სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვანო მთვრალაშვილი: "აუცილებელია, დადგინდეს ავტომობილებზე ეკოლოგიური სტანდარტი"
    მარი გოცირიძე
    12.06.2018

     საქართველოში ავტოპარკთან დაკავშირებული ვითარება საწვავის ხარისხის სტანდარტთან შეუსაბამოა. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ხარისხზე კონტროლი გაძლიერდა და ამ მხრივ მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, ავტოპარკის პრობლემა, განსაკუთრებით ასაკოვან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, ჯერაც მოუგვარებელი რჩება.

    ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ, რომ სასურველი იქნება, თუ, დიზელის საწვავის სტანდარტის გაუმჯობესების პარალელურად, შემუშავდება გარკვეული რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, გარემოს გაუმჯობესების კუთხით ვითარება არ შეიცვლება.

    ბენზინისა და დიზელის საწვავის ძირითადი მომწოდებლები საქართველოში რუსეთი, რუმინეთი და თურქმენეთია. აქედან რუსეთს, მიმდინარე წელს, მთელი იმპორტის 29,5% უჭირავს, ხოლო განხორციელებული იმპორტის მოცულობამ 127 ათასი ტონა შეადგინა. რუმინეთის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 109 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც მთელი იმპორტის 25,4%-ია, ხოლო თურქმენეთიდან 70,7 ათასი ტონა (16,4%) საწვავია იმპორტირებული. ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი მომწოდებელი აზერბაიჯანია, საიდანაც იმპორტმა წელს 67,4 ათასი ტონა (15,7%) შეადგინა. ბულგარეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 33,2 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც მთელი იმპორტის 7,7%-ს შეადგენს, ხოლო საბერძნეთიდან 2018 წელს 22,3 ათასი ტონა (5,2%) საწვავის იმპორტი განხორციელდა.

    რაც შეეხება საწვავის სტანდარტს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, რომ საქართველოში დღეს რეალიზაციაში არის მხოლოდ "ევრო-5"-ის შესაბამისი სტანდარტის ბენზინი. რაც შეეხება დიზელის საწვავს, ის არის ევროპიდან იმპორტირებული - "ევრო 5"-ის შესაბამისი სტანდარტის და აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან იმპორტირებული "ევრო 4"-ის შესაბამისი სტანდარტისაა.

    "უნდა აღვნიშნოთ, რომ აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან მხოლოდ დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება. საქართველოში დღეს ბენზინთან დაკავშირებით მოქმედებს საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ბენზინის შემადგენლობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს: ტყვიის შემცველობა - არაუმეტეს 0,005 გ/ლ; ბენზოლის მოცულობითი წილი - არაუმეტეს 1%, არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი - არაუმეტეს 35%, გოგირდის შემცველობა - არაუმეტეს 10 მგ/კგ; ეს არის "ევრო 5"-ის შესაბამისი სტანდარტი.

    რაც შეეხება დიზელის საწვავს, მასთან მიმართებაში მოქმედი დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ მთავრობის დადგენილების მიხედვით დიზელის საწვავის შემადგენლობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს: ცეტანის რიცხვი - არანაკლებ 48; გოგირდის შემცველობა - არაუმეტეს 100 მგ/კგ; სიმკვრივე 150C - არაუმეტეს 845 კგ/მ3; პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არაუმეტეს 11%.

    მთავრობის დადგენილებაშივე აღწერილია, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი მოთხოვნები. კერძოდ, მცირდება გოგირდის დასაშვები ოდენობა დიზელის საწვავის შემადგენლობაში 50 მგ/კგ-მდე, რაც "ევრო 4"-ის სტანდარტის შესაბამისია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ვანო მთვრალაშვილმა.

    აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში საწვავთან დაკავშირებით ხარისხობრივი მოთხოვნები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. მაგალითისთვის, 2010 წელს მოქმედებდა შემდეგი ხარისხობრივი მოთხოვნები: ბენზინის შემთხვევაში, ტყვიის შემცველობა არაუმეტეს 0,013 გ/ლ-ს შეადგენდა, ბენზოლის მოცულობითი წილი - არაუმეტეს 5%-ს, არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი კი არაუმეტეს 45%-ით განსიაზღვრებოდა, გოგირდის შემცველობა - არაუმეტეს 200 მგ/კგ-ით (მხოლოდ გოგირდის მაჩვენებელი შემცირდა 20-ჯერ).

    რაც შეეხება დიზელის საწვავს, ცეტანის რიცხვი - არანაკლებ 45, ხოლო გოგირდის შემცველობა არაუმეტეს 350 მგ/კგ-ს შეადგენდა.; სიმკვრივე 150ს - არაუმეტეს 845 კგ/მ3-ს; პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არაუმეტეს 11%-ს (გოგირდის შემცველობა შემცირდა 3,5-ჯერ).

    "მთავრობის დადგენილების მიხედვით, ბენზინის ხარისხობროვი მაჩვენებლის გაუმჯობესება დიზელის საწვავთან შედარებით დაკავშირებულია იმასთან, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ხდება ბენზინზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ავტოპარკის (ძირითადად - მსუბუქი ავტომობილების) განახლება, მათ შორის - სახელმწიფო უწყებების კუთვნილი ავტოპარკის განახლების ხარჯზე. განახლების პროცესი მიმდინარე ეტაპზეც აქტიურად ხორციელდება. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ასევე ჰიბრიდული და დაბალმოცულობიანი ტიპის ავტომობილების იმპორტი, რომელთა გამოყენება ხშირია ე.წ. "ტაქსებად". გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში ბენზინზე მოძრავი ავტომობილების საკმაო ნაწილი გადავიდა ბუნებრივი აირისა და თხევადი აირის მოხმარებაზე, რომლებიც ნაკლებად აბინძურებს გარემოს. 

    რაც შეეხება დიზელის საწვავზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებების ავტოპარკს, ის შედარებით ნაკლებად არის განახლებული, ვინაიდან მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის სატვირთო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სპეცტექნიკა. ეს სატრანსპორტო საშუალებები უმეტესად საკმაოდ დიდი წლოვანებისაა (20 წელს ზევით), რომელთაც ავტომწარმოებლის მიერ "ევრო 4"-ზე დაბალი სტანდარტის დიზელის საწვავის გამოყენება აქვთ რეკომენდირებული. გარდა ამისა, ისინი ჩაბმული არიან ეკონომიკურ საქმიანობაში (კერძოდ, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვ.) და ამიტომ მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შედარებით დაბალი ფასის დიზელის საწვავის არსებობას. აქედან გამომდინარე, დიზელის საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება არ მოხდა ბენზინის საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების პარალელურად", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

    მისი შეფასებით, საწვავის ხარისხზე კონტროლის გაძლიერება ვითარებას რეალურად ვერ ცვლის, რადგან ქვეყანაში ასაკოვანი სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით მდგომარეობა არ იცვლება. ეკოლოგიური ეფექტის გაუმჯობესებისათვის საჭიროა, საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად ხდებოდეს საავტომობილო პარკის განახლებაც, რაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო ჯერჯერობით ვერ ხორციელდება.

    "სასურველია, რომ მომავალში შემუშავდეს გარკვეული რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე, ვინაიდან სხვა შემთხვევაში გარემოს გაუმჯობესების კუთხით ვითარება არ შეიცვლება. უნდა დადგინდეს ავტომობილებზე ეკოლოგიური სტანდარტი, რომელიც დაარეგულირებს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას. შესაცვლელია განბაჟების სისტემა, რათა წახალისდეს ახალი ავტომობილების იმპორტი.

    იმისათვის, რომ გაირკვეს, რეალურად რა ხარისხის საწვავი იყიდება ქვეყანაში და როგორ სრულდება მთავრობის დადგენილება, სასურველია, უშუალოდ საწვავის ხარისხის კონტროლი ავტოგასამართ სადგურებზე, ბაზებში, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში სახელმწიფოს მხრიდან უფრო ხშირი ინტენსივობით ხდებოდეს. პარალელურად, მიღებული შედეგებით საზოგადოების მეტად ინფორმირებაა საჭირო", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved