სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ეს ნამატი, უკვე კარგა ხანია, "შეჭმული" აქვს ინფლაციას"
    ნათია ლომიძე
    09.06.2018

     3-წლიანი პაუზის შემდეგ მთავრობა პენსიის მომატებაზე ალაპარაკდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ 2019-2020 წლებში იგი 20-20 ლარით გაიზრდება, ესე იგი არჩევნებისთვის საბაზისო პენსია 220 ლარს მიაღწევს. რეალურად, ეს ნამატი, უკვე კარგა ხანია, "შეჭმული" აქვს ინფლაციას და ის კომპენსაციისთვისაც არ გამოდგება.

    ბოლო წლებში ინფლაციამ მოსახლეობას ძალიან შეუტია. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ხანდაზმული ადამიანები. მართალია, მთავრობამ პენსიის მომატება გადაწყვიტა, მაგრამ იგი ინფლაციით მიყენებულ ზარალს ვერ აანაზღაურებს.

    პენსიის ზრდის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს პარლამენტში წარდგენილი აქვს 2019-2020 წლების საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პროგნოზი, სადაც გათვალისწინებულია პენსიის მატება როგორც 2019 წელს, ასევე 2020-შიც. საუბარია 20-20 ლარით მატებაზე.

    მომატებული პენსია ინფლაციის მეშვეობით მიყენებულ ზარალს ვერ დააკომპენსირებს. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, 2016 წლიდან მოყოლებული, 2019 წლამდე ინფლაციის ჯამურ მაჩვენებელს თუ გავითვალისწინებთ, მსყიდველუნარიანობა უკვე 30-35 ლარით შემცირდა. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, იმ საქონლის ღირებულება, რასაც პენსიონერი მოიხმარს, სწრაფად მატულობს, შესაბამისად, პენსიის ოდენობა არასაკმარისია.

    "20-ლარიანი ნამატი ვერ ფარავს ინფლაციის შედეგად გამოწვეულ ვარდნას. 2016 წლის შემდეგ, ბოლოს როდესაც გაიზარდა პენსია, 2019 წლამდე ინფლაციის ტრენდს თუ გავითვალისწინებთ, მსყიდველუნარიანობა 30-35 ლარით შემცირდა. ამიტომ 20-ლარიანი საპენსიო მატებით ნომინალურად გაუფასურების დაახლოებით 60%-ის კომპენსაცია ხდება. რეალურად კი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლებია. მხედველობაში მაქვს ის მდგომარეობა, რომ პენსიონერის ხარჯის დიდი წილი მოდის ისეთი საქონლის შეძენაზე, რომელზეც ფასები უფრო სწრაფად მატულობს, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელია.

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინფლაციის მაჩვენებლის დაანგარიშებაში მონაწილეობს ის საქონელი, რომელზეც ფასი იკლებს, (მაგალითად, იაფდება ტელევიზორები, მობილურები, ზოგადად, ინოვაციური ტექნოლოგიები). მათი მომხარებლები კი პენსიონრები არ არიან.

    ხანდაზმული კატეგორიისთვის საჭირო საქონელი, მათ შორის მედიკამენტები და სურსათი გაცილებით სწრაფად ძვირდება. როდესაც მე ვახსენე გაუფასურება, რეალურად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტია, 20-ლარიანი მომატება კი უკეთეს შემთხვევაში გაუფასურების ნახევარს ფარავს, ისიც ძალიან ოპტიმისტური გათვლის საფუძველზე. 2020 წელსაც გაიზრდება პენსია, მაგრამ იქამდე ქვეყანაში ინფლაციაც მოიმატებს", - განუცხადა "რეზონანსს" არჩვაძემ.

    ფინანსისტი აკაკი ცომაია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ 2016 წლის 180 ლარი (როდესაც ბოლოს პენსიამ მოიმატა) უტოლდება 2019 წლის 200 ლარს. იგი იმედოვნებს, რომ პენსიის მატება ეკონომიკური ზრდის მეშვეობით მოხდება და არა ბიუჯეტის დეფიციტის ხარჯზე. აუცილებელია საბიუჯეტო ხარჯის სწორად გაწერა, უსარგებლო პროგრამების გაუქმება და მისი მეშვეობით პენსიის ზრდა.

    "ამ მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ და პენსია 20 ლარით მოიმატებს, ისევ 180 ლარი დარჩება მისი მსყიდველობითი უნარი. 2016 წლის 180 ლარი (როდესაც ბოლოს პენსიამ მოიმატა) უტოლდება 2019 წლის 200 ლარს. რეალური გაზრდა არ გამოდის.

    იმედია, მატება არ მოხდება ბიუჯეტის დეფიციტის ხარჯზე, რადგან ეს ცალკე განავითარებს ინფლაციურ პროცესებს. თუ ეკონომიკური ზრდა იძლევა ამის საშუალებას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ პენსიის მატებაზე. არ ვიცი, ეკონომიკური ზრდა რამდენად მოგვცემს ამის საშუალებას და არის თუ არა შესაძლებელი უფრო მეტით მომატება. ბიუჯეტში არის უამრავი პროგრამა, მათ შორის ბევრი უსარგებლოც, რომელიც შეიძლება გადაისინჯოს და ამის ხარჯზე მოხდეს საპენსიო თანხის ზრდა.

    პრიორიტეტი უნდა იყოს მეტი პენსია პენსიონერს და არა ისეთი არაფრისმომცემი საბიუჯეტო ხარჯები, რასაც ბიუჯეტში დიდი ადგილი უჭირავს ყოველწლიურად", - უთხრა "რეზონანსს" ცომაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved