სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვანო მთვრალაშვილი: "დიზელის საწვავის სტანდარტი 2019 წლიდან იქნება "ევრო 4"-ის შესაბამისი და შემდგომში კიდევ გაუმჯობესდება"
    მარი გოცირიძე
    15.05.2018

     ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის ხარისხის სტანდარტი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, ქვეყანაში შემუშავებულია საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პოლიტიკა, რაც შესაბამისი გეგმის მიხედვით ხორციელდება. კერძოდ, ქართულ ბაზარზე დღეს რეალიზაციაშია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული "ევრო 5"-ის შესაბამისი სტანდარტის დიზელის საწვავი და აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან იმპორტირებული "ევრო 4"-ის შესაბამისი სტანდარტის დიზელის საწვავი.

    საქართველოში მოქმედებს დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, დიზელის საწვავის შემადგენლობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს: ცეტანის რიცხვი - არანაკლებ 48; გოგირდის შემცველობა - არაუმეტეს 100 მგ - კგ; სიმკვრივე 150ს - არაუმეტეს 845 კგ/მ3; პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არაუმეტეს 11%.

    მთავრობის დადგენილებაში აღწერილია, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი მოთხოვნები. კერძოდ, მცირდება გოგირდის დასაშვები ოდენობა დიზელის საწვავის შემადგენლობაში 50 მგ/კგ-მდე, რაც არის "ევრო 4"-ის სტანდარტის შესაბამისი.

    ვანო მთვრალაშვილი: "ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დიზელის საწვავის მიმართ ხარისხობრივი მოთხოვნები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მაგალითად, 2012 წელს მოქმედი ხარისხობრივი მოთხოვნების თანახმად, დიზელის საწვავის შემადგენლობაში გოგირდის შემცველობა უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 300 მგ/კგ; ცხადია, ხარისხობრივი ნორმების მაჩვენებლები მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება და გახდება ევრო 5-ის შესაბამისი, კერძოდ, მასში გოგირდის შემცველობა იქნება არაუმეტეს 10 მგ/კგ-სა;

    აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საწვავის ხარისხის მხრივ კანონდარღვევის შემთხვევაში, როდესაც ის არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, ჯარიმა შეადგენს: ავტოგასამართი სადგურისთვის - 8 ათას ლარს, იმპორტის დროს - 10 000 ლარს, გადამუშავების დროს - 9 000 ლარს.

    აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენიმეჯერ გააკონტროლა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხი და მხოლოდ 3 შემთხვევაში გამოვლინდა კანონდარღვევა. კერძოდ, რეალიზებულ საწვავში გოგირდის შემცველობა აღემატებოდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ესენი იყო ე.წ. არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურები", - აცხადებს მთვრალაშვილი.

    რაც შეეხება რეალიზებული პროდუქციის წარმომავლობას, მისი თქმით, ოფიციალურად ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, იმპორტირებული იყო თუ ადგილზე წარმოებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ადგილობრივი მცირე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო.

    "საქართველოში, ფაქტობრივად, დღეს რეალიზაციაშია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული "ევრო 5"-ის შესაბამისი სტანდარტის დიზელის საწვავი და აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან იმპორტირებული "ევრო 4"-ის შესაბამისი სტანდარტის დიზელის საწვავი.

    სახელმწიფოში საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით არსებობს ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელიც შესაბამისი გეგმის მიხედვით ხორციელდება და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი. კერძოდ, დღეს საქართველოში ბენზინზე მოქმედებს "ევრო 5"-ის ტიპის შესაბამისი სტანდარტი. რაც შეეხება დიზელის საწვავის სტანდარტს, ის მომავალი წლიდან ხდება "ევრო 4"-ის შესაბამისი და შემდგომში კიდევ უფრო გაუმჯობესდება", - აღნიშნავს მთვრალაშვილი.

    მისი განცხადებით, დიზელის საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად ავტოპარკიც უნდა ახლდებოდეს.

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 1 228 100 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთაგანაც დაახლოებით 28-30% დიზელის საწვავზე მუშაობს.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოში ავტომობილების იმპორტის შეზღუდვაზე ეკოლოგიური სტანდარტი არ არსებობს. დადგენილია მხოლოდ ეკოლოგიური სტანდარტი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინსპექტირების გასავლელად.

    ვანო მთვრალაშვილი: "ავტომობილების ეკოლოგიური სტანდარტი არეგულირებს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას. სტანდარტის ძირითადი მაჩვენებელია ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის დონე, რომლებშიც შედის: ნახშირჟანგი, აზოტის ოქსიდები, ნახშირწყალბადები და სხვა.

    2014 წლის 1-ლი აპრილიდან აზერბაიჯანი გადავიდა "ევრო-4"-ის ეკოლოგიურ სტანდარტზე, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტის შეზღუდვას, რომლებიც არ აკმაყოფილებენ "ევრო 4"-ის ეკოლოგიურ სტანდარტს. ჩვენ ვიცით, რომ სტანდარტის შემოღების შემდეგ აიკრძალა აზერბაიჯანში 2005 წელს ზევით წარმოებული ავტომობილების იმპორტი ევროპიდან, 2004 წელს ზევით წარმოებული ავტომობილების იმპორტი აშშ-დან.

    რუსეთში 2013 წლიდან მოქმედებდა "ევრო-4"-ის სტანდარტი როგორც ადგილობრივად წარმოებულ, ასევე იმპორტირებულ ავტომობილებზე, 2016 წლის 1-ლი იანვრიდან კი მოქმედებს "ევრო-5"-ის სტანდარტი.

    დიდი ხანია, მსგავსი შეზღუდვაა ასევე ჩვენს მეზობელ თურქეთში. ყაზახეთში კი მოქმედებს ეკოლოგიური სტანდარტი "ევრო-5" ახალ ავტომობილებზე, ხოლო მეორადზე - "ევრო 4"-ის სტანდარტი. უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთში დაწესებული შეზღუდვის შედეგად საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ქვეყნიდან შემოდის ძველი სატრანსპორტო საშუალებები, ძირითადად სხვადასხვა კატეგორიის სამშენებლო, სასოფლო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტი, რომლებიც ყაზახეთში ხმარებიდან ამოღებულია.

    საწვავის ხარისხის მაჩვენებლების გაუმჯობესებას პარალელურად საავტომობილო პარკიც უნდა განახლდეს. განსაკუთრებით ცუდი ვითარება გვაქვს დიზელის საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების კუთხით. ესენია ძირითადად ასაკოვანი სატრანსპორტო საშუალებები და იმ დროს, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე ეკოლოგიური სტანდარტი, საქართველოში შეუზღუდავად შემოდის მოძველებული, შეიძლება ითქვას, ჩამოწერილი სატრანსპორტო საშუალებები.

    ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ავტოპარკის 46% შეადგენს 20 წელზე ძველ სატრანსპორტო საშუალებებს, 45% - 11-20 წლისაა, 5,4% - 7-10 წლის, 2,3% - 4-6 წლის, 1,3% - 1-3 წლის, ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი კი (91%) 2007 წლამდეა წარმოებული.

    ასაკოვანი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება განვიხილოთ როგორც გარემოს მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი. ამიტომ სასურველი იქნება, რომ დიზელის საწვავის სტანდარტის გაუმჯობესების პარალელურად, ასევე შემუშავდეს გარკვეული რეგულაცია სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე, ვინაიდან სხვა შემთხვევაში გარემოს გაუმჯობესების კუთხით ვითარება არ შეიცვლება. ევროპის, და არა მარტო, ქვეყნებში საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად ვითარდებოდა სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიური სტანდარტი. ზოგიერთ ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიური სტანდარტი საწვავის ხარისხობრივ სტანდარტს ასწრებდა კიდეც".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved