სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ასეთი განუკითხაობა ნამდვილად კოლაფსამდე მიგვიყვანს
    ნათია ლომიძე
    11.04.2018

     სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დარღვევების დიდი ნაწილი პარლამენტის ყურადღების მიღმა რჩება. წლებია, მთავარი მარეგულირებელი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არსებულ პრობლემებზე დასკვნებს ამზადებს. მათ შორისაა ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა როგორც სამინისტროებში, ასევე რეგიონის მუნიციპალიტეტებში, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სხვა უამრავ საჯარო უწყებაში. დარღვევების ნუსხა წლებთან ერთად მზარდია. მიუხედავად ამისა, პარლამენტში რეაგირებისათვის ვერ იცლიან.

    სულ ბოლოს აუდიტის სამსახურმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მაჩვენებლები შეისწავლა. შემოწმებისას გამოიკვეთა, რომ 2015 და 2016 წლებში დეკემბრის ბოლოს გაწეული ხარჯები არსებითად აღემატებოდა წინა თვეებში გაწეული ხარჯების საშუალო მაჩვენებელს. კონკრეტულად, 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, ყოვეთვიური ხარჯვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 225%-ით მეტი დაიხარჯა, ხოლო 2016 წელს - 228%-ით მეტი.

    2 წლის განმავლობაში დეკემბრის ბოლოს მატულობდა ისეთი ხარჯები, როგორებიცაა არაფინანსური აქტივების ზრდა, საქონელი და მომსახურება, სოციალური უზრუნველყოფა, სხვა ხარჯები და შრომის ანაზღაურება.

    ასეთი და უფრო უარესი დარღვევები თითქმის ყველა საჯარო უწყებაში ხდება. მიუხედავად ამისა, პარლამენტის რეაგირება ნულოვანია. "რეზონანსი" პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რა პროცედურები უნდა მოჰყვეს აუდიტის განცხადებებს, რათა შემდგომში მსგავსი ფაქტები მინიმუმამდე შემცირდეს. დიდი მცდელობის მიუხედავად, დეპუტატებმა სხვადასხვა მიზეზით არ ისურვეს კომენტარის გაკეთება. როგორც ჩანს, პარლამენტში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვას პრობლემად არ აღიქვამენ.

    სამართლის სფეროს სპეცილისტი აკაკი ჩარგეიშვილი კი დეპუტატთა გულგრილობას უცნაურს უწოდებს. მისი აზრით, აუცილებელია სანქციების დაკისრება დამრღვევი უწყებების მიმართ.

    "გენერალური აუდიტის მიერ სხვადასხვა სტრუქტურის შეფასება საკმაოდ საინტერესოა. დარღევევა მართლაც ბევრია. არსებობს ბიუჯეტის შესახებ ყოველწლიური კანონი და ყველა ის ხარჯი, რომელიც უნდა გასწიოს კონკრეტულმა უწყებამ, სამინისტრომ, მუხლობრივადაა გაწერილი, თუ როგორ, რაში და რა ოდენობით იხარჯება.

    ერთი მხრივ, რასაც აუდიტი აქვეყნებს, არის სერიოზული საბიუჯეტო დარღვევა, მეორე მხრივ საინტერესოა, რამდენად მიანიჭებენ ამას კრიმინალურ ხასიათს? მე, როგორც იურისტი და საფინანსო სფეროს სპეციალისტი, არ ვარ იმის მომხრე, რომ ყველა ფინანსურ დარღვევაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იყოს დაწესებული, თუმცა აუცილებელია სანქციები, ჯარიმები და სხვა საშუალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა უფრო დიდი ენთუზიაზმით გაგრძელდება", - განუცხადა "რეზონანსს" ჩარგეიშვილმა.

    სპეციალისტი კონკრეტულად შეეხო აუდიტის მიერ წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ დასკვნებს და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რაც უსაფრთხოებას ეხება, კერძო აუდიტს გადაეცეს. გენერალური აუდიტორის მიერ ჩატარებული კვლევები საპარლამენტო კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. დეპუტატები უნდა რეაგირებდნენ ფინანსურ დარღვევებზე. ახლა ეს მიდგომა ქვეყანაში დარღვეულია და თუ სისტემურად არ გამოსწორდა მიდგომა, საბიუჯეტო განუკითხაობა ნამდვილად კოლაფსამდე მიგვიყვანს.

    "რაც შეეხება უშუალოდ გენერალური აუდიტორის ოფისის მიმართ საქართველოს პარლამენტის ურთიერთობას. სამწუხაროა, რომ პარლამენტი წავიდა ეროვნული ბანკის პრაქტიკით. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი მარეგულირებელი (სებ-ი, აუდიტი) ექვემდებარება გარკვეულ კონტროლს. ეროვნული ბანკისთვის პარლამენტმა აირჩია მოდელი, როდესაც მთლიანი ზედამხედველობა გადაცემული აქვს საერთაშორისო კერძო აუდიტორულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს სებ-ის ყოველწლიურ აუდიტს. მთელი ქვეყნის სრული ფინანსური ინფორმაცია გადაცემული აქვს კერძო აუდიტორულ კომპანიას. ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა, რადგან წვდომაა იმ საიდუმლო ფინანსურ ინფორმაციაზე, რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია.

    ახლა პარლამენტი ირჩევს იმავე გზას სახელმწიფო აუდიტის ოფისის შემოწმებისას. მათ სურვილი აქვთ, შეიყვანონ საერთაშორისო კერძო აუდიტორული კომპანია, რომელიც, ცხადია, სამუშაოს შეასრულებს, მაგრამ მას ექნება წვდომა მთელი ქვეყნის თავდაცვის, უშიშროების, საპოლიციო, განათლებისა და ფინანსებთან ასოცირებულ პროცესებთან. პრაქტიკულად საკანონმდებლო ხელისუფლება საპარლამენტო კონტროლს გადასცემს კერძო კომპანიას. ასეთი მიდგომა შესაცვლელია და თანაც - სასწრაფოდ, თორემ კოლაფსამდე მიიყვანს სახელმწიფოსაც და ეროვნულ უსაფრთხოებასაც", - აღნიშნა ჩარგეიშვილმა.

    არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების მენეჯერი ლევან ნატროშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნების გათვალისწინება არ ხდება არც პარლამენტის და არც სამთავრობო უწყებების მხრიდან. ეს ქვეყნისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. აუდიტის ანგარიშებში ბევრი რეკომენდაციაა, ასევე არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც, მაგრამ მათზე რეაგირება თითქმის არ ხდება.

    "აუდიტის სამსახურის დასკვნები საკმაოდ საინტერესოა. წლების განმავლობაში ვეცნობით მათ მიერ გამოაშკარავებულ პრობლემებს, რაც საჯარო უწყებებში არსებობს. სამწუხაროდ, არავინ მასზე არ რეაგირებს. ამ დროს ანგარიშებში ბევრი რეკომენდაციაა, ასევე არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც, მაგრამ წლები გადის და ყურადღებას არავინ აქცევს.

    ჩვენ აუდიტის სამსახურთან გვაქვს ურთიერთობა და ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობის გამო. არათუ სისხლის სამართლის დანაშაულზე არ რეაგირებენ, არამედ სარეკომენდაციო ხასიათის რჩევებსაც არ ითვალისწინებენ. ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა", - განუცხადა "რეზონანსს" ლევან ნატროშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ჟონ დი   (11.04.2018)
    ბატონმა ბიძინიმ თუ იცის ეს ამბავი, ელიზამბარაშვილს რომ მორჩება მერე მოიცლის ალბათ ქვეყნისთვისაც: https://www.youtube.com/watch?v=AHwuk0TJb1A


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved