სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ჩადებული ინვესტიცია და მოგება სრულად შეუსაბამოა, პროქტი წამგებიანია"
    თამარ ვეფხვაძე
    12.06.2018

     "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", რომლის თანამფლობელობაშიცაა "საქნახშირი" და ტყიბულის შახტიდან ქვანახშირს მოიპოვებს, ბაზრის დატოვებას არ გამორიცხავს. მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის ყველაზე მთავარია ის, რომ პროექტი წამგებიანია.

    როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც 2008 წლიდან კომპანიამ ტყიბულში დაიწყო საქმიანობა, თავი არაერთმა სირთულემ იჩინა. პრობლემის მოგვარება ხშირად, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეს "ინდუსტრიული ჯგუფი" გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და დარწმუნებული აღარ არის, რომ ტყიბულში საქმიანობის გაგრძელება კვლავ სურს.

    "იმ შემთხვევაში, თუ "საქნახშირი" გაჩერდება, სახელმწიფოს მოუწევს პროდუქტის სრულად იმპორტით ჩანაცვლება. ჩვენი რეალიზაცია წლის განმავლობაში დაახლოებით 200-250 ათას ტონას შეადგენს და თითქმის 40 მლნ ლარის ოდენობას გულისხმობს.

    ჩადებული ინვესტიცია და მოგება სრულად შეუსაბამოა და პირველი შეცდომაც კომპანიამ, ალბათ, მაშინ დაუშვა, როცა აღნიშნული საქმიანობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ის კაპიტალდაბანდება, რაც იყო გაწეული, ვერასდროს მოიტანს იმ უკუგებას, რაც თავიდანვე ჩადებული იყო ამ ბიზნესპროექტში. თუ გავედით ბაზრიდან, საუბარი იქნება 80-90 მლნ ლარის ზარალზე", - განუცხადა "კომერსანტს" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.

    პირველი პრობლემა არის ის, რომ კომპანია ზარალზე მუშაობს, შესაბამისად, ვერ ხედავს მოგებას. მეორეა აღებული სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც, რისკების მინიმალიზაციის მიუხედავად, მაინც მკვეთრად მაღალია. მესამე პრობლემაა ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაუარესდა კონიუნქტურა და ფასმაც დაიწია.

    გარდა ამისა, სახელმწიფოს მხირდან ამ დრომდე რეალური და შესაბამისი მხარდაჭერა არ არის, კომპანიას კი სჭირდება მეტი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მექანიზაცია, რაც დამატებით თანხებს უკავშირდება. ცალკე საკითხია, რომ ტყიბულის ნახშირი საერთაშორისო ბაზრისთვის არაკონკურენტულია და ერთ-ერთი დიდი ბარიერია ლოგისტიკა - საკმაოდ რთულია ტყიბულიდან ფოთში ტრანსპორტირების საკითხი.

    საქართველოს ბაზრიდან კომპანია "საქნახშირის" შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გამოეხმაურა.

    "საქნახშირთან" დაკავშირებით ოქროს შუალედი ძნელი საპოვნელია, ჩვენ უნდა შევხედოთ, რა უფრო პრიორიტეტულია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან დიდი პრობლემაა უმშევრობა და თუ რა დაუჯდებათ ეს ადამიანებს. ამიტომ, აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩვენ ეს ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ, ასეთია ჩემი რეკომენდაცია და ჩემი მოტივაციაც ამ საქმეში ასეთი იქნება", - განაცხადა რომან კაკულიამ.

    ჯერჯერობით გაურკვეველია, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი". პირველ ეტაპზე იგი, სავარაუდოდ, ხელისუფლების პოზიციას დაელოდება, ხოლო შემდეგ გადაწყვეტს, რამდენად უღირს საქმიანობის გაგრძელება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved