სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ამ შემოსავლის მქონე ადამიანმა კიდევ დამატებითი სარგებელი არ უნდა მოითხოვოს სახელმწიფოსგან"
    თამუნა მუკბანიანი
    07.08.2018

     ეკონომიკის მინისტრს ახალი და მოულოდნელი ინიციატივა აქვს: 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანებს სოციალური დახმარება აღარ მოეხსნებათ. სპეციალისტები ამ იდეას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ შეუძლებელია, საქართველოს ბიუჯეტმა ამ პროექტის სისრულეში მოყვანა მოახერხოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს გამოიწვევს მოთხოვნის გაზრდას სოციალური დახმარების მიღებაზე და ყოველ მეორე ადამიანს გაუჩნდება იმის სურვილი, რომ სახელმწიფოსგან ადვილი ფული მიიღოს, რასაც ქვეყნის ბიუჯეტი ნამდვილად ვერ გასწვდება.

    დაახლოებით 2 თვის წინ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, სოციალური დამხარება მოეხსნებათ ოჯახებს, სადაც ორი ან მეტი შრომისუნარიანი ადამიანი ცხოვრობს. კანონის პროექტის მიხედვით, ბენეფიციარებს შესთავაზებენ სამსახურს და მასზე უარის თქმის შემდეგ გაუუქმდებათ სოცდახმარება.

    მთავრობის ახალი გუნდის ჩამოყალიბების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას სულ სხვაგვარი ცვლილებები აქვს მომზადებული, რომლის თანახმადაც, 1000 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებს სოცდახმარება შეუნარჩუნდებათ. ამის მიზეზი ბენეფიციარების მხრიდან სამუშაოზე დახმარების მოხსნის შიშით უარის თქმაა.

    მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე ადასტურებს, რომ მინისტრმა შეხვედრაზე მსგავსი ინფორმაცია გააჟღერა.

    "ამ ადამიანებს ბიზნესი, პრაქტიკულად, ვერ ქირაობს. ისინი ვერც ბიზნესს იწყებენ და ვერც ბიზნესისთვის არიან რეალურად სამუშაო ძალა იქიდან გამომდინარე, რომ 1 ლარიც თუ დაუფიქსირდებათ შემოსავალი, დახმარება უუქმდებათ. ამიტომ თავად გთავაზობენ, რომ გაუფორმებლად იმუშაონ, ბიზნესს კი ასეთი რამ ხელს არ აძლევს. აქედან გამომდინარე, ეს ბარიერია.

    ეკონომიკის მინისტრთან საუბარი იყო, რომ 1000 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში მიიღოს დახმარებაც და შრომის ანაზღაურებაც, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს შემწეობა მოეხსნას", - აცხადებს ჭელიძე.

    შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ კანონპროექტში საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ჩანაწერი არსებობს, თუმცა მასზე მსჯელობა მიმდინარეობს და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

    "ეკონომიკის სამინისტროდან მიღებული გვაქვს კომენტარები, თუმცა საკითხი ჯერ ბოლომდე არ განხილულა. ეს პრინციპი ჩადებულია როგორც საერთაშორისო პრინციპი, მაგრამ ვისზე გავრცელდება და როგორი პირობებით განხორციელდება, ამჟამად ეს გადაწყვეტილი არ არის. მაგალითად, შეიძლება, პირი იყოს შრომისუნარიანი, მაგრამ ამასთანავე უვლიდეს შშმ პირს. ასეთ შემთხვევაში ის ვერ წავა სამსახურში. ასეთი დეტალები უნდა იყოს გათვალისწინებული.

    კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შეთავაზებული სამსახური ხელფასის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, პროფესიისა და უნარების გათვალისწინებით ადეკვატური უნდა იყოს. თუ ოჯახში არსებობს შრომისუნარიანი ადამიანი, რომლის ადეკვატური სამსახური ვერ მოიძებნა, მაშინ მან უნდა მიიღოს სახელმწიფოსგან შესაბამისი მომსახურება, მაგალითად, გადამზადდეს შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად. სახლში არ უნდა იჯდეს და არ უნდა ელოდებოდეს სოციალურ დახმარებას", - განაცხადა ჯგერენაიამ.

    შესაძლებელია თუ არა, ეს ორი კანონპროექტი ერთად განხორციელდეს და რა ცვლილებები შევა ეკონომიკური გუნდის დღის წესრიგში, ჯერჯერობით უცნობია. რამდენად რეალურია კანონის მსგავსი პროექტის განხორციელება და რამდენად აქვს სახელმწიფოს რესურსი, იმ ადმიანებზეც იზრუნოს, ვისაც სტაბილური შემოსავალი აქვს, ეს კითხვებს ბადებს.

    ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა აროშიძე "რეზონანსთან" საუბრისას მოსალოდნელ უარყოფით მომენტებზე საუბრობს. მისი აზრით, მოსახლეობაში იგი გამოიწვევს გაუგებრობას და ყოველი მეორე გადაწყვეტს სოციალური დახმარების მიღებას, რასაც ქვეყნის ბიუჯეტი ნამდვილად ვერ გასწვდება:

    "საერთოდ ვერ ვხედავ ამ ყველაფერში ვერანაირ ლოგიკას, რადგან 1000 ლარი არის ის შემოსავალი, რომ ასეთი ტიპის ადამიანმა კიდევ დამატებითი სარგებელი არ მოითხოვოს სახელმწიფოსგან. ჩვენს ქვეყანაში 1000-ლარიანი ანაზღაურება არ ითვლება დაბალ შემოსავლად. სოციალური დახმარება უნდა იყოს იმისთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და არა იმათთვის, ვინც დამატებით შემოსავალს ეძებს და მუშაობა ეზარება.

    ახლა ვინც დახმარებას იღებს, მათ არ აქვთ მუშაობის სურვილი და შეთავაზებებზეც უარს ამბობენ, რადგან ეშინიათ, სახელმწიფომ არ მოუხსნას შეღავათი. ამ ადამიანებს, ვისაც ეს თანხა ერიცხებათ, მუშაობის უფლებაც უნდა ჰქონდეთ და მხოლოდ იმ თანხის იმედად არ უნდა იყვნენ, მაგრამ დასაცავია გარკვეული ზღვარი.

    სახელმწიფო ასე არ უნდა არიგებდეს ფულს. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ნამდვილად არ არის ამ ყველაფრისთვის მზად", - აღნიშნა აროშიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved