სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    შახტების დაკეტვით 1400 ადამიანი მომენტალურად გაღარიბდება და თითქმის მთელ ქალაქში ეკონომიკური აქტივობა ჩაკვდება
    მარი ჩიტაია
    13.06.2018

     ტყიბული მასობრივი უმუშევრობისა და სოციალური პრობლემების წინაშეა. საქმე ეხება ქვანახშირის შახტების დახურვასა და საწარმოო პროცესის სრულად შეწყვეტას. ზარალის გამო "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" ტყიბულში სამთომოპოვებითი საქმიანობის გაგრძელება უჭირს. საწარმოს გაჩერება 1400-მდე ეკონომიკურად აქტიური ადამიანის მომენტალურად გაღარიბებას გამოიწვევს, ხოლო სოციალური პასუხისმგებლობის ტვირთი სახელმწიფოზე გადავა.

    დეპუტატები "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისგან" უსაფრთხოების ნორმის გარანტირებულად დაცვას მოითხოვენ. სავარაუდოდ, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი პირობა, რის გამოც სახელმწიფო კომპანიას პრობლემის მოგვარებაში შეიძლება დაეხმაროს. მთავარი პირობაა, დასაქმებულების უსაფრთხოება გარანტირებულად იყოს დაცული.

    სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", რომლის თანამფლობელობაშიცაა "საქნახშირი" და ტყიბულის შახტიდან ქვანახშირს მოიპოვებს, ბაზრიდან გასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. მიზეზი რამდენიმეა, მაგრამ ყველაზე მთავარია ის, რომ პროექტი წამგებიანია. კომპანიაში დარწმუნებული არ არიან, რომ ტყიბულში საქმიანობის გაგრძელება კვლავ სურთ.

    რა ზომებს მიიღებს სახელმწიფო "ინდუსტრიულ ჯგუფთან" მიმართებით, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომისიის წარმომადგენელი კახა ოქრიაშვილი ამბობს, საწარმოს გაჩერება ტყიბულისთვის დიდი რეგრესი იქნება. ამიტომ სახელმწიფო კომპანიას უნდა დაეხმაროს, თუკი უსაფრთხოების გარანტირებულ ზომებს მიიღებენ.

    "მთავარი, რაც "ინდუსტრიული ჯგუფის" საქმიანობას უკავშირდება, უსაფრთხოების საკითხია. ჩემთვის, როგორც დეპუტატისა და რიგითი მოქალაქისთვის, მიუღებელია შახტებიდან ყოველთვე დაღუპული ხალხის ამოყვანა. ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად იღუპებიან და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, რომ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კომპანიის მხრიდან რამე კეთდებოდეს. ეს თემა თუ არ მოგვარდა, შახტები უნდა დაკეტონ.

    ტყიბული ისეთი ქალაქია, რომლის კეთილდღეობა ყოველთვის ქვანახშირზე იყო დამოკიდებული. საწარმოს გაჩერება ქალაქისთვის დიდი რეგრესი იქნება, ამიტომ მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ბიზნესს უნდა დაეხმაროს, თუკი უსაფრთხოების გარანტირებული ზომები იქნება. ეს არის ჩემი პოზიცია, მაგრამ რა შეიძლება გავაკეთოთ, ეს საკითხი კომპლექსური მიდგომით უნდა მოგვარდეს.

    უსაფრთხოება თუ არ იქნა და ჩვენ კიდევ მოგვიწევს დაღუპულების გვირაბებიდან ამოყვანა, შახტებში მუშაობა უნდა შეჩერდეს. არაფერი ღირს იმად, რომ ყოველ კვარტალში ჩვენი საწყალი ხალხი შახტებში იღუპებოდეს. პირველ რიგში, ეს უნდა მოგვარდეს", - განუცხადა "რეზონანსს" კახა ოქრიაშვილმა.

    "გაერთიანებულ პროფკავშირებში" არ გამორიცხავენ, რომ საწარმოში არსებული პრობლემა სიკვდილიანობის ზრდას უკავშირდებოდეს. რა მიზეზიც უნდა დასახელდეს, ცხადია, რომ სამთო მოპოვებითი საქმიანობის გარეშე დარჩენილ ტყიბულს კატასტროფა ემუქრება, რადგან დასაქმების ალტერნატიული საშუალება ხალხს არ აქვს.

    როგორც საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ "რეზონანსს" განუცხადა, ბაზრიდან "ინდუსტრიული ჯგუფის" გასვლა ტყიბულისთვის უდიდეს პრობლემას გამოიწვევს. მომსახურების რამდენიმე დარგში საქმიანობა მომენტალურად ჩაკვდება, თუკი კომპანია სამეწარმეო პროცესს შეაჩერებს.

    "დასაქმების სხვა ალტერნატივა ადგილობრივებისთვის არ არსებობს, ამიტომ ტყიბულელებისთვის შახტის გარეშე დარჩენა საშინელება იქნება. თუკი მომსახურების რომელიმე სექტორი ტყიბულში მეტ-ნაკლებად მუშაობს, ესეც მეშახტეების ხელფასების ხარჯზე, სხვა შემოსავალი იქ არ არსებობს. ქვანახშირის მოპოვების შეჩერება ამ ადამიანებისთვის კატასტროფის ტოლფასია. ამიტომ მთელი სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე გადავა. ადგილზე ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა არ არის, ვერც იმას ვხედავთ, რომ იქ ხელისუფლება მოქალაქეების დასაქმების კუთხით მუშაობდეს.

    ტყიბულსა და, ზოგადად, მისი ტიპის ქალაქებში სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა სწორედ მსხვილი დამსაქმებლების საშუალებით აქვს მოხსნილი. ბაზრიდან "საქნახშირის" გასვლით კი ეს ტვირთი სახელმწიფოზე გადავა. წარმოიდგინეთ, ყოველთვიურად 2 მლნ ლარამდე ხარჯავენ ტყიბულელები. ეს თანხა რომ მოქალაქეებს ამოაცალო, ჩათვალეთ, რომ ტყიბული დაიღუპება თავის შემოგარენიანად. 1400-მდე ეკონომიკურად აქტიური ადამიანის მომენტალურად გაღარიბება სამომავლოდ უდიდეს პრობლემას გააჩენს", - განაცხადა დოლაბერიძემ.

    მისი ვარაუდით, ფინანსური პრობლემის გარდა, არ არის გამორიცხული, რომ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" არსებული პრობლემა შახტებში სიკვდილიანობის ზრდას უკავშირდებოდეს.

    "ყველაფერი მოსალოდნელია, არ გამოვრიცხავ, კომპანიის ბაზრდიდან შესაძლო გასვლის მიზეზი სიკვდილიანობის მაჩვენებელსაც უკავშირდებოდეს. თუ ასეა, შახტის დახურვა არ არის ნორმალური მიდგომა, გამოსავალი ამით არ მოიძებნება. ეს საკითხი მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმების გამართვით და დისციპლინით მოწესრიგდება.

    არავინ დავობს, რომ ქვანახშირის მოპოვების პროცესში ბევრი ბუნებრივი საფრთხეა, მაგრამ მათი მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია. სუსტი დისციპლინის გამო არის პრობლემა და აქედან უნდა დაიწყონ.

    ტყიბულის შახტები ქალაქწარმომქმნელი საწარმოებია და გარდა ბიზნესისა, სოციალური ღირებულების მქონე. მეორე მხრივ, საწარმო თუ ფინანსურად რენტაბელური არ არის, ესეც დიდი პრობლემაა. ძნელია, კერძო კომპანია აიძულო, წამგებიანი საქმე გააგრძელოს. ამის აღმოსაფხვრელად სწორი პოლიტიკა იქნება შესამუშავებელი, რაშიც სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს", - აღნიშნა "რეზონანსთან" დოლაბერიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ვანო   (13.06.2018)
    2 000 000 ლარი ~ = 850 000 $. დედუ რამხელა ფულია, სად აქვს მაგის საშუალება ქოცურ სახელმწიფოს


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved