სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "როდესაც გარკვეულ საქონელზე წესდება რეგულაცია, ამ შემთხვევაში თამბაქოზე, მისი ფასიც იწევს"
    ნათია ლომიძე
    12.04.2018

     თამბაქოზე მაისიდან ახალი რეგულაცია წესდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალმა რეგულაციამ თამბაქოს ფასის ზრდაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იმპორტიორები მაისიდან პროდუქციას გააძვირებენ. ეს ინფორმაცია "რეზონანსს" თამბაქოს კომპანიებმა არ დაუდასტურეს, თუმცა არც უარყოფენ, რომ ფასის ზრდას თავს აარიდებენ.

    ახალი რეგულაციის მიხედვით, 2018 წლის პირველი იანვრიდან სავალდებულო გახდა სიგარეტის კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების, ე.წ. პიქტოგრამების დატანება. ამასთან, პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში. ასეთივე შეზღუდვაა ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის მოწევაზეც. კანონით, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც და ეს ნორმაც 2018 წლის 1-ლი მაისიდან შედის ძალაში.

    თამბაქოზე აქციზის გადასახადი არ შეცვლილა, თუმცა ფასმა წელს უკვე მოიმატა. სპეციალისტები საფასო ცვლილებას იმპორტიორების თვითნებურ გადაწყვეტილებას უკავშირებენ. იანვრიდან მოყოლებული, სიგარეტზე ფასი 5-10 თეთრის ფარგლებში მუდმივად მატულობს. ჯერ პირველი კვარტალი არ დასრულებულა, თუმცა ზოგიერთი დასახელების სიგარეტი 20-30 თეთრითაა გაძვირებული. თამბაქოზე ფასის ზრდას სარეალიზაციო ჯიხურებშიც ადასტურებენ, თუმცა ვერ საუბრობენ, რა გახდა ფასის მატების მიზეზი.

    ის რეგულაცია, რომელიც მიმდინარე წლის მაისში უნდა ამოქმედდეს, ფასის ზრდას პირდაპირ არ უკავშირდება. აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ გაძვირება, შესაძლოა, რომელიმე კომპანიის სურვილზე იყოს დამოკიდებული. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ მაისიდან ამოქმედებული რეგულაციით იმპორტიორები მომხმარებლის შემცირებას ელოდებიან და ამიტომ მოგების მარჟის გაზრდას ცდილობენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ბაზარზე არსებული მდგომარეობა ნათლად აჩვენებს, რომ ფასების ზრდა ან აკრძალვა პირდაპირ არ უკავშირდება მოხმარების შემცირებას, პირიქით, შავი ბაზრის როლი იზრდება.

    "თამბაქოზე ახალი რეგულაცია წესდება. ერთია დაწესებულებებში მოწევის აკრძალვა და მეორეა შეფუთვასთან დაკავშირებული რეგულაცია. შეზღუდვა პირდაპირ არ უკავშირდება ფასის ზრდას, მაგრამ კომპანიებმა მაინც შეიძლება გააძვირონ პროდუქტი, სხვადასხვა მიზეზით ან პირადი მოსაზრებით მოახდინონ ფასის კორექცია.

    რაც შეეხება შავ ბაზარს, ჩვენს ქვეყანაში ის 1 წელზე მეტია, მომძლავრებულია. ბოლო მონაცემებით, 2015 წელთან შედარებით, 48-ჯერ გაიზარდა შავი ბაზრის მოცულობა. შემოსავლების სამსახურმა ბევრი ფაქტი გამოააშკარავა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კიდევ არსებობს ისეთი შემთხვევები, რომლებიც არ გამოვლენილა.

    როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვნად იზრდება გარკვეულ საქონელზე ფასი და მეზობელ ქვეყანაში იგივე პროდუქტის ღირებულება გაცილებით დაბალია, ყოველთვის იარსებებს კონტრაბანდის რისკი. მეორე საკითხია, რამდენად ართმევენ თავს ამ გამოწვევას კონკრეტული სამსახურები, რომელთა რესურსიც ამოუწურავი ნამდვილად არ არის. ამაზე მკაფიო პასუხი არავის აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ არალეგალური საქონლის წილი მუდმივად მატულობს", - განუცხადა "რეზონანსს" ბაირახტარმა.

    "ველფეარ ფაუნდეიშენის" აღმასრულებელი დირექტორი სიმონ გაბრიჭიძე ადასტურებს, რომ თამბაქოზე რეგულაციის გამკაცრებას, რომელიც ძალაში 2018 წლის მაისიდან შევა, შესაძლოა, პროდუქციის გაძვირება მოჰყვეს. ამის მიზეზი მოხმარების შემცირება იქნება. იმპორტიორებს არ სურთ შემოსავლის დაკარგვა და ამიტომ ეცდებიან, ფასი გაზარდონ.

    "სიგარეტის მოსალოდნელ გაძვირებას იმ რეგულაციის გამკაცრებას დავუკავშირებდი, რომელიც ძალაში პირველი მაისიდან შევა. შეზღუდვის მიზანია, რომ მავნე პროდუქტი ნაკლები მოიხმაროს ადამიანმა. ამგვარი რეგულაცია ყოველთვის მოხმარების შემცირებისკენაა მიმართული. მსგავსი ღონისძიებები ყველა ქვეყანაში ტარდება და ამ მხრივ საქართველომაც უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯი.

    მოსალოდნელ გაძვირებაზე საგადასახადო ფაქტორებს მე პირადად გამოვრიცხავდი. აქ კომპანიების ინტერესია მთავარი. როდესაც გარკვეულ საქონელზე წესდება რეგულაცია (ეს მარტო თამბაქოს არ ეხება), მისი ფასიც იწევს. გარდაუვალი მომენტია", - განაცხადა გაბრიჭიძემ.

    "რეზონანსი" თამბაქოს იმპორტიორ კომპანიებსაც დაუკავშირდა, რათა გაერკვია, ახალი შეზღუდვის გამო მოსალოდნელია თუ არა თამბაქოს ნაწარმზე ფასის ზრდა. მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, სამმა მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიამ პასუხის გაცემას თავი აარიდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved