სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ენერგეტიკოსები და ეკონომისტები ტარიფის გაზრდის ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავენ
    მარი ჩიტაია
    10.07.2018

     შეიძლება მოსახლეობა გაზის ტარიფის გაზრდის საფრთხის წინაშე დადგეს. გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ტარიფის კორექტირებაზე განაცხადი შეიტანეს. გადაწყვეტილებას არჩევნების შემდეგ მიიღებენ.

    ბოლო წლებში ენერგოსექტორში მომუშავე კომპანიები ყოველ წელს ტარიფის კორექტირებას ითხოვენ და ხშირ შემთხვევაში აღწევენ კიდეც მიზანს. დენი უკვე მეორედ გაძვირდა, ბუნებრივი აირის ტარიფმა კორექტირება შარშან განიცადა და წელს ისევ ითხოვენ. ყოველი წლის ბოლო მოსახლეობისთვის დიდი სტრესია.

    ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახლა საკმაოდ მყარი არგუმენტები არსებობს, რათა გაზის გადასახადი შენარჩუნდეს. ისედაც ლამის ყოველწლიურად იცვლება ტარიფი, რის მიზეზადაც - ხან ლარის კურსი, ხანაც კომპანიების საინვესტიციო ხარჯი სახელდება. ამ ეტაპზე, როცა ლარი მეტ-ნაკლებად სტაბილურია და არც მასშტაბური ინვესტიციები განხორციელებულა, გადასახადის გაზრდის საკითხი, შესაძლოა, დღის წესრიგში არც დადგეს.

    ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ სპეციალისტებს მყარი პოზიცია აქვთ და ფიქრობენ, რომ არსებული ტარიფის შენარჩუნება მომავალი წლისთვის სავსებით შესაძლებელია. ახალი ტარიფი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

    გაზმომარაგების სფეროში მოქმედმა კომპანიებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას სატარიფო განაცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართეს. დოკუმენტაცია კომისიაში "ყაზტრანსგაზ-თბილისმა", "სოკარ ჯორჯიამ" და "საქორგაზმა" წარადგინეს.

    სემეკში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია პროგნოზი, მოხდება თუ არა არსებული სამომხმარებლო ტარიფის კორექტირება.

    ცნობილია ისიც, რომ სატარიფო განაცხადები შეიტანეს თბოელექტროსადგურებმაც, თუმცა ენერგოგამანაწილებელ და წყალმომარაგების სფეროში ტარიფების გადახედვა წელს არ იგეგმება.

    ენერგეტიკოსები ფიქრობენ, რომ, დენის გადასახადის მსგავსად, მომავალ წელს არც გაზის ტარიფი არ უნდა გაძვირდეს. ენერგეტიკოს გია არაბიძის შეფასებით, დღესდღეობით ყველა წინაპირობაა საიმისოდ, რათა გადასახადი შენარჩუნდეს.

    "ერთადერთი ვარიანტია, თუ შეიცვლება 2017 წლის 18 აპრილის ხელშეკრულება, სადაც შესასყიდი გაზის ფასზეა საუბარი. ეს გარკვეულწილად ტარიფზეც აისახება, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი რამ არ გვემუქრება. ამ ეტაპზე ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ, რომ გადასახადი გაიზარდოს ან შეიცვალოს. ამიტომ ვამბობ, რომ "სოკარსა" და სახელმწიფოს შორის შეთანხმება ძალაში თუ დარჩა, გადასახადის კორექტირებაზე საუბარი გადაჭარბებულია.

    მით უმეტეს, საერთოდ არ გვაქვს სხვა მიზეზი, რაც ტარიფს გაზრდის. გვახსოვს, რომ შარშან რეგიონებში ტარიფი გაიზარდა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შემცირდა კიდეც. დღესდღეობით ლარისა და დოლარის მიმართება ნორმალურია, ეს კომპონენტი ტარიფის გაზრდის ფაქტორად ვერ იქცევა.

    ამდენად, არ ველოდები, რომ სემეკი გაზის ტარიფს გადაიანგარიშებს. ინვესტიციებიც რომ ავიღოთ, მასშტაბური პროექტი არსად განხორციელებულა. არც გაზიფიკაციის მხრივ შეცვლილა დიდად ვითარება. ჩემთვის საყურადღებოა ხელშეკრულება, რითაც გაზის მიმწოდებელ და ენერგოკომპანიებს შორის გაზის მიწოდების ფასი დარეგულირდა. ვინაიდან აქამდე არაფერი თქმულა ამაზე, ჩავთვალე, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" არაბიძე.

    ტარიფის ზრდა, თუ ეს მაინც გარდაუვალი გახდა, სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ხალხს და შეიძლება უკმაყოფილების გამომწვევიც გახდეს.

    "საქართველოს მოსახლეობისთვის გადასახადის ზრდა მსუბუქი ტვირთი ნამდვილად არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ამ პროცესს გამოხმაურება არ მოჰყვება, რასაკვირველია, უკმაყოფილება იქნება, რადგან გადასახადის ზრდა სოციალურ ფონს კიდევ უფრო გააუარესებს.

    შარშანაც იყო ეჭვი, რომ გადასახადი დედაქალაქის მოსახლეობასაც გაუძვირდებოდა, მაგრამ არ შეცვლილა. მომავალი წლიდან ეს რისკი მით უმეტეს არ ჩანს, თუმცა ტარიფის გადაანგარიშება უნდა მოხდეს, სანამ სამწლიან სისტემაზე გადავლენ", - ამბობს არაბიძე.

    ანალოგიური მოსაზრებისაა ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი, რომლის თქმითაც, ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ ტარიფი არ შეიცვლება, თუმცა არც მისი გაძვირების საფუძველი არსებობს.

    "კატეგორიული ვერ ვიქნები, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როდესაც კომპანია სემეკში ტარიფის გაზრდის მოთხოვნით შედის, მან უნდა დაამტკიცოს თავისი პოზიცია გადასახადთან დაკავშირებით. ერთ-ერთი არგუმენტი შეიძლება იყოს ის, რომ შესასყიდი ფასი გაიზარდა, ან ინფლაცია და ლარის გაუფასურება, ან სხვა დიდი მოცულობის კაპიტალური სამუშაოების შესრულება უნდა შეინიშნებოდეს. ეს ფაქტორები ჯერჯერობით არ იკვეთება.

    ჩვენ არ ვიცით, რა ხდება გაზგამანაწილებელ კომპანიებში, რა ხარჯი აქვთ და რამდენად არგუმენტირებულია მათი მოთხოვნა. ეკონომიკურ მოვლენებს თვალს თუ მივადევნებთ, ინფლაცია არ არის, დევალვაცია არ ყოფილა. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მოცემულობა, რომ გადასახადი გაიზარდოს", - ამბობს სიმონიშვილი.

    ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ტარიფის გაძვირების საკითხმა აქტუალობა დაკარგა. ორგანიზაციის წარმომადგენელ ანდრია გვიდიანის თქმით, დღეს ზედაპირზე არ ჩანს ის მოცემულობა, რისი გათვალისწინებითაც შეიძლება ტარიფის გადახედვის საჭიროება დადგეს.

    "მიმაჩნია, რომ გაზის გადასახადის თემა ამ ეტაპზე აქტუალური არ არის. რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ეს საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს, არ შეიმჩნევა. ლარის და დოლარის გაცვლითი კურსი არ არის მერყევი, მეტიც, ამ მხრივ საკმაოდ სტაბილური ვითარებაა.

    რამდენადაც ვიცი, ბუნებრივი აირის ფასი საერთაშორისო ბაზრებზეც არ გაზრდილა. შესაბამისად, ვერ ვხედავ საფუძველს, რის გამოც შეიძლება სემეკმა ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიიღოს. ცხადია, რომ არაფერია გამორიცხული, მაგრამ დღეს ზედაპირზე არ ჩანს ის მოცემულობა, რომ ტარიფების გადახედვის აუცილებლობა დადგეს.

    ცხადია, ვერაფერს გამოვრიცხავთ, შეიძლება კომპანიებისთვის განსხვავებული პირობები არსებობდეს, ზოგს ინვესტიციები ჰქონდეს განხორციელებული და მის ასახვას ტარიფში შეეცადოს და სხვა. თითოეული გაზგამანაწილებელი კომპანიისთვის გადასახადი სხვადასხვანაირად დგინდება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ზოგ კომპანაის გაუზარდონ, ზოგსაც შეუნარჩუნონ, მაგრამ მომხმარებელს რომგაუძვირონ ტარიფი, ამის წინაპირობა რეალურად არ არის", - ამბობს გვიდიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved