სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მსოფლიო ბაზარზე თეთრი შაქრის ღირებულება 10-წლიან მინიმუმზეა
    მარი ჩიტაია
    16.05.2018

     შაქარი შესაძლოა, 1 ლარამდე გაიაფდეს. ამის მიზეზი მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციაა. საერთაშორისო ბირჟებზე გაიაფების პროცესი უკვე თვეობით გრძელდება და ამჟამად 10-წლიან მინიმუმზეა. იმპორტიორები ფიქრობენ, რომ საქართველოში ფასი კიდევ უფრო დაიკლებს. ამჟამად მაღაზიებში შაქარი დაახლოებით 1,10-1,20 ლარად იყიდება.

    ლონდონის ბირჟაზე 1 ტონა შაქრის ღირებულება 320 დოლარის ფარგლებშია. ასეთი დაბალი ფასი ბოლოს 2008 წლის 1-ელ დეკემბერს დაფიქსირდა. მაშინ უცხოურ ბაზრებზე შაქარი 318 დოლარი ღირდა, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ 1 ტონა თეთრი შაქრის ფასი 312 დოლარზეც კი ჩამოვიდა.

    ამდენად, დიდია ალბათობა, რომ ფასი ადგილობრივ ბაზარზე კიდევ შეიცვალოს. როგორც იმპორტიორები აღნიშნავენ, ფასის კლება საქართველოში კონკურენციის ზრდამ და იაფი პროდუქტის შემოტანამ გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება, 1 კგ შაქრის საცალო ფასი 1 ლარამდე ჩამოვიდეს. გაგრძელდება თუ არა ტენდენცია გრძელვადიან პერსპექტივაში, ჯერჯერობით პროგნოზი არ კეთდება.

    რეალურად, შაქარი შეიძლება უფრო იაფიც ღირდეს, რადგან მისი თვითღირებულება 77 თეთრია. იმპორტიორებისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი მიზეზი, რის გამოც პროდუქტის გაიაფება უჭირთ, არასტაბილური სავალუტო კურსია. თუკი ლარის გამყარების ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება და საერთაშორისო ფასიც ხელს შეუწყობს, შესაძლოა, შაქარი საქართველოში 10-15 თეთრის ფარგლებში კიდევ გაიაფდეს.

    საერთაშორისო ბაზარზე "თეთრი ოქროს" გაიაფება გახდა მიზეზი, რის გამოც კომპანია "აგარის შაქარი" უახლოეს პერიოდში წარმოებას აღადგენს. კომპანიის გენერალურ დირექტორ ალხან ალიზადეს ინფორმაციით, კომბინატი მუშაობას 1-ლი ივნისიდან გააგრძელებს.

    ბოლო წლების განმავლობაში "აგარის შაქარმა" მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა. მიზეზად კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან ის ფაქტი სახელდებოდა, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა. ამიტომ, ნოემბრიდან მოყოლებული, "აგარის შაქარმა" თანამშრომლებთან გაწყვიტა შრომითი ურთიერთობაც, თუმცა ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ, პროფკავშირებისა და ბიზნესომბუდსმენის შუამდგომლობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

    "შაქრის ბაზარზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. გარდა იმისა, რომ პროდუქტის ფასი შემცირდა, ბაზარიც უფრო კონკურენტუნარიანი გახდა. წინასწარ პროგნოზი მიჭირს, თუმცა ტენდენცია თუ გაგრძელდება, ალბათ, ფასი კიდევ დაიწევს. არ გამოვრიცხავ, 1 ლარამდეც ჩამოვიდეს, მაგრამ ასეთი ფასი რამდენად შენარჩუნდება, ცოტა ძნელი სათქმელია.

    მოგეხსენებათ, თავის დროზე იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციისა და საერთაშორისო ბირჟებზე შაქარზე მაღალი ფასის გამო შეგვექმნა პრობლემა. კონკურენციის მხრივ ბოლო პერიოდში ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა. ნედლეულიც იაფი ღირს და ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ წარმოება აღვადგინოთ", - განუცხადა "რეზონანსს" ალიზადემ.

    სადღეისოდ, საქართველოში შაქარი უკრაინიდან, ბულგარეთიდან და ბრაზილიიდან შემოდის. იმპორტიორების ინფორმაციით, გაიაფების პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც იმპორტიორ ქვეყნებს უკრაინა დაემატა. მძაფრი კონკურენციის შედეგად ფასი ბრაზილიამაც დასწია.

    სადისტრიბუციო კომპანია "გრანდის" დამფუძნებელი, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ გაიაფდება არა მხოლოდ შაქარი, არამედ თითქმის ყველა ის პროდუქტი, რომელიც შაქარს შეიცავს.

    "შაქრის მსოფლიო ბაზარზე საფასო დინამიკა ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გაიაფებისკენაა, ყველგან საკმაოდ დაბალი ფასია. საქართველოს შემთხვევაში, ეს პროცესი, გარკვეულწილად, უკრაინიდან შაქრის იმპორტის გააქტიურებას უკავშირდება. როგორც ცნობილია, თავის დროზე ამ ქვეყნიდან შაქრის იმპორტმა "აგარის შაქრის" წარმოებას ხელი შეუშალა, თუმცა რამდენადაც ვიცი, ახლა ვითარება გამოსწორდა.

    როდესაც უცხოურ ბაზარზე პროდუქტი იაფდება, აქაც ადეკვატურ გავლენას ახდენს, მაგრამ ამისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა არსებობდეს. ასეთი ბოლო დროს ლარის კურსია, რის გამოც ხშირად ტენდენციას ბაზარი ადეკვატურად ვერ მიჰყვება.

    ვფიქრობ, შაქართან ერთად, გაიაფდება თითქმის ყველა დასახელების სურსათი, რომლებშიც მას მნიშვნელოვანი წილი უჭირავს, მაგალითად, საკონდიტრო ნაწარმი. იქიდან გამომდინარეც, რომ კონკურენცია დიდია, ამ შანსს ყველა გამოიყენებს და მომხმარებელსაც გარკვეული შვება მიეცემა. თუმცა ეს ყოველივე არ მოხდება უცებ, საჭიროა დრო, რომ საფასო ცვლილება მოხდეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჭყონიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved