სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ხელისუფლება არათუ ხელს უშლიდა ტყის ჩეხვის პროცესს, პირიქით, ხელს უწყობდა კიდეც"
    ნათია ლომიძე
    10.07.2018

     გახშირებული სტიქიური უბედურების გამომწვევი მიზეზები პირდაპირ უკავშირდება ტყის უკანონო გაჩეხვას. გარემოსდამცველები მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანიებსა და მთავრობას აკისრებენ, რადგან ნებართვების გაცემა სწორედ სხვადასხვა ტიპის მშენებლობის პროცესს უკავშირდება. ყველაზი დიდი უბედურება ისაა, რომ სვანეთი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის, მსგავსი სტიქიური ზონები ქვეყანაში მრავლადაა, სადაც ტყის უკონტროლო გაჩეხვის გამო ნებისმიერ მომენტში შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს.

    სოფელ ჭუბერში განვითარებულ მოვლენებს გარემოს დაცვის სპეციალისტები იმით ხსნიან, რომ კომპანიები და მოსახლეობა, ენერგეტიკული დანიშნულების მიზნით, ხეობაში ტყეებს პერმანენტულად ჩეხავდნენ. ქვეყანაში ასეთი მეწყერსაშიში ადგილები უკვე ძალიან მომრავლდა. სწორედ ამიტომ მოსახლეობა და ხელისუფლება ერთიანი ძალით უნდა ეცადონ და მსგავს ადგილებს გაუფრთხილდნენ.

    როგორც მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ჭუბერში ხე-ტყის ჭრა არა ბრაკონიერულად, არამედ ხელისუფლების ორგანოების მიერ გაცემული ნებართვებით ხდებოდა. მისი თქმით, ხე-ტყის ჭრა უნდა შეიზღუდოს არამარტო ჭუბერში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან საქართველოში მეწყერსაშიში ზონები მრავლადაა, რასაც მსგავსი სტიქიური უბედურება მოჰყვება.

    "ეჭვი მეპარება, რომ ჭუბერში უკანონო ჭრა ხდებოდა, რადგან ძალიან ბევრი ნებართვა იყო გაცემული სწორედ ამ ხეობაში. ჰესი რომ შენდებოდა, პრაქტიკულად, ყველას მისცეს საშუალება, რომ მოეჭრათ ხეები. ჩვენ ამას ვაპროტესტებდით. რა თქმა უნდა, ტყის ჩეხვამ გააძლიერა მეწყერიც და წყალდიდობაც. სადაც წყალს ტყე დახვდა, იქ ნაკლები სიმძლავრით შემოვარდა, სადაც ხეები არ იყო, დიდი ძალით დაარტყა სოფელს.

    საუბრობენ, რომ ხე-ტყის ჩეხვა უნდ

    ა იყოს შეზღუდული, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ჭუბერში იჭრებოდა და შესაბამისი ნებართვაც გაცემული იყო. არათუ ხელს უშლიდნენ ამ პროცესს, პირიქით, ხელს უწყობდნენ კიდეც.

    ჩვენი თითქმის ყველა ტერიტორია არის მეწყერსაშიში. ჩვენი ტყე არ არის დიდი რესურსისა, ამ მხრივ მომგებიანი ვერასდროს ვერ იქნება, მისი ძირითადი ფუნქციაა წყალმარეგულირებელი, ნიადაგდამცავი. ეს არის მთავარი და როცა ამ ფუნქციას ვუკარგავთ ტყეს, შედეგად ვიღებთ იმას, რაც მოხდა", - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" ჩხობაძემ.

    ტყეების გაჩეხვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ენერგეტიკულ მოხმარებას მიიჩნევს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (სუ##) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი. იგი აღნიშნავს, რომ ჭუბერში მომხდარი სტიქია მომდინარეობდა ტყის კომერციული ჭრიდან. იქ ხშირი იყო დაუგეგმავი მასშტაბური ჩეხვა. ასეთი ფაქტები შეინიშნება ბორჯომის ხეობაშიც. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრგანაა სტიქიური რისკის ზონები და მომავალში ყველგან უნდა ველოდოთ მსგავს პრობლემას.

    "სამწუხაროდ, საქართველოში ბევრგანაა სტიქიური ზონები და გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურ ბიულეტენში ამ ინფორმაციის განახლება ხდება. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ ტყეები იჩეხება უფრო ხშირად ენერგეტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და შედეგად ვიღებთ ტყის ეკოსისტემის დეგრადაციას.

    ჩვენი ტყეები განლაგებულია ფერდობებზე, მათ შორის ძლიერ დამრეც ფერდობებზე, გაჩეხილი ტყე კი ვეღარ ასრულებს თავის ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ ფუნქციას, რასაც მოჰყვება ძლიერი ჩარეცხვა, ეროზიული და მეწყრული პროცესები. ატმოსფერული ნალექები სწრაფად ხვდება მდინარის კალაპოტში, რადგან ტყეს აღარა აქვს შემაკავებლის ფუნქცია.

    ჭუბერში მომხდარი სტიქია მომდინარეობდა ტყის კომერციული ჭრიდან. აქ ხშირად იყო დაუგეგმავი მასშტაბური ჩეხვა, რაც შეინიშნება ბორჯომის ხეობაშიც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხე-ტყე ნადგურდება შეშის დამზადების მიზნით. იმდენად შემცირებულია შეშის რესურსი, მიუხედავად გაზიფიცირებისა, რომ წლიდან წლამდე თვალსა და ხელს შუა მცირდება ტყის ფართობი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გეთიაშვილმა.

    ჭუბერში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე პასუხისმგებლობას მთავრობასა და ჰესის ამშენებელ კომპანიას აკისრებს ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი. მისი თქმით, ნენსკრაჰესის გზის მშენებლობის გამო ხე-ტყის გაჩეხვაზე ნებართვა გაიცა და ხელისუფლებამ წინააღმდეგობაც კი არ გამოავლინა. იგი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში ტყეებს დაცვითი ფუნქცია აქვს, მათი გაჩეხვა კი უბედურ შემთხვევებს გამოიწვევს.

    "ჭუბერში ტყის ჭრა იყო თუ არა კანონიერი ან უკანონო, ეს არაფერს არ ცვლის. ფაქტი უკვე მოხდა და დიდი პრობლემის წინაშე დადგა მთელი რეგიონი. გვაქვს ეჭვი, რომ ნენსკრაჰესის მშენებელი კომპანიის მიერ გზის გაყვანის სამშენებლო სამუშაოების შედეგად გაიჩეხა ტერიტორია და ამაზე მთლიანი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კომპანიას.

    საქართველო არის მთაგორიანი ქვეყანა, ტყეებს აქვს დაცვითი ფუნქცია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მოსახლეობის მხრიდან შეიძლება იყოს გადამეტებული ქმედება, თუმცა პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე გადადის.

    ჰესების მშენებლობის გამო ხელისუფლება აპირებს, კომპანიებს გააჩეხინოს გაცილებით მეტი ტერიტორია, ვიდრე ამას მოსახლეობა მოახერხებს. ამ დროს ტყეების მდგომარეობა არის სავალალო. მაგალითად, სხვადასხვა მავნებლები და პარაზიტები უტევენ დიდ ფართობებს და ამის წინააღმდეგ არაფერი კეთდება. არც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

    მეორეა, რას მოგვიტანს ამხელა ჰესების მშენებლობა, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს კლიმატზე? საყოველთაოდ ცნობილია, რომ კლიმატის ცვლილება მსგავსი მეწყრული პროცესების გახშირების წინაპირობაა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჩხარტიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved