სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "თუ მისი იდეები პოლიტიკურ ჭაობში არ ჩაიძირა, ვითარების შეცვლა შესაძლებელია"
    მარი ჩიტაია
    15.05.2018

     საქართველოს ეკონომიკას სისტემური რეფორმა სჭირდება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ, შესაძლოა, ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედოს, მაგრამ ეკონომიკური აღმავლობის დასაწყისამდე ჯერ კდიევ შორია. სპეციალისტებს შორის ძალიან ცოტაა ისეთი, რომელსაც ივანიშვილისადმი რწმენა შერჩა. რამდენადაც ექსპრემიერმა თავი შეუსრულებელი დაპირებებით დაგვამახსოვრა, მისი ნდობა ვერც ამჯერად გაამართლებს.

    ფაქტია, რომ ივანიშვილს არსებული პრობლემის დასაძლევად საკმაოდ ეფექტური და სწრაფი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. ცხადია, სიტუაცია არ გაუმჯობესდება, თუკი ხელისუფლებამ ეკონომიკის გამაჯანსაღებელი და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღო.

    პოლიტიკაში დაბრუნებული მილიარდერი პრობლემის არსს აცნობიერებს, თუმცა მიმდინარე ეკონომიკური პროცესების მიმართ საკმაოდ გაზვიადებული წარმოდგენა აქვს, რაც მის განცხადებაში აშკარად ჩანს. მაგალითად, ივანიშვილს მიაჩნია, რომ "საქართველოს ეკონომიკა, შესაძლოა, რეგიონში ყველაზე წარმატებულად ჩაითვალოს".

    "ზრდის ტემპი ყველაზე შთამბეჭდავია ბოლო სამი წლის განმავლობაში და ამას სწორი შეფასება სჭირდება. იმედი ვიქონიოთ და არის იმის საფუძველი, რომ რეგიონში ეკონომიკური ვითარება უკეთესი გახდება და საქართველოში სერიოზული ეკონომიკური აღმავლობა დაიწყება; იმ პრობლემების გარდატეხა, რაც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა ამ რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა და იქვე ისაუბრა პრობლემებზეც, როგორიცაა უმუშევრობა, დასაქმებულებისთვის კი არასაკმარისი ანაზღაურება, დაბალი პენსიები და გაძვირებული ცხოვრება.

    ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის დაბრუნებით გაჩნდა გარკვეული შანსი, რომ რაღაც "ტემპი აიკრიფოს ეკონომიკაში". მართალია, იგი ზოგიერთ საკითხზე მის მოსაზრებას არ იზიარებს, თუმცა არ მალავს, რომ ივანიშვილს ეკონომიკურ პროცესებზე გარკვეული პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

    "ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის მცდელობა უკვე გამოჩნდა ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის ქმედებებში. გარკვეული რეფორმისტული პოტენციალი არის ამ ადამიანში, ამას ვერ უარვყოფთ. ვფიქრობ, რომ ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ ეს ინიციატივები თუ შეიფუთა შესაბამისი პოლიტიკური ნებით და ჭაობში არ ჩაიძირა (როგორც არაერთი საქმე ჩაძირულა), ვითარების შეცვლა შესაძლებელია. ამ ხელისუფლების პირობებში საამისოდ რაღაც შანსი არის, მაგრამ სწრაფ შედეგს ჯერჯერობით არ უნდა ველოდოთ.

    ეკონომიკაში სწრაფად არაფერი ხდება, მთავარია, რომ ტენდენცია გამოიკვეთოს. ფაქტია, რომ ივანიშვილის დაბრუნებით გაჩნდა გარკვეული შანსი, რომ რაღაც დინამიკა აიკრიფოს ეკონომიკაში, რასაც არ გამოვრიცხავ.

    მე მას პრინციპულად არ ვეთანხმები იმაში, რომ ჩვენი ეკონომიკა რეგიონში საუკეთესოა. ვიცი, როგორ არის აწყობილი აზერბაიჯანის ეკონომიკა, როგორ არის ქვეყანა უზრუნველყოფილი სასურსათო უსაფრთხოებითა და ტექნოლოგიების განვითარებით. ქართული ეკონომიკა რეალური სექტორის გაგებით რომ სჯობს აზერბაიჯანისას, ამ აზრს სრულიად არ ვიზიარებ და არ მიმაჩნია სწორად", - აცხადებს ხუხაშვილი და დასძენს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის შესაცვლელად საჭიროა ძირეული რეფორმა, რისთვისაც პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს.

    "ეკონომიკის წარმატება რეალური სექტორის მდგომარეობით იზომება. ჩვენ ვიქეცით მომხმარებელ ქვეყნად და ფული არ არის ეკონომიკური ცხოვრების განსაზღვის მთავარი პარამეტრი. სინამდვილეში ეკონომიკურ მდგრადობას განსაზღვრავს რეალური სექტორის განვითარების დონე და დასაქმების ინდექსი, სადაც ჩვენ საამაყო არაფერი გვაქვს. ეს პრობლემები რომ მოგვარდეს, ძალიან სწრაფი და ეფექტური ქმედებებია განსახორციელებელი, სისტემური რეფორმაა საჭირო.

     იმედი გაჩნდა, რომ საქმე გაკეთდება, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ იმედია. ხელშესახები საფუძველი არ გვაქვს იმისა, რომ ეკონომიკური აღმავლობა დაიწყება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ხუხაშვილმა.

    სპეციალისტები არ მალავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობა არ აქვთ. ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით, ვითარება ვერ გამოსწორდება მხოლოდ იმის გამო, რომ ივანიშვილი დაბრუნდა.

    "ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ივანიშვილის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი არ დასმულა. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ მის დაბრუნებას ეკონომიკაში ცვლილებები მოჰყვება. როგორც ყველა პოლიტიკოსი, ისიც ამბობს, რომ ეკონომიკაში აღმავლობა დაიწყება, მაგრამ ასეთი ნათქვამი არასდროს ამართლებს. ყოველ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ჯერჯერობით რამე გამოსწორდება იმის გამო, რომ ივანიშვილი დაბრუნდა.

    როდესაც მას პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, ეკონომიკაში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. ჯერჯერობით მხოლოდ ბახტაძის ქმედებებში იგრძნობა ეკონომიკური სტრუქტურის შეცვლის სურვილი, ამ მხრივ მივესალმები საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რეგულაციას და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, რაზეც მინისტრმა ისაუბრა.

    საქმე ისე მიდის, რომ თუ ქვეყანაში არ შეიქმნა საშუალო კლასი, რომელიც იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საყრდენი, პოლიტიკური სტაბილურობაც არ მიიღწევა. ხელისუფლებაში დარჩენა თუ სურთ, ქმედითი ნაბიჯებიც უნდა გადადგან.

    ვერ წარმომიდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსვლა ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს. სხვა საკითხია, თუკი ეკონომიკური მიმართულებით რამე თანამდებობას ჩაიბარებს. რაიმეს გაკეთება თუ სურდა, ამის შესაძლებლობა მას ადრეც ჰქონდა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ჯანიაშვილმა.

    ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ ივანიშვილის გზავნილი საზოგადოებისადმი ბოლომდე გაუხსნელი დარჩა. "ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელ პაატა შეშელიძის შეფასებით, ივანიშვილის დაბრუნება ვერ გახდება ქვეყნის ეკონომიკური ცვლილების საფუძველი.

    "განსხვავებული არაფერი უთქვამს, გავიგეთ მხოლოდ ის, რომ საკადრო თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება, ხოლო ინტელექტუალური ცვლილების გარეშე შედეგი ვერ მიიღწევა. ივანიშვილს არათუ ეკონომიკური, პოლიტიკური პროცესების მიმართაც ბუნდოვანი დამოკიდებულება აქვს. ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ხმა არ ამოუღია, არც კი გამოჩენილა. ამდენად, რა იმედი უნდა დავამყაროთ პოლიტიკაში მის მოსვლაზე, ეკონომიკურ ცვლილებებზე და ა.შ.?

    ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების უმეტესობა რეგრესულია. ვფიქრობ, რომ ასეთი განვითარება, ნებისმიერი მათემატიკური ფორმულით, კი არ გვაახლოებს, არამედ გვაშორებს ევროპასთან, ეს არის სინამდვილე", - აცხადებს შეშელიძე.

    მისი თქმით, უცნაური იყო ივანიშვილის დამოკიდებულება მაშინაც, როცა მან ეკონომიკაში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა.

    "არ მინდა, ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან ვისაუბრო, მაგრამ ივანიშვილის ეკონომიკურ შეხედულებებზე წარმოდგენა არ მაქვს, თვითონაც არაფერს ამბობს. ვფიქრობ, დიდი ცვლილების საფუძველს არ იწვევს მისი დაბრუნება. უცნაური იყო მისი დამოკიდებულება მაშინაც, როცა პრობლემაზე ისაუბრა. ვის ეხებოდა, ესეც კი გაუგებარი დარჩა. გამოდის, რომ ყველა კარგია, მაგრამ საქმე არ კეთდება.

    რეალურად არის პრობლემა, მაგრამ ვერ ვხედავთ გადაწყვეტის გზებს, ცოდნაა საჭირო. მართალია, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მთავარია, სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენას მოახდენს. ჯერჯერობით ეს არ ჩანს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" პაატა შეშელიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ვანო   (15.05.2018)
    ერთი ავტორის თავში ჩამახედა აქვს რამე შიგნით თუ არა. ვინ მიიყვანა ეკონომიკა ,,გადარჩენის" საჭიროებამდე, მე? ვინც მიიყვანა ის რისი გადამრჩენელია?


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved