სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "პირადად შევსწრებივარ, როდესაც უცხოელი გიდები ძალიან ცუდად მოიხსენიებენ საქართველოსა და ქართველ ხალხს"
    ნათია ლომიძე
    31.07.2018

     უცხოელი გიდები პრობლემას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ქმნიან, პრობლემა კი მათ მიერ არასწორად გატანილი ინფორმაციაა საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. ირანელი, თურქი და რუსი გიდები ჩვენი სამშობლოს შესახებ ცნობებს სათავისოდ ფუთავენ და თავიანთ თანამემამულეებს, "როგორც თვითონ აწყობთ", ისე აცნობენ.

    ვითარება უკვე საგანგაშო ხდება და სულ უფრო მწვავდება. ტურიზმის სფეროს სპეციალისტები და ადგილობრივი გიდები საქმიანობის რეგულირებასა და უცხოელი გიდების შეზღუდვას ითხოვენ. ისინი ადასტურებენ, რომ უცხოელი ექსკურსიამძღოლები საქართველოს შესახებ დამახინჯებულ ფაქტებს ავრცელებენ.

    "ბიზნეს-რეზონანსი" წინა კვირას ირანელი გიდებისგან მათ მიერვე ჩამოყვანილი ირანელი ტურისტებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე წერდა, რამდენიმე დღის წინ კი ირანელების გადაღებული ვიდეოკლიპიც გავრცელდა, სადაც თბილისზე როგორც თავიანთ ქალაქზე, ისე მღეროდნენ და მის დაბრუნებას ითხოვდნენ. ისინი განსაკუთრებით "გურჯი ხათუნების" დაკარგვას მისტიროდნენ.

    ირანელი ტურისტები საქართველოსა და მის მოსახლეობას არაკორექტული სიტყვებით მოიხსენიებენ. მსგავს შემთხვევებს ხშირად შესწრებია დამოუკიდებელი გიდი ნიკა მაზანაშვილი, რომელმაც "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი უცხოელი გიდი გამოირჩევა უხამსი და არაეთიკური დამოკიდებულებით ადგილობრივი პერსონალისადმი, ხალხისადმი, ისტორიისა და ქალაქისადმი. ისინი პირდაპირ ამჟღავნებენ სრულ გულგრილობასა და უარყოფით დამოკიდებულებას. მაზანაშვილი დარწმუნებულია, როდესაც ეს ვითომ გიდები ქვეყნის ფარგლებს შიგნით მსგავს საუბარს თავს არ არიდებენ, არც მის ფარგლებს გარეთ გაიტანენ კარგ ინფორმაციას.

    "პირადად მე შემხვედრია ძალიან ბევრი უცხოელი გიდი, რომლებიც გამოირჩეოდნენ უხამსი და არაეთიკური დამოკიდებულებით ადგილობრივი პერსონალისადმი, ხალხისადმი, ისტორიისა და ქალაქისადმი. მაგალითად, ირანელები თავიანთ ტურისტებს მოუთხრობენ, რომ (როგორც მე შევძელი გამეგო მათი ნაამბობიდან) საქართველო მუდმივად იყო ირანული კულტურული და პოლიტიკური გავლენის ქვეშ.

    ცალკე საკითხია, რომ ისინი ადგილობრივ ბაზარზე ეწევიან დემპინგს, აგდებენ მომსახურების ფასს, ქვეყნის ბიუჯეტში კი არანაირ შემოსავალს არ იხდიან, რადგან მათი გიდები არ იბეგრებიან. ისინი ნაღდი ფულით იღებენ ხელფასს.

    ირანელებს თავიანთი ტურისტები მიჰყავთ იმ სასტუროებსა და რესტორნებში, რომლებსაც უშუალოდ ან ფლობენ, ან ქირაობენ ირანელები, გადაადგილდებიან იმ ტრანსპორტით, რომელიც უშუალოდ მათ მფლობელობაში ან გრძელვადიან იჯარაშია. ქვეყნის ბიუჯეტში მათგან არ შედის 1 თეთრიც კი, პარალელურად კი მიმდინაროებს კულტურული ძეგლების ცვეთა-ამორტიზაცია.

    საქართველოში არის უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე და უცხოელი გიდების მასობრივი დასაქმებით პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება. ასეთ ფონზე არ არის ნორმალური, დავასაქმოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თანაც - ასეთი აგდებული დამოკიდებულების შემდეგ, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს ისტორიასა და კულტურას.

    უნდა გატარდეს მათ წინააღმდეგ სანქციები, მაგრამ არ არსებობს ერთიანი ტურისტული ხედვა ჩვენს ქვეყანაში, არანაირი კანონმდებლობა, რომ დაარეგულიროს თუნდაც ქართველების საქმიანობა ამ სფეროში, არათუ უცხოელი გიდებისა.

    რამდენიმე შემთხვევას პირადად შევსწრებივარ, როდესაც უცხოელი გიდები ერთმანეთთან საუბრისას ძალიან ცუდად მოიხსენიებენ საქართველოსა და ქართველ ხალხს. ისინი რომ აქ ასეთი უცენზურო სიტყვებით გვლანძღავენ, დარწმუნებული ვარ, როგორ დამახინჯებულ ისტორიებს გაავრცელებენ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მაზანაშვილმა.

    ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მანანა ალადაშვილი საუბრისას აღნიშნავს, რომ უცხოელი გიდები უნდა აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს და უნდა აცნობდნენ თავიანთ თანამემამულეებს იმ ინფორმაციას, რასაც ქართველი ტუროპერატორები მიაწოდებენ. სხვა შემთხვევაში, ყოველთვის ექნება გაუგებრობას ადგილი.

    "ადრე იყო ტენდენცია, რომ ამახინჯებდნენ თბილისისა და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ისტორიას. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს რეგულაციები, რომლებიც ასეთ დამოკიდებულებას მოსპობს და საერთოდ, უცხოელი გიდის ჩამოყვანის პრეცედენტიც უნდა აღიკვეთოს.

    გიდებს, რომლებიც ჩაატარებენ ექსკურსიას, უნდა ჰქონდეთ სერტიფიკატი და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდნენ. რაც მთავარია, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს გაფილტრული. როგორც ადრე იყო, გიდს არ შეეძლო თავისი დამოუკიდებელი ტექსტის მომზადება, ძირითადად, მათ ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები აწვდიდნენ ინფორმაციას, შემდეგ კი ამ ყველაფერს მოუთხრობდნენ თავიანთ ტურისტებს. იმედია, მომავალში მსგავს ფაქტები შემცირდება და სახელმწიფო იზრუნებს ამის რეგულირებაზე", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ალადაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×