სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მეზობელ ქვეყანაში საშინელი ფინანსური კრიზისია, ლირის დევალვაციის შეჩერება ვერ ხერხდება
    ნათია ლომიძე
    08.08.2018

     თურქეთი სავალუტო კოლაფსის პირასაა. წლის დასაწყისიდან ლირა 43%-ით გაუფასურდა. წინ შემოდგომისა და ზამთრის მძიმე თვეებია, რამაც შეიძლება, დევალვაცია კიდევ უფრო გააძლიეროს. სავარაუდოა, რომ საქართველოში გაიაფებული თურქული საქონელი მასობრივად შემოვა, რაც იმპორტის წილს გაზრდის, თუმცა იმპორტიორები იმასაც ამბობენ, რომ ბაზარზე ფასების დაცემა მოსალოდნელი არ არის.

    თურქული ლირა დოლართან რეკორდულად გაუფასურდა. მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, გადახედოს აქამდე მოქმედ ნორმას თურქული პროდუქციის ამერიკის ბაზარზე საბაჟო ნებართვის გარეშე შეტანასთან დაკავშირებით. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ასეთმა ცვლილებამ თურქული ექსპორტი შესაძლოა, 1.7 მილიარდი დოლარით აზარალოს.

    თავის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება თურქეთისთვის საპასუხო გამოდგა, რადგან წინა კვირას ოფიციალურმა ანკარამ ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები გაზარდა, ამ ნაბიჯს კი წინ ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე ტრამპის მიერ გაზრდილი გადასახადები უძღოდა. თურქული ლირა დოლართან მიმართებით მარტო ბოლო 1 თვეში 11%-ით გაუფასურდა, ორშაბათს კი მეზობელი ვალუტა კიდევ 5%-ით დაეცა, რაც ერთ დღეში ყველაზე დიდი გაუფასურება აღმოჩნდა. ამჟმად 1 დოლარი დაახლოებით 5.30 ლირა ღირს.

    ბოლო ერთი თვის განმავლობაში თურქული ვალუტა თავბრუდამხვევი სისწრაფით ეცემა და 4.80-დან 5.30-მდე გაუფასურდა. კიდევ უფრო შემაშფოთებელია 2018 წლის მონაცემები. 2018 წლის იანვრის დასაწყისში 1 დოლარი მხოლოდ 3,73 ლირას უტოლდებოდა, 7 თვეში კი მან 43%-იანი დევალვაცია განიცადა. ელვისებურ გაუფასურებას თან სდევს ინფლაციაც, რომელმაც ივლისში 12%-ს მიაღწია.

    თურქეთი მწარმოებელი ქვეყნაა. როგორც წესი, მკვეთრი დევალვაციის დროს ადგილობრივი საქონელი იაფდება და კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, საქონელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანონ. შესაბამისად, იაფი თურქული პროდუქცია საქართველოშიც მასობრივად შემოვა. ასეთ ტენდენციას ადასტურებს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია, თუმცა იგი ეჭვობს, რომ შეიძლება, პრობლემა შექმნას საწვავის მაღალმა ფასმა, რომლის წილიც დისტრიბუციაში მნიშვნელოვანია, ეს კი ხელს შეუშლის მოსახლეობას, თურქეთიდან იმპორტირებული ნაწარმი შემცირებული ფასით მიიღოს.

    "თურქული ლირის გაუფასურების შემდეგ ლოგიკურია, იმპორტირებულ პროდუქტზე (რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის) ფასები შემცირდეს. ძირითადად ასე ხდება, როდესაც ადგილობრივი ვალუტა უფასურდება, იმპორტირებულ პროდუქტზე ფასი იკლებს, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ იქაც კი არ ხდება ადეკვატურად ღირებულების შემცირება, როგორც შეიძლება კურსის მიხედვით ყოფილიყო. ნაწილობრივ თურქებიც უცხოურ ვალუტაზე არიან დამოკიდებულნი.

    წინ გველოდება შემოდგომა, როცა ხშირად მეზობელი ქვეყნების ვალუტები იწყებენ რყევას. ჩვენთანაც იგივე პროცესია მოსალოდნელი. ასეთ დროს ფასების დასტაბილურება ძნელია, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ. ეს ჩვენთვის, იმპორტიორებისთვისაც ძალიან რთული პროცესია.

    გასათვალისწინებელია საწვავის ფასიც, რომელიც ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია პროდუქციის თვითღირებულებისა. ასე რომ, შეიძლება, ამ კომპონენტმა გაიაფებული იმპორტი დააბალანსოს, რადგან საკმაოდ გაძვირებულია ტრანსპორტირება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჭყონიამ.

    თურქული საქონლის წილი საქართველოს ბაზარზე ნამდვილად გაიზრდება, რადგან ლირის გაუფასურების გამო, მისი ღირებულება დაიკლებს. ფინანსისტ ირაკლი ბერძენაძის აზრით, მეზობელი ქვეყნის ვალუტის გაუფასურება ყველაზე დიდ პრობლემას იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეუქმნის, რადგან მათი ხელფასი ლარში შემცირდება.

    თურქეთიდან იმპირტირებული იაფი საქონელი ადგილობრივ ბაზარზე გავლენას ნამდვილად მოახდენს. რეალურად, პროდუქციის ღირებულება უნდა შემცირდეს და თავად პროდუქტის წილი გაიზარდოს.

    "თურქეთში ლირის გაუფასურების ტენდენცია არის გამოკვეთილი და ეს გაგრძელდება, რადგან ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. როგორც ჩანს, ადგილობრივ მთავრობას აღარ შეუძლია, პრობლემებს გაუმკლავდეს. პირველ რიგში, დევალვაცია აისახება ქართველ ემიგრანტებზე, რომლებიც თურქეთში მუშაობენ. მაგალითისთვის, თუ ისინი იღებდნენ 1500 ლირას და ეს იყო მაგალითად ჩვენს ფულზე 1000 ლარი, დღეს უკვე არის 700 ლარი.

    თურქეთის ეკონომიკა არის აწყობილი შიდა წარმოებაზე, ამიტომ ამ კუთხითაც აუცილებლად იქნება ცვლილებები. თურქეთიდან იმპორტი რეალურად უნდა გაიაფდეს, პროდუქციის ღირებულება უნდა შემცირდეს და თავად იმპორტის წილი გაიზარდოს. მეორე მომენტია, საქართველოში რამდენად დაიკლებს შემოტანილი საქონლის სარეალიზაციო ფასი. მე პირადად ამის მოლოდინი დიდად არ მაქვს.

    აშკარაა, რომ თურქეთი მაქსიმალურად გადავა საგარეო ვაჭრობაზე. მათი სამიზნე მეზობელ ქვეყნებთან ერთად, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა იქნება. თურქეთში კრიზისი ნამდვილად არის, თუმცა მე ეს დროებითი მგონია", - განუცხადა "რეზონანსს" ბერძენაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved