სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამუდმებული აქციები და საპრეზიდენტო არჩევნები ინვესტორებს აფრთხობს
    მარი ჩიტაია
    12.06.2018

     არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს გავლენა ინვესტიციებს უკვე დაეტყო. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 33%-ით შემცირდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მოსალოდნელიც იყო. მუდმივმა აქციებმა, ხელისუფლებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ ბრძოლამ და დესტაბილიზაციის შემოტანამ ქვეყანაში, ცხადია, ეკონომიკას საფრთხე შეუქმნა. გარკვეულ გავლენას ინვესტიციებზე, სავარაუდოდ, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიც ახდენს.

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციებმა 279.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 32.9 პროცენტით ნაკლებია. 2017 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 416,4 მილიონი აშშ დოლარი იყო.

    "საქსტატში" ინვესტიციების შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, კერძოდ: საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში რამდენიმე საწარმოს გადასვლას, ასევე - არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას (სასესხო დავალიანების დაფარვა).

    2018 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა - 82,7 მილიონი აშშ დოლარი, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - 51 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მესამეზე ჩინეთი - 41,6 მილიონი აშშ დოლარი. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წლის პირველ კვარტალში 78.7 პროცენტი შეადგინა.

    როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აქციების გამო ყველაზე მეტი პრობლემა ინვესტიციების დარგში იყო მოსალოდნელი და ეს შიში გამართლდა კიდეც. ეკონომისტების ვარაუდით, ინვესტიციების კლების ტენდენცია მეორე კვარტალშიც გაგრძელდება. ბოლო 1 თვის განმავლობაში თითქმის ყოველ მეორე დღეს აქციებია ქვეყანაში, უკმაყოფილება "თეთრი ხმაურის" გამოსვლებით დაიწყო და გრძელდება ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციებით, ხოლო წინა კვირას გაფიცვა თბილისის მეტროს უკმაყოფილო თანამშრომლებმაც მოაწყვეს. ცხადია, ყველა ეს პროცესი ინვესტიციებზე სამომავლოდაც მოახდენს გავლენას, რასაც ეკონომისტები "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებენ.

    ანალიტიკოს ანდრია გვიდიანის ვარაუდით, თუკი აქციები და პროტესტი ხანგძლივად გასტანს, ეკონომიკაში კიდევ მეტი პრობლემაა მოსალოდნელი. გარკვეული საფრთხე ინვესტიციებს მეორე კვარტალშიც შეექმნება.

    "როგორც წესი, ინვესტიციების კლება ან მატება ნათელ სურათს ვერ გვაძლევს, როცა კვარტალს კვარტალთან ვადარებთ. ჩვენ უნდა დავიცადოთ და ინვესტიციების შემოდინება წლიურ ჭრილში შევაფასოთ. აქედან გამომდინარე, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჯერ მხოლოდ წინასწარი მონაცემებია, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, თუმცა ფაქტია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები შემცირებულია და ეს, გარკვეულწილად, ქვეყანაში არასტაბილურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოსაც უკავშირდება.

    არ გამოვრიცხავ, უცხოური კაპიტალის კლების ტენდენცია მეორე კვარტალშიც გაგრძელდეს. ქვეყნის შიდა სიტუაცია ინვესტიციების შემოდინებაზე ადეკვატურად აისახება. მით უმეტეს, თუკი აქციები გაგრძელდა და ინვესტორებმა იგრძნეს არასტაბილური ვითარება ქვეყანაში, ისინი საქართველოში კაპიტალის დაბანდებისგან თავს შეიკავებენ.

    აქედან გამომიდნარე, ნებისმიერი სახის პროვოკაცია, რომელსაც პოლიტიკოსები მიმართავენ, ქვეყნის იმიჯზე, მათ შორის ინვესტიციებზე აისახება და ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოს მნიშვნელოვნად აზარალებს", - ამბობს გვიდიანი.

    როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, გარკვეულ გავლენას ინვესტიციებზე მოსალოდნელი არჩევნებიც მოახდენს, თუმცა საპროტესტო აქციების გავლენაც დიდი იქნება. ასე ფიქრობს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის შეფასებიტაც, ქვეყანაში დესტაბილიზაციის აშკარად გამოკვეთილი სიმპტომებია.

    "საქართველოს საინვესტიციო გარემო საკმაოდ მიმზიდველია იმისთვის, რომ ინვესტორების ყურადღება მიიქციოს, მაგრამ არსებობს ბარიერიც. პრეზიდენტის არჩევნების წელია და ინვესტიციებზე ეს პროცესი ასევე იქონიებს გავლენას. მით უმეტეს, ამ პროცესს წინ უძღვის საკმაოდ დაძაბული ფონი, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამ დროს ინვესტორები ყოველთვის უკან იხევენ. ისინი სიტუაციის გარკვევას ელოდებიან.

    ჩემი აზრით, ვითარება მეტ-ნაკლებად გამოკვეთილია, მაგრამ დესტაბილიზაციის სიმპტომები ნამდვილად არსებობს. ყველაფერი ეს ინვესტიციებზე აისახება და მომავალშიც მოახდენს გავლენას გარკვეული დროის განმავლობაშიც. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ დესტაბილიზაცია დიდხანს არ გაგრძელდება და ვითარება ცოტა ხნის შემდეგ დაწყნარდება.

    მთავრობა შეძლებს ამ გამოწვევისთვის თავის გართმევას ისე, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. სამომავლოდ სერიოზული მუშაობაა გასაწევი კაპიტალის მოსაზიდად და ახლა მთავარია, როგორმე შევძლოთ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯის შენარჩუნება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ავთო სილაგაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved