაქვს და არ არის ჩვენი საკუთრება", - აღნიშნეს "ფრეგოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

    კითხვა - შეექმნა თუ არა ოდესმე "ფრეგოს" პრობლემა ან მიიღო თუ არა გაფრთხილება - კომპანიამ უპასუხოდ დატოვა.

    "ბიზენს-რეზონანსი" დაუკავშირდა თბილისის მერიას და ზედამხედველობის სამსახურსაც, მაგრამ არც მათ ისურვეს საუბარი, რადგან, მათი თქმით, ავტოგასამართ სადგურებთან დაკავშირებით განცხადება უახლოეს მომავალში გავრცელდება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved