სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ივლისამდე განსაკუთრებით რთული პერიოდი იქნება, მერე თანდათან შეიცვლება სიტუაცია
    ნათია ლომიძე
    17.05.2018

     ეროვნული ბანკის ახალმა რეგულაციამ კომერციულ ბანკებში მსესხებელთა რაოდენობა მკვეთრად შეამცირა. დადასტურებული შემოსავლის გარეშე კრედიტის გაუცემლობამ თავისი შედეგი უკვე მოიტანა. საფინანსო სექტორში სესხის მიმღებთა რაოდენობა 20-25%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, საბანკო სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბანკებზე მეტად მომხმარებლები დაზარალდებიან.

    უკვე 10 დღეა, ბანკში სესხის ასაღებად საჭიროა სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან და სხვა მსგავსი სანდოობის მქონე დოკუმენტაცია. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ კომერციული ბანკი თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით უნდა დარწმუნდეს, რომ მსესხებელი მუშაობს და შემოსავალი გააჩნია. სებ-ის მიერ შემოღებული შეზღუდვა იმ ადამიანებს გაურთულებს სესხის აღებას, რომლებსაც დადასტურებული შემოსავალი არ აქვთ.

    რამდენი პროცენტით შეუმცირდათ კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა რაოდენობა, ზუსტი ციფრის დასახელება უჭირს "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელ გიორგი კეპულაძეს, თუმცა ადასტურებს, რომ შემცირება ცალსახაა და ამ ცვლილებას თავად ბანკებიც ელოდებოდნენ. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან უარყოფითად აისახება ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდაზე. თანაც, პირველი ივლისიდან წესდება ახალი საგადასახადო შეღავათებიც.

    "ჯერ ვერ ვისაუბრებთ ზუსტს მაჩვენებელზე, მე დაახლოებითი რიცხვებიც კი არ მაქვს, ამ ეტაპზე რა ვითარებაა. ბანკები ყოველთვიურად აქვეყნებენ ინფორმაციას, რომელიც საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი. რამდენადაც ვიცი, ახალმა რეგულაციამ ტექნიკის მაღაზიებსა და მათ, ვინც განვადებაზე მუშაობს, გაუნახევრა რეალიზაციის მაჩვენებელი. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან რეგულაციამ დაარტყა მცირე სესხებს, განვადებებსა და სხვა მსგავს პროდუქტებს. ეს მოლოდინი ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა, უბრალოდ, ვიცით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ვითარება შეიცვლება და დადებითად აისახება ეკონომიკაზე. მანამდე პირველი ეტაპის გადალახვაა საჭირო.

    სამომავლოდ რომ ვითარება შეიცვლება, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაანონსებული სიახლე. პირველი ივლისიდან ახალი საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება (მცირე მეწარმეები 1%-იან ბრუნვის გადასახადს გადაიხდიან). ეკონომიკურ გუნდსაც აქვს იმის იმედი, რომ ადამიანები, რომლებიც არაფორმალურ სექტორში არიან დასაქმებული, ფორმალურ სექტორში გადაინაცვლებენ, გახდებიან გადასახადის გადამხდელები, დარეგისტრირდებიან და, შესაბამისად, მათი შემოსავალი და ბრუნვა აისახება მთლიან შიდა პროდუქტში. ჩემი აზრით, ეს ცვლილება უცებ ვერ მოხდება და გარკვეული დრო დასჭირდება ამ პროცესის წარმართვას. ხელოვნურად მისი დაჩქარება რამდენად გამოვა, არ ვიცი", - განუცხადა "რეზონანსს" კეპულაძემ.

    სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ სებ-ის შეზღუდვა ბანკებზე მეტად მომხმარებელს დააზარალებს, მიუხედავად იმისა, რომ კომერციულმა ბანკმა რეგულაციის შემდეგ მსესხებლების გარკვეული რაოდენობა დაკარგა. პროფესორი ვახტანგ ჭარაია ფიქრობს, რომ ამ რამდენიმე დღეში 20-25%-ით დაიკლებდა სესხის გაცემის მაჩვენებელი.

    "ახალი რეგულაციის ამოქმედებიდან 10 დღე გავიდა. დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილება საბანკო სექტორს არ შეხებია, რადგან დაუდასტურებელ სესხს არც ამ რეგულაციის ამოქმედებამდე გასცემდა. 1000 ლარამდე სამომხმარებლო კრედიტებს კი აძლევდნენ მოქალაქეებს, მაგრამ მათი მთლიანი მოცულობა საბანკო სექტორისთვის არც პრობლემაა და არც ხეირი.

    უნდა ითქვას, რომ ამ რეფორმის შემდეგ რაოდენობრივად ნამდვილად მოიკლებენ მსესხებლები, სავარაუდოდ, 25%-ით. თუმცა როდესაც ეს რეფორმა შეეხება ლომბარდებსაც და მათაც ექნებათ ვალდებულება, მომხმარებლის შემოსავლიანობა გადაამოწმონ, ამ დროს ბანკში სესხის აღების ალბათობა უფრო დიდი იქნება, ვიდრე იქ.

    ყველაზე მეტად მომხმარებელი იზარალებს, მათთვის ცალსახად უარყოფითია ახალი რეგულაცია იმიტომ, რომ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს შემოსავალი, მაგრამ ვერ ადასტურებდეს, შესაბამისად, ვერც სესხს მიიღებს. თუ დღეს მსესხებელთა რიცხვი უმცირდება საბანკო სექტორს, 2 თვეში ვითარება შეიცვლება. ფინანსთა სამინისტროს დანერგილი სიახლის შემდეგ, მცირე ბიზნესი დიდ შვებას იგრძნობს, შემოსავლებიც ლეგალური გახდება და სამომავლოდ სესხის აღების პრობლემა არავის ექნება", - განუცხადა "რეზონანსს" ჭარაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved