სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თბილისისათვის ეს ნორმა 2019 წლიდან უნდა დამტკიცდეს
    ნათია ლომიძე
    11.08.2018

     არქიტექტორების სერტიფიცირებამდე რამდენიმე თვე დარჩა, ეს ნაბიჯი კი ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია. შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, მშენებლების სერტიფიცირება იქნება. არქიტექტორები და სამშენებლო სფეროს სპეციალისტები გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ სამშენებლო სფეროზე რამდენიმე რეგულაციის ერთბაშად გატარება ბიზნესს მძიმედ აწვება.

    დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტორულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივა განიხილეს, რომელიც არქიტექტორთა სერტიფიცირების საკანონმდებლო რეგულირებას შეეხებოდა.

    თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, სივრცითი მოწყობის შესახებ ახალი კანონმდებლობა არქიტექტორთა სერტიფიცირების ვალდებულებას ისედაც ითვალისწინებს და მისი ამოქმედება 2020 წლის ივლისისთვის იგეგმება, თბილისის მერია კი ითხოვს, დედაქალაქში სერტიფიცირების ვადა 2019 წლის იანვრისთვის გადმოსწიონ.

    "თბილისის მერია რამდენიმე მიმართულებით აქტიურ სამუშაოებს ატარებს და ერთ-ერთი სფერო სამშენებლო სექტორი და არქიტექტურის განვითარებაა. ამ კუთხით რიგი ნაბიჯები უკვე გადადგა და ამ ეტაპზე გვაქვს შესაძლებლობა, რომ სერტიფიცირების პროცესი უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან ავამოქმედოთ", - განაცხადა ხმალაძემ.

    თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სამშენებლო კოდექსშიც მითითებულია, რომ სერტიფიცირება აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ამასთანავე, შემდეგი ნაბიჯი, დიდი ალბათობით, უკვე მშენებლების სერტიფიცირება იქნება.

    "დიდი ხანია, არქიტექტორთა კავშირი ამზადებს კონკრეტულ წინადადებებს, რომ პროცესი დაიწყოს. მთელ მსოფლიოშია არქიტექტორების სერტიფიცირება და პარალელურად სამშენებლო კოდექსშიც მითითებულია, რომ საქართელოში ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

    კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით კარგია ეს ნაბიჯი, მაგრამ მას უნდა მოჰყვეს კონკრეტულად მეთოდოლოგია, როგორ უნდა ჩატარდეს, წესი უნდა იყოს ზუსტად გაწერილი. სამუშაო ვერსია არსებობს, რომ მაგისტრატურა ჰქონდეს დასრულებული პიროვნებას. პარალელურად, არ არის გამორიცხული და სწორიც იქნება, გამოცდებიც რომ ჩატარდეს.

    იმ არქიტექტორს, ვინც ვერ გაივლის სერტიფიცირებას, პირადად არ ექნება პროექტის ხელმძღვანელობის უფლება, თორემ შეიძლება, სხვისი ხელმძღვანელობით იმუშაოს. არ არის გამორიცხული და საჭიროცაა, შემდეგი ნაბიჯი იყოს მშენებლების სერტიფიცირებაც", - განუცხადა "რეზონანსს" ბოლქვაძემ.

    მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილიც არქიტექტორების სერტიფიცირებას (ისევე, როგორც სხვა სფეროს წარმომადგენლების) მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მანამ სხვა ძირეული პრობლემებია მოსაგვარებელი, რამდენიმე რეგულაციის ერთად ამოქმედება კი სამშენებლო ბაზარს მძიმე დღეში ჩააგდებს.

    "მინდა დავრწმუნდე, რას მოგვცემს და რა პრობლემის პრევენციაა არქიტექტორების სერტიფიცირება. მე როგორც ვამჩნევ, ყველა რეგულაცია და ცვლილება ერთიანად დაატყდა სამშენებლო სფეროს. ეს საჭიროა, მაგრამ ცოტა მტკივნეულია დარგისთვის.

    ზოგადად სერტიფიცირება ყველა დარგს უნდა მოიცავდეს: მასწავლებელს, ექიმს, პოლიციელს, პოლიტიკოსსაც კი. ეს ბუნებრივი პროცესია. თუკი დამწყები არქიტექტორია, მას არ აძლევენ უფლებას, გააკეთოს დიდი თეატრი, იწყებს რაღაც პატარა საქმით, ეს თავისთავად დროთა განმავლობაში რეგულირდება.

    სერტიფიცირება მგონია მეხუთე, მეექვსე ნაბიჯი ამ საქმეში, მანამ სხვა რაღაცები უნდა გამოსწორდეს, ბოლოს კი მივხედოთ ამასაც. ჩვენ თუ გვინდა დანგრეული ქვეყნის მშენებლობა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, სხვა საკითხებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მაგალითად, 10 საათზე კი არ უნდა ვიწყებდეთ მუშაობას, არამედ - 7-8-ზე, პარლამენტი 12-ზე კი არ უნდა იღვიძებდეს, არამედ - 8-ზე. ამაში მივბაძოთ ევროპას, დროის დასაკარგად არ აქვს ჩვენს ქვეყანას საქმე", - განუცხადა "რეზონანსს" როსტომაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved