სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სახელმწიფო სულაც არ ცდილობს მათ დაშლას, სემეკი კი მომავალში ტარიფის ზრდას აქედანვე პროგნოზირებს
    თამუნა მუკბანიანი
    17.04.2018

     ენერგოსფეროში, იქნება ეს გაზისა თუ შუქის კომპანიები, კონკრეტულ არეალში მხოლოდ ერთი კომპანია ოპერირებს და ასე იქმნება ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიები. ფაქტია, იქ, სადაც არჩევანი არ არის, სამომხმარებლო ტარიფი უფრო მაღალია. ქვეყანაში ენერგოკომპანიების დიქტატია, ხოლო მომხმარებელს კაბალურ პირობებზე უწევს დათანხმება.

    საქართველოში რამდენიმე თავისთავადი ე.წ. ბუნებრივი მონოპოლია არსებობს. ეს ეხება როგორც გაზის, ასევე დენის სექტორს და ნაწილობრივ წყალმომარაგებასაც. თბილისის ელექტროენერგიით მომარაგება "თელასის" ვალდებულებაა, რეგიონებში კი მხოლოდ "ენერგო პროა". არჩევანი ამით ამოიწურება. რაც შეეხება გაზმომარაგებას, ამას თბილისში "ყაზტრანსგაზი" აკეთებს (რომლის მენეჯმენტშიც ყაზახური მხარე არ მონაწილეობს), ხოლო რეგიონების უზრუნველყოფა თითქმის სრულიად ევალება "სოკარს".

    იქ, სადაც მონოპოლიაა, ფასს ბაზარი ვერ არეგულირებს. კომპანიები სემეკს მუდმივად ფასის გაზრდას სთხოვენ, რაც ხდება კიდეც და წლიდან წლამდე მოსახლეობას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი უძვირდება. სემეკი ცდილობს, ტარიფი იმ ოდენობით არ გაზარდოს, რაც კომპანიების სურვილია, თუმცა მათი მოთხოვნის უგულებელყოფაც შეუძლებელია. ინვესტიციები, რომელსაც კერძო სექტორი ქსელის გაფართოებისათვის აბანდებს, მოსახლეობის ჯიბიდან უნდა დაფინანსდეს. ეს არის არგუმენტი, რითიც საბოლოოდ ფასი დგინდება.

    სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ბაზრის სასწრაფო დემონოპოლიზაცია და ამისათვის სახელმწიფომ კანონში ცვლილება უნდა შეიტანოს.

    ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ გაჩნდება ბაზარზე რამდენიმე ალტერნატიული კომპანია, დაიწევს ტარიფი, რაც სრულიად შესაძლებელია სახელმწიფოს კეთილი ნების შემთხვევაში. მისივე თქმით, მონოპოლიები ხელოვნურადაა შექმნილი და მათი აუცილებლობა არ არსებობს.

    "აუცილებელია, ენერგომონოპოლიები დაიშალოს, რადგან ისინი ხელოვნურადაა შექმნილი. ადრე იყო ასეთი ორგანიზაცია "საქენერგო", რომელიც აერთიანებდა ენერგოგენერაციას, ელექტროგადაცემას, დისპეტჩერიზაციას და ყველა სხვა კომპონენტს. თავის დროზე ეს კომპანია უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციით დაიშალა ცალკეულ ერთეულებად და ყველა კომპონენტი გაიმიჯნა, რამაც მნიშვნელოვანი კონკურენცია გააჩინა ბაზარზე.

    სამწუხაროდ, 2007 წლის შემდეგ სახელმწიფომ დაუშვა პრეცედენტი და მოხდა გაერთიანება ამჯერად უკვე უცხოური კომპანიების ხელში, რამაც ხელახლა წარმოქმნა მონოპოლიები. ამ პირობებში ახალი მოთამაშის ბაზარზე გამოჩენა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. მათი ისევ დაშლა ერთადერთი გზით, სახელმწიფოს მიერ მიღებული ახალი კანონითაა შესაძლებელი.

    სადაც მონოპოლიაა, იქაა მაღალი ტარიფიც. თუნდაც აბონენტად რეგისტრაციისათვის დაწესებული ფასი არ არის ადეკვატური, რომ აღარაფერი ვთქვათ მაღალ სამომხმარებლო ტარიფზე. ასეთი ვითარებაა ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის შემთხვევაშიც.

    გასაგებია, რომ თითოეულ კომპანიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რის საფუძველზეც მუშაობენ ამ პირობებით, თუმცა "სითი პარკი" ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია სახელმწიფოს ურყევ ნებას. გაჩნდება ბაზარზე რადენიმე ალტერნატიული კომპანია, გაიაფდება ტარიფი. ეს არ არის პოპულისტური განცხადება, ეს არის რესურსი, რომელიც გვაქვს და არ ვიყენებთ", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

    სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა დემონოპოლიზაციისაკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან სადაც მონოპოლიაა, იქ ფასი ხარისხს უსწრებს.

    "ჩვენ ენერგეტიკის სფეროში ორმხრივად ვართ ჩამორჩენილი. ერთი, რომ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და, მეორე მხრივ, ჩვენი ჩამორჩენა აშკარაა ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროების განვითარების კუთხით. საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების წილი მიზერულია მაშინ, როცა ქვეყნების უმეტესობამ ამ მხრივ გიგანტური ნახტომი გააკეთა. პირველ რიგში, სახელმწიფო ამ სექტორის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს. გარდა ამისა, ქვეყანაში დაახლოებით 26 ათასი მდინარე და ნაკადულია, სადაც შეიძლება ეკოლოგიურად აბსოლუტურად უსაფრთხო მიკროჰესების მშენებლობა.

    საქართველო გაზის რესურსის მხრივ თითქმის სრულადაა დამოკიდებული აზერბაიჯანზე და ამ სექტორში რუსეთისაგან დამოუკიდებლობა ერთგვარ პრინციპულ საკითხად მიიჩნევა. ამ დროს შარშან საქართველოში იმპორტირებული მარცვლეულის 100% რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. ეს უკვე ორმაგი სტანდარტია, როცა პირველადი მოთხოვნილების პროდუქტზე დამოკიდებულება არ მიიჩნევა საგანგაშოდ და მხოლოდ ენერგოდამოკიდებულებაა შემაშფოთებელი.

    საიდუმლო არ არის, რომ სადაც მონოპოლიაა, ფასი ხარისხს უსწრებს. ზუსტად ასე ხდება საქართველოში გაზზე და დენზეც", - ამბობს სოსო არჩვაძე.

    ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრი გოჩა შონია "ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, რომ საჭიროა ბაზარზე მოქმედი კომპანიების გამსხვილება, რადგან ასე უკეთესი ხარისხის შეთავაზებაა შესაძლებელი. ფასს არა კომპანიების ცდუნება - დარჩეთ მეტი მოგება, არამედ ობიექტური ფაქტორები განაპირობებს. ამ პირობებში რეგიონებისათვის დენის გაძვირება მომავალ წლებშიც მოსალოდნელია.

    "ბუნებრივი მონოპოლიები არის ქსელური კომპანიები, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიანტები. ენერგოსფეროში გადაცემის ლიცენზიანტი გვყავს სამი, ხოლო განაწილებისა - ორი. შესაბამისად, ისინი თავის არეალში არიან მონოპოლისტები, რაც ნიშნავს, რომ ამ სეგმენტში კონკურენცია შეუძლებელია. გაზის სექტორში კი ჩვენ გვყავს ბუნებრივი აირის გამანაწილებელი დაახლოებით 27-28 კომპანია, 3 დიდი და დანარჩენი წვრილი.

    არ არის პანაცეა, რომ იყოს ბევრი კომპანია ბაზარზე და ამით მოგვარდეს პრობლემა. ჩვენი დაკვირვებით, წვრილი ფირმები არ არიან იმდენად ეფექტურები, როგორც დიდი კომპანიები. ამიტომ ძირითადი მიმართულება უნდა იყოს, რომ გამსხვილდნენ ეს კომპანიები. დავუშვათ, იყოს, მაქსიმუმ, 4 მსხვილი გამანაწილებელი, რომლებიც იქნებიან ძლიერი კომპანიები კარგი მენეჯმენტით. ჩვენი მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის.

    ტარიფს სემეკი ადგენს. ამიტომაც არასწორია ეჭვი, რომ კომპანიას ექნება შესაძლებლობა, მაღალი ფასი დააწესოს და მომხმარებელს ტარიფი გაუზარდოს. კომისია განიხილავს სატარიფო განაცხადებს და იღებს გადაწყვეტილებას. ბოლოს ტარიფის ზრდის მთავარი მიზეზი კომპანიების ინვესტირება იყო. სანამ ქსელი ინვესტიციებით არ გაჯერდება, ასე იქნება. როგორც კი ქსელი იქნება სტაბილური და ძლიერი, ინვესტიციების ამ მოცულობით დაბანდება აღარ იქნება აუცილებელი. "ენერგო პროს" შემთხვევაში ჩვენ 250 მილიონის ინვესტიცია ავსახეთ, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. იმდენად ბევრი რამეა გასაკეთებელი, რომ საუბარი ძალიან დიდ თანხებზეა. წინასწარ შეფასება, რამდენი წელი დასჭირდება ამას, შეუძლებელია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" შონიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved