სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    დემპინგმა და უკონტროლობამ, მწარმოებლებთან ერთად, უკვე მშენებლებიც შეაშფოთა
    ნათია ლომიძე
    07.08.2018

     სხვა ქვეყნიდან შემოტანილი იაფფასიანი საშენი მასალები ადგილობრივ ბაზარს განვითარების საშუალებას არ აძლევს და ამავე დროს საფრთხის შემცველია. ეს არის იაფფასიანი და უკონტროლო პროდუქცია, რომელიც აზარალებს სამშენებლო ბიზნესს.

    სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მშენებლობას, როგორც ეკონომიკის შემადგენელ ნაწილს, ისე განიხილავს, თუმცა ეს ის დარგია, რომელსაც ბევრ დარგზე აქვს გადაკვეთა. სწორედ იმის გამო, რომ უცხო ქვეყნებიდან შემოდის შედარებით იაფფასიანი სამშენებლო მასალები, საქართველოში ბევრ ადგილობრივ მწარმოებელსა და ორგანიზაციას პრობლემები ექმნება.

    ეს მხოლოდ მისი მოსაზრება არ არის და პრობლემას ადასტურებენ უშუალოდ დეველოპერებიც. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი ბაზარზე არსებული დემპინგით სახელმწიფოს დაინტერესებისკენ მოუწოდებს. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, თუ საშენ მასალას, რომელიც ირანიდან შემოდის, ადგილობრვ ბაზარზეც ვაწარმოებთ, ამ საკითხს აუცილებლად სჭირდება კონტროლი. აქვე პრობლემაა ხარისხის შემოწმება, რადგან არავინ იცის, რა იმალება დაბალი ფასის უკან. დღესდღეობით ამ კუთხით კონტროლი არსად მიმდინარეობს.

    სულ ახლახან ირანიდან დემპინგურ ფასად შემოტანილ ცემენტზე იყო საუბარი. ადგილობრივ წარმოებას უკვე პრობლემები შეექმნა. იაფი ირანული მასალით სულ უფრო ადვილი ხდება საქართველოში მოქმედი კომპანიების ჩაძირვა.

    საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინფორმაციით, ადგილობრივი მწარმოებლები და სამშენებლო დარგი პირდაპირი და აშკარა საფრთხის წინაშე დააყენა ირანის მიერ ბოლო პერიოდში დაწყებულმა მასობრივმა დემპინგმა. მაისში განხორციელებულმა ცემენტის იმპორტმა საქართველოს ბაზრის დაახლოებით 2-3% შეადგინა, ივნისში კი 11%-მდე გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი უფრო მაღალიც იქნებოდა, ირანული ცემენტის ყველა პარტიას შესაბამისი უტყუარი წარმოშობის სერტიფიკატი რომ ჰქონოდა. საქართველოს ბაზარმა უკვე ძალიან ძლიერი დარტყმა მიიღო.

    "სამშენებლოდ რაც კი გამოიყენება საქართველოში, იმის 10% იწარმოება, დანარჩენი 90 კი იმპორტირებულია. თუ ირანიდან შემოდის და იმის შესაბამისი თურქეთიდან უფრო ძვირად შემოდის, ჩვენი მომხმარებლისთვის სჯობს იაფი პროდუქცია. თუ ისეთი მასალაა, რომელიც საქართველოშიც იწარმოება, სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ რაღაცნაირად დაარეგულიროს ბაზარი.

    არის მეორე მხარეც, პირობითად ქვეყანაში რაღაც პროდუქტი შემოდის იაფად. უნდა ვებრძოლოთ ამას და ძვირად ვიყიდოთ? თუ იაფფასიანი და გამოუსადეგარია ის მასალა, რაზეც საუბრობენ, სახელმწიფოს მოვალეობაა, კონტროლი დააწესოს ასეთ იმპორტზე.

    ხარისხი კლიენტის ასარჩევია, მაგრამ არის დაბალი ხარისხი და არის ისეთი, რომელიც არ შეიძლება შემოდიოდეს ქვეყანაში. ეს უნდა დადგინდეს, რადგან იაფფასიანით შეიძლება, კაშხალი არ ააშენონ, მაგრამ ბოსელი ააშენონ და ამისთვის რატომ გადაიხადოს ძვირი?" - ამბობს როსტომაშვილი.

    ასოციაციის "საშენი მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე მიიჩნევს, რომ იაფფასიანი მასალის შემოტანა ბაზარზე არის ქვეყანაში ადგილობრივი ბიზნესის ჩაძირვის მცდელობა. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, იაფში შეუძლებელია მაღალხარისხიანი იგულისხმებოდეს, ამიტომ აუცილებელია საბაჟო კონტროლი. უნდა შემოწმდეს ხარისხის მიხედვით ყველა ის მასალა, რაც კი შემოდის ქვეყანაში.

    "რამდენადაც მე ვარ საქმის კურსში, ძირითადად, ირანულ ცემენტზეა საუბარი, რომელიც შემოტანილია დემპინგურ ფასად. იაფფასიანი მასალის შემოტანა ბაზარზე - ეს არის ქვეყანაში ადგილობრივი ბიზნესის ჩაძირვის მცდელობა. ადგილობრივი მეწარმე კი სახელმწიფომ უნდა დაიცვას აუცილებლად, უნდა გაამკაცროს გადასახადები და ა.შ.

    "ჰაიდელბერგმა" (როდესაც ცემენტზე იყო საქმე) გააკეთა განცხადება, რომ არ შეიძლება, იმ ფასად დამზადდეს მასალა, რა ფასშიც ბაზარზე იყიდება, რადგან აუცილებლად უხარისხო იქნება. ასეა ალბათ სხვა საშენი მასალის შემთხვევაშიც. იაფფასიანი არ შეიძლება, მაღალ ხარისხს გულისხმობდეს.

    აუცილებელია საბაჟო კონტროლი. უნდა შემოწმდეს ხარისხის მიხედვით ყველა ის მასალა, რაც კი შემოდის ქვეყანაში. ეს არა მარტო ადგილობრივ ბაზარს შეუქმნის პრობლემას, არამედ ამ მასალით აშენებული შენობა-ნაგებობები იქნება საშიში ადამიანებისთვის", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას საკანდელიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved