სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ბიტკოინის ღირებულება კი არ გაიზრდება, პირიქით, შემცირდება და ეს ემუქრება უკლებლივ ყველა კრიპტოვალუტას"
    მარი ჩიტაია
    11.04.2018

     ბიტკოინის ფასი კლებას განაგრძობს. 5 თვეში კრიპტოვალუტის ღირებულება 65%-ზე მეტით გაუფასურდა. 2017 წლის დეკემბერში ბიტკოინის ღირებულება 20 ათას დოლარს აღწევდა, ახლა კი 6 700 დოლარის ფარგლებშია. ამ პროცესზე გავლენა ძლიერი ცენტრალური ბანკების მიერ გაკეთებულმა მკაცრმა განცხადებებმა მოახდინა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მისი გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდეს.

    მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ორგანიზაციები ბიტკოინის სრულ დაცემას პროგნოზირებენ. "ბანკ ოფ ამერიკას" ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ისტორიაში ყველაზე დიდი "საპნის ბუშტი" მალე გასკდება. ფინანსისტები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინი იმავე გზას გაიმეორებს, რაც თავის დროზე სხვა "მსხვილმა საპნის ბუშტებმა" გაიარეს, როგორებიც იყო: "ოქრო", "ტიტები", "მისისიპი კომპანი" და ა.შ.

    სხვაგვარად ფიქრობს ცნობილი მილიარდერი ჯორჯ სოროსი, ვინც კრიპტოვალუტით ვაჭრობას გეგმავს. მან ბოლო პერიოდში მთლიანად შეიცვალა წარმოდგენა ციფრულ ფულზე. ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში, ჯორჯ სოროსი კრიპტოვალუტას ბუშტს უწოდებდა. ახლა მისი ოჯახი, რომლის აქტივებიც 26 მილიარდ დილარადაა შეფასებული, კრიპტოვალუტის ვაჭრობის ბიზნესში შედის.

    ერთ-ერთი ვერსიით, ბიტკოინის ფასის ვარდნას სხვადასხვა ფაქტორთან ერთად უკავშირებენ იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ელექტრონული ფულის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს. ცნობილია, რომ აზიური ქვეყნის მთავრობამ შეზღუდა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (გამომუშავება), ასევე გადაწყვიტა ყველა იმ ვებ-გვერდის დაბლოკვა, რომლებიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.

    ფინანსისტი და ანალიტიკოსი მიხეილ თოქმაზიშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ ბიტკოინის ფასმა პიკს მიაღწია და ახლა ვარდნას განიცდის, რაც შეუქცევადი პროცესია.

    "ბიტკოინი კრიპტოვალუტაა, რომელიც არ არის გამაგრებული რამე განსაკუთრებული ღირებულებით. მას პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია და არავინ იცის, როგორ მოიქცევა პროგრამა, როდესაც კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა პიკს მიაღწევს. ყველაფერი იწყება და მერე მთავრდება. ეს პროცესი ახასიათებს ბიტკოინსაც, რომელზეც მოთხოვნამ კულმინაციას მიაღწია და ახლა თანდათან იკლებს", - აცხადებს თოქმაზიშვილი.

    მისი შეფასებით, ბიტკოინის ფასზე გარკვეული გავლენა იქონია ცენტრალური ბანკების მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ციფრული ვალუტა რომელიღაც ეტაპზე დაიწყებდა დაცემას. გარდა ამისა, ბიტკოინზე მოთხოვნის კლება განაპირობა ასევე სხვა კრიპტოვალუტების შემოღებამ, რომლებიც აქტიურად იბრძვიან ბაზარზე დასამკვიდრებლად.

    "ბოლო დროს ბევრი სკეპტიკოსი გამოჩნდა, რის გამოც მოთხოვნა შემცირდა. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ბიტკოინი საპნის ბუშტივით გასკდება. აქვე საყურადღებოა ერთი მომენტიც. ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, შემოიღოს საკუთარი კრიპტოვალუტები, რათა არალეგალური ან სხვა სახის გადარიცხვები აწარმოოს. ასეთია რუსეთი, ირანი, ვენასუელა და სხვა ქვეყნები, სადაც მიმდინარეობს მუშაობა, სახელმწიფოებრივ დონეზე აიყვანონ ციფრული ფული. ეს ამაგრებს ელექტრონულ ფულზე წარმოდგენას, თუმცა ყველა კრიპტოვალუტა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფითაა გამოცემული და ეყრდნობოდა ბაზრის განუჭვრეტელობას, რაღაც ეტაპის შემდეგ აუცილებლად დაეცემა და ეს მოსალოდნელია.

    მიუხედავად ამ ყველაფრისა, ციფრულ ფულს აქვს არსებობის უფლება. მომავალში, როგორც არ უნდა იბრძოლონ მის წინააღმდეგ ქვეყნებმა, მაინც მოუწევთ ანგარიშის გაწევა კრიპტოვალუტისთვის. გაიზრდება რისკიც, მაგრამ ურთიერთობებისა და გარიგებებისთვის ის მოსახერხებელია. ეს არ ნიშნავს, რომ მისი ღირებულება გაიზრდება, პირიქით, შემცირდება და ეს ემუქრება უკლებლივ ყველა კრიპტოვალუტას", - განუცხადა "რეზონანსს" თოქმაზიშვილმა.

    ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე განმარტავს, რომ ბიტკოინი ვერ ამართლებს იმ დაპირებასა და მოცემულობას, რომელიც მის მიმართ ჩამოყალიბდა. სამომავლოდ მის ირგვლივ შეიძლება გაჩნდეს ლიკვიდობისა და ტრანზაქციების კანონიერების პრობლემები.

    "კერძო კომპანიების თავდებობა ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს ფულის მიმოქცევისას. კრიპტოვალუტების დაგროვებისა და საინვესტიციო საშუალებად გამოყენებისას გაჩნდა სამართლიანი შიში. მისი მოდელი ფინანსური პირამიდის მსგავსია და ელექტრონულ ფულს ადარებენ საპნის ბუშტსაც. საერთოდ კი, მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ციფრულ ფულს უფრო დიდი მომავალი აქვს, ვიდრე კერძო და გაურკვეველი კომპანიების მიერ გამოშვებულ "ვალუტას". ჯამში, კრიპტოვალუტას, როგორც ტექნოლოგიას, უფრო დიდი მომავალი აქვს, ვიდრე როგორც ფულს", - აღნიშნა "რეზონანსთან" აბულაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved