სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ისინი საღამოს საათებში მეტროსადგურებთან ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და წვრილმან ნივთებს ყიდიან
    თეო გუდავაძე
    09.08.2018

     დედაქალაქში გარემოვაჭრეები ისევ მომრავლდნენ, მაგრამ ამჯერად, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ქუჩაში პროდუქციის გაყიდვით უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან დაკავებული. ინდოელებმა და პაკისტანელებმა უპრობლემოდ დაიკავეს მეტროს მიმდებარე ტერიტორიები და არც მერიის მიერ დაწესებულ ჯარიმებს უშინდებიან.

    ქართველი გარემოვაჭრეების პარარელურად, თბილისის მეტროსადგურებსა და სხვადასხვა ტერიტორიაზე უკვე მრავლად შეინიშნებიან უცხოელებიც, რომლებიც სხვადასხვა საქონელს ყიდიან. იმ დროს, როდესაც გარევაჭრობა აკრძალულია ადგილობრივებისთვის, ეს არ ემჩნევა თბილისის სხვადასხვა უბანს. ქუჩებში გამოჩნდნენ ინდოელი და პაკისტანელი მოვაჭრეები, რომელთა წილი საკმაოდ მაღალია. ისინი თავიანთ პროდუქციას საკმაოდ დაბალ ფასში ყიდიან. მათი ასორტიმენტი, ძირითადად, ტანსაცმელი და ფეხსაცმელია და იმაზე გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე ადგილობრივების მიერ შეთავაზებული პროდუქცია. ფასის გათვალისწინებით, შესაძლოა, პროდუქცია კონტრაბანდულიც იყოს, თუმცა ამას კონტროლს ვერავინ უწევს.

    უცხოელი გარემოვაჭრეები კონკურენციას უწევენ ადგილობრივ ბაზარს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ადგილი ნაქირავები აქვთ და თვიდან თვემდე ქირის ფულის გადახდა უწევთ. პაკისტანელ და ინდოელ გარემოვაჭრეებს უმეტესად მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოაქვთ თავიანთი პროდუქცია ღამის საათებში, მაშინ, როდესაც იციან, რომ არავინ არის მათი გამკონტროლებელი და დამჯარიმებელი.

    გამოდის, რომ გარევაჭრობის მხრივ ვითარება დედაქალაქში მაინც ვერ დარეგულირდა. მთავრობისა და მერიის დიდმა მცდელობამ გარკვეული შედეგი მოიტანა, მაგრამ ვითარება ამ მხრივ სრულად ვერ გამოსწორდა. ამიტომ სპეციალისტები გამოსავალს სხვა მიმართულებით ხედავენ. უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობა ლოიალურად უნდა განეწყოს გარემოვაჭრეების მიმართ და შეეგუოს მათ არსებობას, რადგან მათი საქმიანობა ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაზე მხოლოდ დადებითად აისახება:

    "გარევაჭრობასთან ბრძოლა სულაც არ არის საჭირო, მას სჭირდება რეაგულაცია და თავისი სპეციფიკური მიდგომა. მსოფლიოს ყველა ევროპულ ქვეყანაში ეს საკითხი ძალიან მაღალ დონეზეა მოგვარებული და ყველგან არიან გარემოვაჭრეები. ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს ცივილური ფორმა, რისთვისაც საჭიროა სათანადო სამართლებრივი აქტის მიღება, რისი ავტორიც მე გახლავართ. კანონპროექტი ერთი მოსმენით უკვე მიღებულია პარლამენტში, მაგრამ, სამწუხაროდ, განზრახ შეაჩერეს, რადგან ჩათვალეს, რომ გარემოვაჭრეები არიან მათი მტრები, კერძოდ კი დიდი სავაჭრო ცენტრების კონკურენტები.

    აუცილებელია, რომ ხელისუფლება იყოს ლოიალურად განწყობილი გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით და ამ ყველაფერს ჰქონდეს ის ცივილური სახე, რაც სხვა ქვეყნებში აქვს. ამის პრაქტიკა ბევრგან არსებობს და შეუძლიათ, მაგალითი აიღონ. პარლამენტში მიიჩნევენ, რომ ყველა სფეროში მათ უნდა ჰქონდეთ მონოპოლია, მათ შორის - ქუჩის ვაჭრობის თემაში და ამიტომაც დაერივნენ გარემოვაჭრეებს. ასე იქცეოდა წინა ხელისუფლებაც და ასე იქცევა ამჟამინდელიც.

    სახელმწიფომ უნდა გაიაზროს გარემოვაჭრეების როლი. რაც მეტი გამყიდველია, მით ნაკლებია ფასი და ასევე, რაც მეტი სავაჭრო წერტილია, მით უფრო მაღალია ხარისხი. ეს არის ელემენტარული პრინციპი ეკონომიკისა, რაც კარგად უნდა ესმოდეს სახელმწიფოს", - განუცხადა "რეზონანსს" ჩხარტიშვილმა.

    ბოლო დროს მთავრობა გარევაჭრობას აქტიურად ებრძვის. 2018 წლის მაისში თბილისში რეიდებიც მოეწყო. შესაბამისი ნებართვის გარეშე ვაჭრობა ისჯება 20-დან 50 ლარამდე ჯარიმით, ხოლო თუ გარემოვაჭრე არ დაემორჩილება სამართალდამცველის მოთხოვნას, ამ შემთხვევაში ჯარიმა 50-დან 100 ლარამდეა ანდა დარღვევა 7-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.

    მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ რეგულაციები არ შეცვლილა და კვლავ განაგრძობენ გარევაჭრეობის აღკვეთას.

    "რეგულაციები არ შეცვლილა, ისევ განვაგრძობთ გარევაჭრობასთან ბრძოლას. გარდა ამისა, არსებობს "ცხელი ხაზი", სადაც მსგავსი ინფორმაციების მიწოდება ხდება. თუ სადმე, კონკრეტულ ტერიტორიაზე შეინიშნება მსგავსი ფაქტები, ზედამხედველობის სამსახური მუშაობს ამაზე. საღამოს რვა საათამდე ადამიანების ჯგუფი ამოწმებს, გარემოვაჭრეები დგანან თუ არა ქუჩებში, ჯერჯერობით ფიზიკურად არ არის იმის რესურსი, რომ მთელი დღე-ღამის განმავლობაში შემოწმდეს ტერიტორიები.

    თუკი მოვაჭრეები რვა საათის შემდეგ გამოდიან, არსებობს "ცხელი ხაზი", სადაც ყველას შეუძლია, დარეკოს და მერიის ზედამხდველობის სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას. ჯარიმებიც იმავე რაოდენობისაა, რაც აქამდე იყო და დღის განმავლობაში ნამდვილად არ სხედან გარემოვაჭრეები მეტროსადგურებთან", - განუცხადეს "რეზონანსს" მერიის ზედამხედველობის სამსახურში.

    გარემოვაჭრეები კი ფიქრობენ, რომ უხეშად ირღვევა მათი უფლებები და სახელმწიფოს არ აქვს უფლება, შრომა შეუზღუდოს ადამიანებს. მათი უმრავლესობისთვის ეს ერთადერთი წყაროა, რითიც ფულს შოულობენ. მადონა კვებლიანი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ტანსაცმელს ყიდის:

    "ასე რატომ ებრძვიან გარემოვაჭრეებს, ვერ ვხვდები. ისედაც უმუშევრობის პიკია ამ ქვეყანაში და იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ადამიანებს ხელს უწყობდეს მუშაობაში, ესენი, პირიქით, ხელს გვიშლიან და ერთადერთ საარსებო წყაროს გვიკეტავენ. მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ ფართის იჯარის ან ქირის თანხა ვიხადო. ქუჩაში დგომა ნამდვილად არ მახარებს, ვიცი, რომ ხშირად ტარდება რეიდები და ისე დაგვდევენ, როგორც დამნაშავეებს. ამიტომ ვცდილობ, საღამოს საათებში გავიდე და ამ დროს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მადონა კვებლიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved