სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ნარკომანია არის საქართველოში შექმნილი უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი"
    თამუნა მუკბანიანი
    15.05.2018

     დღეს ქვეყანაში 60 ათასამდე ინტრავენული ნარკოდამოკიდებულია, ხოლო მათ მკურნალობაზე 5 მილიონი ლარი იხარჯება. სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ არ არსებობს ნარკოტიკი, რომელიც საზიანო არ არის ორგანიზმისათვის და გავლენას არ ახდენს როგორც სხეულის, ასევე ფსიქიკის სიჯანსაღეზე. რაც ყველაზე მთავარია, ამით ნადგურდება ერის გენოფონდი.

    წლიდან წლამდე ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი მატულობს. თუკი 2012 წელს აღრიცხული იყო 40 ათასი ინტრავენული ნარკომომხმარებელი, ბოლო კვლევით, მათი რიცხვი 60 ათასამდეა გაზრდილი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 5 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა - პროგრამა ითვალისწინებს ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობასა და ჩამანაცვლებელი თერაპიით (ე.წ. "მეტადონის პროგრამა") უზრუნველყოფას. უცნობია, რამდენია საერთო ხარჯი ნარკომანიით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.

    ერთი ადამიანის მკურნალობაზე სახელმწიფო 2000 ლარს ხარჯავს. მეტადონის პროგრამით ჩანაცვლება 300 ლარი ღირს. საქართველოში ორი პროგრამა მოქმედებს. ერთს სახელმწიფო პაციენტის თანადაფინანსებით ახორციელებს, მეორე პროგრამას კი საერთაშორისო ორგანიზაცია "გლობალური ფონდი" აფინანსებს.

    ფაქტია, ეს საკმარისი არ არის ნარკოდამოკიდებულთა რიცხვის შესამცირებლად, არც იმისთვის, რომ წლიდან წლამდე ამ სენით დაავადებულთა რაოდენობამ არ მოიმატოს ქვეყანაში. ნარკოდამოკიდებულებას ახლავს თანდართული დაავადებები და გარდა ამისა, როგორც მძიმე, ასევე ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკი სავალალოდ მოქმედებს რეპროდუქციული კუთხითაც. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოდამოკიდებულება უშვილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გარდა ამისა, დიდია გენეტიკური დაავადებების რისკიც.

    ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, რომ არ არსებობს ნარკოტიკი, რომელსაც თუნდაც მცირე პოზიტივი მოაქვს ადამიანისათვის. ქვეყანაში ათიათასობით ინტრავენული ნარკოდამოკიდებული ადამიანია, რომელთა მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე მეტი რესურსის დახარჯვაა საჭირო.

    "ყველა ნარკოტიკი იწვევს გარკვეულ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმშიც და ფსიქიკაშიც, იქნება ეს მძიმე თუ მსუბუქი ნივთიერება. ყველა ნარკოტიკი სხვადასხვა დოზით ვნებს ჯანმრთელობას.

    ქვეყანაში 60 ათასი ინტრავენული ნარკოდამოკიდებული ადამიანია. არავინ იცის ზუსტი რიცხვი, რამდენია პერორალური მომხმარებელი და რამდენი კლუბური ნარკოტიკისა და მარიხუანისა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფაქტია, დღის წესრიგში დგას სამკურნალო პროგრამების გაფართოების საკითხი. აუცილებელია, მეტი ადამიანი იყოს ჩართული რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების პროგრამებში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სიხარულიძემ.

    დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე ნარკომანიას ქვეყნის უდიდეს პრობლემად და უშვილობის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს. მისი თქმით, ამაზე არა მხოლოდ ქართველი, არამედ ევროპელი მედიკოსებიც საუბრობენ.

    "ნარკომანია არის საქართველოში შექმნილი უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი, რომელმაც განსაკუთრებით 90-იანი წლების შემდგომ პერიოდში იჩინა თავი. დღეს უკვე ეს პრობლემა ზენიტშია. ნარკოტიკების მიმართ მიდრეკილება აქვთ სწორედ იმ რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ნაყოფიერი, რომლებმაც უნდა შექმნან ოჯახები და გააჩინონ ბავშვები.

    უშვილობა "გაახალგაზრდავდა" ქვეყანაში - თუკი იყო 35 წელი, დღეს უკვე 25 წელია. უშვილობის გამომწვევი მიზეზების მაჩვენებლებში ყველაზე მეტი წილი ნარკომანიას უჭირავს. ეს ეხება არა მხოლოდ მძიმე, არამედ მსუბუქ ნარკოტიკებსაც. მეტიც, როგორც საერთაშორისო დონის სპეციალისტები გვეუბნებიან, არ არსებობს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკი, ყველა ნარკოტიკი მავნეა. მაგალითად, მარიხუანა ბევრად მძიმე შედეგის გამომწვევია უშვილობის კუთხით, ვიდრე მძიმე ნარკოტიკი.

    დღეს საქართველოში ვერ მოგვარდება დემოგრაფიული პრობლემები, როგორც უნდა დაეხმაროს სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებს, როგორც უნდა ეცადოს სხვადასხვა ფონდი, თუკი სწორი ნარკოპოლიტიკა არ იქნება ქვეყანაში.

    ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნარკოლიბერალიზაცია. სწორი პოლიტიკაა რეალიზატორებთან ბრძოლის უკიდურესად გამკაცრება. ჩვენი მოთხოვნაა, 7-15 წელი ციხე კი არა, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს ყველა ნარკოგამსაღებელს. ამის გარეშე შეუძლებელია პრობლემის მოგვარება. მომხმარებლების მიმართ, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს რეპრესიული კანონი.

    რატომღაც ბოლო დღეების განმავლობაში ევროპულ ღირებულებად ნარკოტიკების პროპაგანდა წარმოჩინდა. ლიბერალური და ევროპული ღირებულებები სწორედ ისაა, რასაც ჩვენი ფონდიც სრულად იზიარებს. კანონი, რომელიც უდიდეს ევროპულ სახელმწიფოებში, განვითარებულ დემოკრატიებში, ბელგიასა და გერმანიაშია, უნდა მოქმედებდეს ჩვენთანაც, თუნდაც პირდაპირი კოპირებით. გადმოვიტანოთ ის, რაც უმჯობესია და არა მხოლოდ ერთი, პორტუგალიის მაგალითი, რომელსაც ხშირად იშველიებენ ლიბერალიზაციის მომხრეები.

    მაგალითად, ბელგიაში ნარკომომხმარებლებს, რომლებსაც დოზირების ქვეშ აპატიმრებენ, უტოვებენ არჩევანს - იმკურნალონ თუ წავიდნენ ციხეში. ხაზგასმით ვამბობ, თუ ნარკოდამოკიდებული უარს ამბობს მკურნალობაზე, მას აპატიმრებენ. ეს არის არანებაყოფლობითი მკურნალობა.

    აყველა ქვეყანამ, რომელმაც ლიბერალიზაციის კანონი მიიღო, დაიწყო წინასწარ, თვეებისა და წლების განმავლობაში გაწელილი, ძლიერი ანტინარკოტიკული პოლიტიკა. საქართველოში კი ლიბერალიზაციის მოთხოვნით პროპაგანდა ხდება", - აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე "ბიზნეს-რეზონანსთან".

    საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების სამუშაო ვერსიას აქვეყნებს, სადაც 2017-2027 წლების ნარკოპოლიტიკის სცენარებში პორტუგალიის მაგალითია მოყვანილი. პორტუგალიაში კი დეკრიმინალიზებულია ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების შენახვა, თუკი ის პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved