სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ორი სვანეთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დღესაც მიტოვებულია
    თამუნა მუკბანიანი
    12.06.2018

     ტურისტული სეზონი პიკს უახლოვდება, თუმცა ლენტეხი-მესტია-უშგულის 100-კილომეტრიანი გზა, რომლის მშენებლობისთვისაც სახელმწიფოს 100 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი, კვლავ დაუსრულებელია. მიუხედავად პროექტის აქტუალობისა და მასშტაბურობისა, ერთ-ერთ მონაკვეთზე, კერძოდ, ჩოლური-ლაშხეთის დამაკავშირებელ გზაზე, მშენებლობა რამდენიმე თვეა, შეჩერებულია.

    "ბიზნეს-რეზონანსი" აღნიშულ საკითხზე აპრილის ბოლოსაც წერდა, მაშინ გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მშნებლობა მეწყრული პროცესების გამო იყო შეჩერებული, ადგილობრივები კი ამბობენ, რომ მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ქვეკონტრაქტორებს შორის მომხდარი გაუგებრობაა.

    გარდა ვიზიტორებისა, გადაადგილება ადგილობრივებსაც უჭირთ, რადგან გზები სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადათხარეს და მიატოვეს. გზების დეპარტამენტში "ბიზნეს-რეზონანსს" 24 აპრილს განუცხადეს, რომ მშენებლობა მეწყრული პროცესების გამო იყო შეჩერებული და უახლოეს მომავალში განახლდებოდა, ადგილობრივები კი იტყობინებიან, რომ მთავარი საავტომობილო გზის ჩოლურის "გაყინული მონაკვეთი" კვლავ მიტოვებულია.

    ლენტეხი-მესტია-უშგულის 100-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მიმდინარეობს. გზას უდიდესი ტურისტული მნიშვნელობა აქვს ორივე რაიონისათვის, რადგან იგი ლენტეხი-მესტიის ერთადერთი სამანქანო დამაკავშირებელი გზაა. მშენებლობის დაწყება პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა 2016 წელს დააანონსენეს და განაცხადეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლისათვის დასრულდებოდა. იმავეს ამბობდა გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე.

    "აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს მომავალში განახლდება. როგორც კონტრაქტორი აცხადებს, გზის რეაბილიტაცია მეწყრული პროცესების გამო იყო შეჩერებული და ივნისის შუა რიცხვებისათვის დასრულდება", - ეს კომენტარი 24 აპრილს "ბიზნეს-რეზონანსთან" გზების დეპარტამენტმა გააკეთა, ახლა კი ირკვევა, რომ არათუ დასრულება, სამუშაო დაწყებულიც არ არის.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ქვეკონტრაქტორებს შორის გაუგებრობაა და ვერ არკვევენ, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ამ გაუგებრობის გამო უგზოობა. გაზაფხულიდან რეაბილიტაცია ყველგან გაგრძელდა, გარდა აღნიშნული მონაკვეთისა. ისინი კომპანიას გულგრილობაშიც ადანაშაულებენ, რადგან სანიაღვრე მილებისათვის ამოთხრილი გზა მიატოვეს.

    "ბიზნეს-რეზონანსთან" ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ სახელმწიფოს მყისიერი ჩარევის გარეშე კერძო კომპანიები ამ გზას არ დაასრულებენ. მიზეზები, რომლებითაც ისინი მშენებლობის შეჩერებას ხსნიან, აბსურდულია:

    "თავიდანვე ასე დაიწყო, გზის მონაკვეთებს ნაგლეჯ-ნაგლეჯ აკეთებდნენ ქაოსურად. ეს არ ჰგყავდა გზის ერთიანი რეაბილიტაციის პროექტს. შარშან ნომბრის ბოლოს სამუშაოები მთლიანად შეჩერდა ჩოლურის მონაკვეთზე და ამ დრომდე არც დაწყებულა. ადგილობრივების პროტესტის შემდეგ მხოლოდ ის რამდენიმე ეზო გაწმინდეს, რომლებიც მათი წარმოებული სამუაშოების გამო იყო დაზიანებული, დატბორილი ან დაბინძურებული, უმეტესობა კი მიატოვეს. გარდა ამისა, კომისიამ, რომელიც სანიაღვრე მილების ვარგისობასა და სტანდარტებთან შესაბამისობას ამოწმებდა, დაიწუნა არაერთი მონაკვეთი, რომლებიც თავიდან უნდა გაკეთებულიყო. ამისთვისაც არავის უხლია ხელი.

    ეს გზა კომუნისტური პერიოდის შემდეგ მოასფალტებული ნამდვილად არ ყოფილა, ორმოები მრავლად იყო, მაგრამ ამათ გადათხარეს და ბევრად მძიმე მდგომარეობაში ჩაგვყარეს, ვიდრე აქამდე ვიყავით. ზაფხული მოვიდა და უკვე მტვერიც გვაწუხებს. ყოველი მანქანის გავლის შედეგ რამდენიმე წუთი უნდა, რომ ხილვადობა აღდგეს.

    აუტანელ მდგომარეობაში ვართ და გამოსავალიც არ ჩანს, თუ სახელმწიფო სასწრაფოდ არ ჩაერევა. ჩვენს თემში ისედაც ცოტა ადამიანი დარჩა, აქ ცხოვრება ისედაც რთულია და ამას უგზოობა და უყურადღებობაც ემატება", - ამბობს ჩოლურის ერთ-ერთი მკვიდრი.

    ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ადასტურებს, რომ არ ხდება ტენდერში მონაწილე კომპანიის საქმიანობის დეტალური შესწავლა და გამოკვლევა, რათა სახელმწიფო დაზღვეული იყოს მსგავსი რისკისაგან.

    "ამ მონაკვეთის შესახებ საუბარი მახსოვს, რადგან მაშინაც კი, ანუ 3 თვის წინ დასრულების ვადა გადაცილებული იყო. გზის მშენებლობის პროცესში ხარვეზები მრავლადაა. იმედია, ამას მიექცევა ყურადღება სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა და სახელმწიფო უნდა აზღვევდეს რისკს.

    ტენდერს არაკეთილსინდისიერი კომპანიები არ უნდა იგებდნენ, რათა არ შეფერხდეს განვითარება და ქვეყანამ არ იზარალოს თანხობრივად. პრობლემაა ისიც, რომ არ ხდება ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობის დეტალური შესწავლა და გამოკვლევა, რამდენად შეუძლია მას როგორც ფინანსურად, ისე ტექნიკურად მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება. არის შემთხვევები, როცა არასრული საბანკო გარანტიებია წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, საგზაო დეპარტამენტი აძლევს ნებართვას კომპანიას, რომ დაიწყოს გზის მშენებლობა.

    ჩვენ გვახსოვს განცხადებები, რომ ლენტეხი-მესტია-უშგულის გზის მონაკვეთი 2018 წელს უნდა ჩაბარებულიყო. შემდეგ იყო პირობა, რომ ივნისის შუა რიცხვებისათვის დასრულდებოდა, შესაბამისად, ვადამ უკვე ორჯერ გადაიწია. მსგავსი საკითხებით უნდა ინტერესდებოდეს არა მხოლოდ დეპარტამენტი, არამედ ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მთავრობის წევრებიც", - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

    იურისტი ლევან ალაფიშვილი "ბიზნეს-რეზონანსს" ტენდერის შეუსრულებლობის ან ვადების გადაცილების შემდგომ სახდელებზე ესაუბრა.

    "სახელმწიფო ხელშეკრულებაში ნათლად არის განსაზღვრული ტენდერის შეუსრულებლობის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები. ობიექტურია, როცა მშნებელობის უფლებას და ა.შ. არ აძლევს ადგილობრივი მოსახლეობა ან ბუნებრივი პირობები და სუბიექტურია, როცა ეს კონტრაქტორ კომპანიას უკავშირდება, რომელთანაც სახელმწიფოს აქვს დადებული ხელშეკრულება. პირველ შემთხვევაში სანქცია არ გამოიყენება, ხოლო მეორე შემთხვევაში უნდა მოხდეს დაჯარიმება. ამისთვის ხელშეკრულებაში უნდა იყოს პირგასამტეხლოს ოდენობა, შემდეგ - გაფრხილება, დაბოლოს - ხელშეკრულების შეწყვეტა ან საგარანტიო თანხის უკან დაბრუნება. ჩემთვის უცნობია კონქტრაქტის დეტალები, თუმცა ნათლად ჩანს, რომ პირობები უკვე დარღვეულია", - აცხადებს ალაფიშვილი.

    "ბიზნეს-რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. ამგვარად უცნობია, განიხილება თუ არა კონტრაქტორი კომპანიის დაჯირიმებისა და ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved