სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    1 ტომარაზე ფასმა 4-5 ლარით მოიმატა და ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში ხორბლის კარგი მოსავალია
    ნათია ლომიძე
    07.08.2018

     ფქვილის ფასმა ბოლო კვირის განმავლობაში 1 ტომარაზე 4 ლარით მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ალოობაა და ახლა ხორბლის მოსავლის დაბინავების დროა, ფქვილის ფასს ეს არ შეტყობია. მეპურეები გაძვირებას ახსნას ვერ უძებნიან. რაც შეეხება პურპროდუქტებზე ფასის შესაძლო გაზრდას, ამაზე მეწარმეები ჯერ ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ნებისმიერი ცვლილება, როგორც საბითუმო, ასევე სარეალიზაციო, ღირებულებაზე აისახება.

    ქვეყანაში გენმოდიფიცირებაზე ანალიზი, რომელიც აქამდე უფასო იყო, მთავრობის დადგენილებით, ფასიანი გახდა. ანალიზი ხორბლით დატვირთულ ყველა მანქანას უნდა ჩაუტარდეს, რაც 250 ლარი ჯდება. ხორბლის იმპორტიორებმა ამის გამო ფქვილის ფასის მატება ამ გადასახადის დაწესებისთანავე ივარაუდეს. მათი აზრით, ასეთი მიდგომა პროდუქტის ხელოვნური გაძვირებაა.

    მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ნებისმიერ სფეროში ნებისმიერი რეგულაცია, საბითუმო და სარეალიზაციო ფასზე ასახვას ჰპოვებს, თუმცა მზა პროდუქტის გაძვირებაზე ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერს ამბობს. მასვე საუბარი უჭირს ფქვილის გაძვირებაზეც, რადგან ახლა ხორბლის სეზონია და ფქვილი არ უნდა გაძვირებულიყო.

    "1 ტომარა ფქვილი 4-5 ლარით არის გაძვირებული. ახლა გვაქვს სეზონი, ალოობა. ასეთ დროს ფასი ყველგან იკლებს და მათ შორის - ჩვენთანაც. გასაგებია, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, მაგალითად, ავსტრალიაში მოსავალი ცუდი მოვიდა და მსოფლიო ბაზარზე ცოტათი ფასი გაზრდილია, მაგრამ ჩვენი ძირითადი მომწოდებელი არის მეზობელი რუსეთი.

    ამბობენ, რომ რუსეთშიც 25%-ით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით მოსავალი, მაგრამ რუსეთს იმაზე გაცილებით მეტი მოსავალი მოჰყავს, ვიდრე სჭირდება. მას თუ სჭირდება 70 მლნ ტონა თავისი ქვეყნისთვის, მოჰყავს ორჯერ მეტი და დანარჩენს ყიდის. შარშან ყველაზე მეტი რუსეთისგან თურქეთმა იყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთისგან შორსაა, მაინც მისგან შეიძინა.

    ფიტოსანიტარიულ კონტროლზეც ფასი დაწესდა. ბარიერების შექმნა, რა თქმა უნდა, აძვირებს პროდუქტს. მაგალითად, აზერბაიჯანმა თავის დროზე დღგ საერთოდ მოხსნა, ხორბალი რომ არ გაძვირებულიყო. მე ვთვლი, რომ კვების პროდუქტებზე დამატებული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს. ეს არის მომხმარებლის ჯიბიდან ამოღებული ფული. მე მაქვს ინფორმაცია, რომ საბაჟოზე ფიტოსანიტარიული კონტროლის გამო, ფერხდება მანქანების მოძრაობა და მძღოლებს აღარ უნდათ ამ ბარიერის გამო გადასვლა და ხორბლის წამოღება. ხელოვნურად ვქმნით იმ პრობლემებს დღეს, რაც გვაქვს.

    დღეს უკვე 4 ლარითაა გაძვირებული ფქვილი. ძალიან ბევრი არ ითვალისწინებს მცხობელების სიტუაციას. ამბობენ, რომ თუკი 1 ტომარა 45 ლარამდე ღირს, პურის ბიზნესი თავის მარჟაში ეტევა. ეს ასე აღარ არის. ვეღარ ჯდება ამ თვითღირებულებაში, რადგან გაძვირდა საწვავი, ენერგომატარებლები (რაიონებში), ხორბალს წინათ რომ 30 თეთრად აბარებენ, ახლა 40 თეთრი ღირს. არც იმას არ ითვალისწინებენ, რომ რეალიზატორებს 5 თეთრი აღარ აკმაყოფილებთ, მათ 10 ან 15 თეთრი თუ არ დარჩათ მოგება, პურს არ გაგიყიდიან", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" დოლიძემ.

    რა მიზეზებმა განაპირობა ფქვილის გაძვირება, ამაზე პასუხი არც "იფქლში" აქვთ. საწარმოს ხელმძღვანელი ბაქარ ბაკურაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ ამ ეტაპზე მარაგი გააჩნიათ და მზა პროდუქტი არ გაძვირდება, თუმცა რა იქნება სამომავლოდ, კონკრეტული პასუხის გაცემა უძნელდება.

    "ჩვენ გვაქვს პურის ქარხანა და ვადასტურებთ, რომ ფქვილის ფასმა მოიმატა და ცოტა გასაკვირია, რატომ მოხდა ეს მაშინ, როდესაც სეზონია და მოსავლის აღების პერიოდია. ეს არა მარტო ჩვენთვის, ყველასთვის უცნობი და გასაკვირია.

    რაც შეეხება იმას, გაძვირდება თუ არა ამის გამო პურპროდუქტები, ეს უკვე მომავლის საკითხია. ჯერ მარაგი გვაქვს, რამდენიმე თვის და ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ ფასის ზრდას. მარაგი რომ ამოგვეწურება, მერე რა ეღირება ფქვილი, იმაზეა დამოკიდებული ჩვენი პროდუქტის ფასიც. ხშირია აწევა და მერე ისევ ვარდნა, ამიტომ ჯერ ვერაფერს ვიტყვი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ბაკურაძემ.

    ფქვილზე ფასის ზრდა საკონდიტროებისა და საცხობების მზა პროდუქციაზეც აისახება. ლელა იაკობიძეს თბილისის ერთ-ერთ უბანში საკუთარი საცხობი აქვს. როგორც იგი ამბობს, ფქვილზე ფასის მატება მის პროდუქციასაც გააძვირებს.

    "შეიძლება იფიქრონ, რომ ფქვილის გაძვირება გვაწყობს, რადგან მიზეზი გვექნება, ჩვენი პროდუქტი უფრო ძვირად გავყიდოთ, მაგრამ ასე არ არის, მით უმეტეს - ზაფხულში, როდესაც ქალაქი დაცლილია და, ფაქტობრივად, ვერაფერს ვყიდით.

    რამ განაპირობა ფქვილზე ფასის ზრდა მაშინ, როდესაც ხორბლის სეზონია, ჩვენთვის უცნობი და ცოტა გაუგებარია. ამ ეტაპზე გაძვირებას არ ვაპირებთ, თუმცა ეს ტენდენცია თუ არ შეიცვალა, მოგვიწევს, ფასებს გადავხედოთ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას იაკობიძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved