სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სწორედ საბანკო სისტემა აღარიბებს ბიზნესს და აღატაკებს მოსახლეობას"
    მარიკა გოგოხია
    14.04.2018

     ეკონომიკაზე საბანკო სექტორის გავლენის თემა ტემპს კრებს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით ბანკები საკმაოდ უკმაყოფილონი დარჩნენ. მათი აზრით, საბანკო სისტემა არა ეკონომიკის მუხრუჭი, არამედ მისი ძირითადი დამფინანსებელი. მათთვის მიუღებელია კრიტიკა საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებითაც. მიუხედავად ამისა, მამუკა ბახტაძე პოზიციას არ ცვლის. მის პათოსს დეპუტატებიც იზიარებენ.

    "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საფინანსო სექტორის გარდა, სხვა დარგებშიც გვქონდეს სწრაფი ზრდა. სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობდეს არანაირი წინაღობა კონკურენტუნარიანი პროექტებისა და იდეების განსახორციელებლად.

    შესაბამისად, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად, შევიმუშავებთ ისეთ თამაშის წესებს, ფინანსურ მექანიზმებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისა და სტარტაპების განვითარებას.

    მინდა ხაზი გავუსვა ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ ამოცანას: ეს არის სიღარიბის დამარცხება. მისი არსი გადის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებაზე და მათ წახალისებაზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში სიღარიბეს აუცილებლად დავამარცხებთ", - აღნიშნა ბახტაძემ.

    ბანკებთან დაკავშირებით დასმულ მინისტრისეულ "დიაგნოზს" პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი სავსებით ეთანხმება. მისი აზრით, საბანკო სისტემა, რომელიც დღეს, ძირითადად, ორი ბანკით არის წარმოდგენილი, არის ბიზნესის გაღარიბებისა და მოსახლეობის გაღატაკების მთავარი მიზეზი.

    "სწორედ საბანკო სისტემა აღარიბებს ბიზნესს და აღატაკებს მოსახლეობას. რასაკვირველია ამის შემდეგ ქვეყნის განვითარება შეფერხებულია და ბანკები მართლაც იქცენ ჩვენი ეკონომიკის მუხრუჭად", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

    მიუხედავად იმისა, რომ ბანკირების წინააღმდეგ კამპანია აგორდა, ისინი უკან დახევას არ აპირბენ. ფინანსთა მინისტრის განცხადებას ქვეყნის წამყვან საფინანსო ინსტიტუტებში უკვე გამოეხმაურნენ და დაუფარავად მიანიშნეს კიდეც, რომ მისი პოზიცია მიუღებელია.

    "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე.

    "საბანკო სისტემა არის ქართული ეკონომიკის 60%-ის პროცენტის დამფინანსებელი. იგი არის არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი და გამორჩეული. სწორედ საბანკო სისტემამ შემოიტანა ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი და მინდა გითხრათ, რომ რეგიონში გვაქვს ყველაზე დაბალი განაკვეთი.

    უფრო მეტიც, რომ ჩვენგან დაფინანსებული ქართული კორპორაციები და კომპანიები, უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს იხდიან, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთებია", - განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ეკონომიკის დამფინანსებელი არის მხოლოდ ქართული საბანკო სისტემა, რაც სამწუხაროა ფაქტია.

    საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშიურებით კრიტიკას "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე მხოლოდ ნაწილობრივ დაეთანხმა.

    "მინისტრს მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთები საქართველოში მაღალია, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და ეს რეალობაა. ჩვენ თუ შევადარებთ ბევრ განვითარებად ქვეყანას, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, განაკვეთები შესაფერისია ამ ქვეყნებთან", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება სასტარტო კაპიტალის პროგრამასთან და სტრატაპების დაფინანსებასთან დაკავშირებით გააკეთა.

    "სტარტაპების დაფინანსება სასესხო კრედიტებით მართლაც რთულია. ეს დასავლეთის ბევრ ქვეყანაშიც ასეა. ძალიან ძნელია და დიდი რისკიდან გამომდინარე ხდება ასე. მიუხედავად ამისა, "საქართველოს ბანკი" ცდილობს არა მარტო სტარტაპების, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ინიციატივა გამოიჩინოს.

    ჩვენ ბიზნესის დაფინანსებაში აქტიურად ვართ ჩართულნი და ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან და მთავრობასთან. ახალი ინიციატივა, რომელიც სასტარტო კაპიტალის დაფინანსებას შეეხება, ხელს შეუწყოს სტარტაპების განვითარებას. გვინდა ამ პროცესში აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა კიკნაველიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved