სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ყველა თუ შევუტევთ, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლას ნამდვილად ექნება შედეგი"
    მარი ჩიტაია
    13.03.2018

     აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ღონისძიება იწყება. მავნებელთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულია. ღონისძიების მიზანია, მოხდეს აზიური მავნებლის მართვა, მისი პოპულაციის შემცირება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა.

    სანამ ფაროსანა სამალავიდან არ გამოვა, ქიმიური წამლობით მასთან ბრძოლას ნაკლებად აქვს აზრი. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, რომ მოსახლეობა პროცესში აქტიურად ჩაერთოს შემოდგომასა და გაზაფხულზე.

    როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, სწორი მიდგომითა და ეფექტური ღონისძიებების გატარებით სიტუაციის გაკონტროლება და აზიური ფაროსანას რაოდენობის მინიმალურ ზღვრამდე დაყვანა შესაძლებელია.

    სწორედ ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ, ქართველი და უცხოელი მეცნიერებისა და დარგის სპეციალისტების ჩართვით, მიღებული გამოცდილების საფუძველზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა შემუშავდა.

    ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, უკვე შეძენილია 120 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპი, ავტომანქანებზე დასამონტაჟებელი 70 ერთეული თერმული ნისლის გენერატორი, 50 ერთეული მცირემოცულობიანი სამანქანო შემასხურებელი, 100 000 ფერომონი, 160 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი, 200 000 ლიტრი ზეთოვანი პირეტროიდული ინსექტიციდი. აღნიშნული ინსექტიციდებისა და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 250 000 ჰექტარი ფართობის დამუშავება ოთხჯერადად.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, "აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა" შემუშავებული და დამტკიცებულია 2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე. მინისტრს მიაჩნია, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ქვეყნისთვის ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

    "აზიური ფაროსანა არის ძალიან დიდი საფრთხე ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს მავნებელი არსებობს. მთავარია, სწორად გავაცნობიეროთ, რა ტიპის გამოწვევასთან გვაქვს საქმე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2017 წელს ჩატარებული საკომუნიკაციო კამპანიის შედეგად მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა ამ პრობლემის შესახებ და შეძლო, ხალხს გაეთავისებინა და აქტუალურობა დაეფიქსირებინა. ხშირ შემთხვევაში კეთდება უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც უკავშირდება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს. ეს თემა არ უნდა იყოს პოპულიზმის საგანი. ჩვენ ამით მოსახლეობაში უიმედობას ვნერგავთ.

    ვერავინ დამაჯერებს, რომ მმართველ გუნდზე მეტად გული შესტკივა რომელიმე პარლამენტარს თუ აქტივისტს ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამისთვის გაიზარდა სამინისტროს დაფინანსება, რათა ფიტოსანიტარიული სამსახურის შესაძლებლობები გაზრდილიყო, უკეთესი კომუნიკაცია მოვახდინოთ მოსახლეობასთან; სწორედ ამისთვის შეიქმნა სამთავრობო კომისია. ზედმეტი პოლიტიზება თემას ავნებს. ფუჭია საუბარი, რომ აზიურ ფაროსანას არ ეშველება და ვერავინ მოერევა. პირიქით, ჩვენი კომუნიკაცია არის იმისკენ მიმართული, რომ მოსახლეობას გავუჩინოთ იმედი", - აცხადებს მინისტრი.

    ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო პროგრამის მიზანია მავნებლის პოპულაციის შემცირება და კონტროლი, რათა მინიმუმამდე დავიდეს სასოფლო-სამეურნეო, სატყეო კულტურების დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. პროგრამის ძირითადი პრინციპია სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობა.

    სწორედ ამ მიზნით საქართველოში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობდა ყველა წამყვანი სპეციალისტი აშშ-დან და ყველა მეზობელი ქვეყნის ფიტოსანიტარიული სამსახურის წარმომადგენლები. საქართველოს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ერთობლივი ძალებითა და კოორდინაციით ფაროსანასთან ბრძოლა ეფექტიანი და შედეგის მომტანი იქნება.

    სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს, მთავარ ფიტოსანიტარ ზურაბ ლიპარტიას მიაჩნია, რომ მავნებელთან ბრძოლის კუთხით თავის იყრის უნიკალური გამოცდილება, რომელიც თანდათან გროვდება.

    "კონკრეტულ არეალში ჩვენ უნდა დაგვიგროვდეს გამოცდილება და ეს უნდა იყოს მუდმივად გამოხატული ჩვენს ღონისძიებებში", - აცხადებს ლიპარტია. მისი შეფასებით, აზიური ფაროსანა ქვეყნისთვის გარკვეული რისკია იქიდან გამომდინარე, რომ მას დიდ მანძილზე გადაადგილება შეუძლია.

    "მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საგანგაშოა, მაგრამ იმედისმომცემია ის გარემოება, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით სიტუაცია გაკონტროლდება. ჩვენი ვარაუდით, აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანა ნაკლებად გავრცელდება, დასავლეთ საქართველოში კი, სადაც, ფაქტობრივად, არც ერთი კულტურა არ იწამლება და თხილის ნარგავების 80% მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთშია მოთავსებული, საქმე უფრო დიდ რისკთან გვაქვს. ამიტომ ძირითადი ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში სრულმასშტაბიანი მონიტორინგი ჩატარდება, რომელიც დაგვანახებს, რა სიმჭიდროვეა, გავრცელება რომელ კულტურებზეა მოსალოდნელი და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რაც ქიმიური საშუალებებით ჩარევას გულისხმობს", - განაცხადა ლიპარტიამ.

    ქართველ მეცნიერებს მხარდაჭერას უცხადებენ უცხოელი კოლეგები, რომლებმაც ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციებიც მისცეს. მათი აზრით, ფაროსანასთან ბრძოლაში 2018 წელი იქნება გაცილებით უკეთესი შედეგის მომტანი. პროფესორი ბილ ვ. ლინგრენი განმარტავს, რომ თავისი არსით ამერიკისა და საქართველოს ძალისხმევა ერთნაირია, თუმცა განსხვავებულია ფერმერების ჩართულობა და როლი.

    "საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკმაოდ მოკლე პერიოდში - 18 თვეში შეძლეს მთელი რესურსების მობილიზება და დიდი სამუშაო ჩაატარეს, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ 2018 წელი იქნება გაცილებით უკეთესი შედეგის მომტანი.

    ჩვენთვისაც ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო იმიტომ, რომ კრიზისი წლების განმავლობაში ვითარდებოდა. მიმდინარეობდა სამეცნიერო კვლევითი მუშაობა. დაკვირვების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შეიძლება ინტეგრირებული მართვის სისტემების გამოყენება. შეწამვლა არის ერთ-ერთი მექანიზმი. მეორეა ბუნებრივი მტერი, რომელიც ებრძვის აზიურ ფაროსანას. ვიფიქრეთ, ასეთი ბუნებრივი მტერი შემოგვეყვანა ამერიკაში, მაგრამ სანამ ჩვენ ვიპოვიდით, რომელი იქნებოდა საუკეთესო, თავისით შემოფრინდა, გამრავლდა და ებრძვის ფაროსანას.

    მავნებელი ბუდობს ველურ ბუნებაში და იქიდან ხდება შემოსევა. რომ ვიცოდეთ, რამდენი შემოესია ჩვენს ბაღს და ხეხილის, უნდა გვქონდეს დამჭერები. ფერომონი იზიდავს ფაროსანას და ის ხვდება წებოვან დამჭერზე. ასე შეგვიძლია დავითვალოთ, რამდენი ფაროსანაა ჩვენს ბაღში და ვენახში და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება, საჭიროა თუ არა შეწამვლა", - განმარტავს პროფესორი ლინგრენი.

    ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის პროფესორ კრის ბერგის შეფასებით, აზიური ფაროსანა ნამდვილად რთული გამოწვევაა, მაგრამ იგი მართვადია, თუკი იქნება კოორდინირებული ძალისხმევა, მოხდება ხელისუფლების, ფერმერების, მეცნიერების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების გაერთიანება.

    "ყველა თუ შევუტევთ, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლას ნამდვილად ექნება შედეგი, რაც იმას ნიშნავს, რომ მავნებლის პოპულაცია დარეგულირდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დიდი გამოცდილება და მზად ვართ, გაგიზიაროთ", - აცხადებს იგი.

    მავნებელთან ბრძოლაში ქიუმიურ წამლობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა აქტიურად მიდის მუშაობა ბიოლოგიურ პრეპარატებზეც, რათა მიეხმაროს ამ პროცესს და მავნებელთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახდეს.

    რაც შეეხება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ "ბიფეტრინის" ჯგუფის პრეპარატების მოსახლეობისთვის დარიგებას, მას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მონიტორინგის შედეგების მიღების შემდეგ განსაზღვრავს. პარალელურად კი განიხილება ფაროსანას ბიოლოგიური მტრის გამოყენება.

    საკითხს, თუ როგორი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს იაპონურმა კრაზანამ საქართველოში აზიურ ფაროსანაზე, ქართველი სპეციალისტები შვეიცარიაში იკვლევენ. მავნებლის ბუნებრივი მტრის საკითხს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ევროპელ კოლეგებთან ერთად სწავლობენ. როგორც ზურაბ ლიპარტია განმარტავს, აზიურ ქვეყნებში მავნებლის ბუნებრივი მტერი ძირითადად იაპონური კრაზანაა, ამ მწერის საქართველოში შემოყვანა კი კვლევების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

    იაპონური კრაზანა მილიმეტრნახევრიანი ზომის მწერია. ის აზიური ფაროსანას კვერცხის პარაზიტია. ჩინეთსა და კორეაში კრაზანა შემთხვევების 90%-ში მხოლოდ ფაროსანას კვერცხს აზიანებს.

    საბოლოო ჯამში, დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსა და მოსახლეობის კოორდინირებულ მუშაობას, რათა მოსახლეობა მავნებელთან ბრძოლაში აქტიურად ჩაერთოს.

    მწერი უპირატესად საცხოვრებელ სახლებში იზამთრებს და მისი ეს სუსტი წერტილი მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული. სპეციალისტების განმარტებით, დათბობისთანავე, როცა ფაროსანა სამალავიდან გამოსვლას დაიწყებს, მისი მექანიკურად შეგროვება - განადგურება ძალიან ეფექტურია, იქნება ეს მტვერსასრუტით, ჩამოფერთხვით თუ საპნიან წყალში მისი მოთავსებით. თუ  ასეულათასობით ადამიანმა ათეულობით ფაროსანა გაანადგურა, მისი რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები განხორციელდება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიებზე და კერძო სავარგულებზე, სადაც აუცილებელია სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება. დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეული ზომების მიღებას ფერმერების მხრიდან, რათა დროულად და სრულყოფილად ჩაატარონ აგროტექნიკური და შეწამვლითი სამუშაოები საკუთარ სავარგულებში;

    ბიზნეს-ორგანიზაციებმაც უნდა განახორციელონ სახელმწიფოს მიერ მიწოდებული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობის არეალში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved