სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქართულ ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში შეიძლება პრობლემა შეექმნას
    მარი ჩიტაია
    14.04.2018

     ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეგიონის ვალუტები საგრძნობლად გაუფასურდა. არ არის გამორიცხული, ამ პროცესმა გარკვეული გავლენა იმპორტირებულ პროდუქტის ფასსა და ასევე ლარზეც მოახდინოს, რაც წინა წლებში არაერთხელ მომხდარა. როგორც "ბლუმბერგის" მონაცემიდან ჩანს, რუსული რუბლისა და თურქული ლირის კურსი ბოლო პერიოდში მკვეთრად ეცემა.

    განსაკუთრებით პრობლემა აქვს თურქულ ვალუტას. 1 დოლარის ღირებულებამ 4,11 ლირას გადააჭარბა. მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, კურსი 3,86-დან 4,13-მდე ავარდა. იგივე შეიძლება ითქვას, რუსულ რუბლზე, რომელიც 56-დან 63-მდე გაუფასურდა, რაც ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.

    საქართველო სავაჭრო პარტნიორობის მხრივ ამ ქვეყნებთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ საფრთხე ლარსაც დაემუქროს. ექსპორტის მიმართულებით კი ორგვარი მოსაზრება არსებობს. ერთი მხრივ, ქართული პროდუქტის ფასი თურქეთსა და რუსეთში გაიზრდება (ადგილობრივი ვალუტების დევალვაციის ფოზე), მაგრამ შეიძლება ექსპორტიორებმა მაინც იხეირონ.

    ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას აზრით, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში სავალუტო ცვლილებები გარკვეულ გავლენას ადგილობრივ ბაზარზეც მოახდენს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ვალუტის კურსს სასიკეთოდ დაეტყო, პოზიტიური მოლოდინია, რომელიც ტურისტული სეზონის მოახლოებას უკავშირდება.

    მაკალათია არ გამორიცხავს, რომ მომდევნო თვეებში ლარი უფრო გამყარდეს კიდეც, რაც სეზონური ცვლილებით იქნება გამოწვეული, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საგარეო ფაქტორიც. ლარზე გარკვეულ გავლენას მოახდენს რეგიონული ვალუტების კურსთა მერყეობაც. თურქეთსა და რუსეთში ამ მხრივ პრობლემებია.

    "დავიწყებ რუსეთით, რადგან იგი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. რუბლის ცვლილება ქართულ ბაზარზეც უდავოდ აისახება. ვფიქრობ, ვარდნა იქ აუცილებლად გაგრძელდება და ამას ინფლაციაც დაემატება. შესაბამისად, ადგილობრივი პროდუქტის ფასი შეიცვლება.

    რუსეთი მსხვილი იმპორტიორია, რომელსაც ჩვენი ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სხვადასხვა სასურსათო ჯგუფზე. მათზე ფასის ზრდა სავსებით მოსალოდნეულია, რამაც შეიძლება ჩვენი მომხმარებელი დააზარალოს.

    რაც შეეხება ექსპორტს, შესაძლოა, ამ მხრივ რეგიონული ვალუტების გაუფასურება სასიკეთოც იყოს, რადგან ქართული პროდუქტის ფასი აღნიშნული ქვეყნების ბაზრებზე აიწევს. ამით ზოგიერთი ექსპორტიორი გარკვეულ სარგებელს ნახავს. ზოგიერთი მიმართულებით სასაქონლო დეფიციტი რუსეთში მოსალოდნელია, რის ათვისებასაც ქართველი მწარმოებლები წარმატებით შეძლებენ. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია, რამდენად მასშტაბური იქნება პროცესი, ვერ გეტყვით", - ამბობს "რეზონანსთან" მაკალათია და დასძენს, რომ რუბლის გაუფასურების გამო, საქართველო გაცილებით მეტად იზარალებს, ვიდრე ამ პროცესისგან სარგებელი შეიძლება მიიღოს.

    "ძირითადი სასაქონლო ჯგუფი, რაც რუსეთში იგზავნება, არის ფეროშენადნობები, მინერალური წყლები, ღვინო და სპირტიანი სასმელები. ადგილობრივ მწარმოებლებს, რომლებსაც ეს პროდუქტი რუსეთში გააქვთ, შესაძლებლობა აქვთ, სავალუტო პროცესი თავის სასარგებლოდ შემოატრიალონ.

    არის მეორე სცენარიც: როცა მეზობელ ქვეყანაში ინფლაციაა, მოთხოვნა უფრო ძირითადი მოხმარების საგნებზე იმატებს, ფუფუნებაზე ფიქრის დრო ნაკლებად რჩება ხალხს. ასე რომ, სარგებელთან ერთად, ზარალიც შეიძლება მივიღოთ. მთლიანობაში, რუბლის გაუფასურება უფრო დაგვაზარალებს, ვიდრე გვასარგებლებს.

    ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და საგარეო ბაზრებზე მცირე ცვლილებაც კი პრობლემას შეგვიქმნის. ჩვენდა სასიკეთოდ მოვლენები ნაკლებად განვითარდება.

    რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, ჯერჯერობით მას გეზი გამყარებისკენ უჭირავს. ასეთი ტენდენციაა ბოლო თვეების განმავლობაში. პირველი 2 კვარტალი მეტ-ნაკლებად სასიკეთოა ლარისთვის, მაგრამ შემდეგ გაუფასურების პერიოდი იწყება. გარდა ამისა, საგარეო ვალის გადახდა გვიწევს და ეს ფაქტორიც დევალვაციის გამომწვევი შეიძლება გახდეს", - აღნიშნავს მაკალათია.

    ანალიტიკოსი შოთა გულბანი კი აცხადებს, რომ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტების გაუფასურება ლარის კურსზე გავლენას არ იქონიებს.

    "ლარის გაუფასურების ან გამყარების მიმართულებით ცვლილებას რეგიონული ვალუტების გავლენის გამო არ ველოდები. ქართულ ვალუტას დღესდღეობით სულ სხვა მოცემულობა აქვს.

    სამაგიეროდ, ექსპორტ-იმპორტის მხრივ ცვლილება ნამდვილად მოსალოდნელია. რუსეთსა და თურქეთში მიმდინარე პროცესებს უნდა დავაკვირდეთ. რუსული რუბლი თუ გაუფასურდა და ამას ინფლაციაც თან დაერთო, ეს ადგილზე ქართულ პროდუქტს გააძვირებს", - განუცხადა "რეზონანსს" გულბანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved